სანდრო მაისურაძე

სანდრო მაისურაძე
სანდრო მაისურაძე
სანდრო მაისურაძე
სანდრო მაისურაძე
სანდრო მაისურაძე
2018 წლის 19 დეკემბერს თავისუფალი საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრის, ეროვნული გვარდიის მთავარი შტაბის თავმჯდომარის მოადგილის ალექსანდრე (სანდრო) მაისურაძის დაღუპვიდან 100 წლისთავია.
სანდრო მაისურაძე დაიბადა 1883 წელს ქართლის ულამაზეს სოფელ დვირში. მშობლები ადრეულ ასაკში გარდაეცვალა. მან დაიწყო მუშაობა, ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარ სახელოსნოში ზეინკლად. სადაც იგი გაიტაცა რევოლუციურმა იდეებმა და ჩაება მუშათა მოძრაობაში.
1905-1906 წლებში სანდრო დააპატიმრეს და ჩასვეს მეტეხის ციხეში. 1908 წელს გადაასახლეს ვოლოგდის გუბერნიაში, საიდანაც ის მხოლოდ 1913 წელს დაბრუნდა და განაგრძო შეუპოვარი ბრძოლა მეფის რეჟიმის წინააღმდეგ.
1917 წლის დასაწყისში სანდრო უკვე ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი აქტიური მეთაური და ეროვნული გვარდიის მთავარი შტაბის თავმჯდომარის მოადგილეა.
მთავარი შტაბი
სახალხო გვარდიას მართავდა მთავარი შტაბი, რომელსაც ირჩევდა გვარდიის ყრილობა ერთი წლის ვადით და ამტკიცებდა მთავრობა.
მთავარი შტაბი მთავრობის თავმჯდომარის მეშვეობით პირდაპირ ექვემდებარებოდა რესბუბლიკის მთავრობას, ხოლო მთავრობის სხდომაზე გვარდია წარმოდგენილი იყო ერთი სათათბირო ხმით.
მთავარ შტაბს ემორჩილებოდა საოლქო, ხოლო საოლქოს სარაიონო შტაბები. როგორც საოლქო, ასევე სარაიონი შტაბები არჩევითი იყო ერთი წლის ვადით. ამ შტაბებში სხვადასხვა პროფესიის ათასამდე ადამიანი მუშაობდა. გვარდიის მობილიზაციის უფლება მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარეს – უკიდურეს შემთხვევაში კი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს, ან გვარდიის მთავარ შტაბს ჰქონდა, რომელიც რუსთაველის პროსპექტზე, მთავრობის სასახლეში იყო განთავსებული.
შტაბის შემადგენლობა:
ნოე ჟორდანია (საპატიო თავმჯდომარე)
ვალიკო ჯუღელი (თავმჯდომარე)
ალექსანდრე დგებუაძე (მოადგილე)
ალექსანდრე მაისურაძე (მოადგილე)
ვლადიმერ ჯიბლაძე (მოადგილე)
ანდრო ჭიაბრიშვილი (მოადგილე)
დავით საღირაშვილი (მოადგილე)
რუბენ აუშტროვი (მდივანი)
გოგიტა ფაღავა (მდივანი)
ალექსანდრე ფარნიევი
ი. ქარცივაძე
ზაქარია გურული
ვ. გოგეშვილი
ე. სირბილაძე
იაკობ ხარაში
თ. შენგელია
მ. ვარდოიანი
ტ. ფარქოსაძე
ლ. რუხაძე
ვ. მუხარინსკი
1917 წლის ნოემბერში იგი როგორც ეროვნული გვარდიის მთავარი შტაბის თავმჯდომარის მოადგილე არჩეულ იქნა, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. ამის შემდეგ იგი გახდა საქართველოს პარლამენტის სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი.
სანდრო მაისურაძე დაიღუპა, სოფელ ეკატერინოფელდთან (ბოლნისის რაიონი), სომხეთის არმიის ნაწილებთან უთანასწორო ბრძოლაში. მასთან ერთად დაიღუპნენ სახალხო გვარდიელები: ნესტორ მიმინოშვილი, მიხეილ დავითაშვილი, ვლადიმერ ჩხეიძე, დავით გოდერძიშვილი და სხვები, სულ 31 გვარდიელი.
ალექსანდრე (სანდრო) მაისურაძე და მასთან ერთად დაღუპული გვარდიელები 1918 წლის 24 დეკემბერს დაკრძალეს თბილისში, ხუდადოვის ტყეში, საძმო სასაფლაოზე. დაკრძალვას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მთელი შემადგენლობა დაესწრო ნოე ჟორდანიას მეთაურობით.
სიტყვები წარმოთქვეს: შინაგან საქმეთა მინისტრმა - ნოე რამიშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ - კარლო ჩხეიძემ, ცნობილმა პუბლიცისტმა იოსებ იმედაშვილმა და სხვებმა.
პოეტმა ვ. რუხაძემ დაღუპულ გვარდიელებს მიუძღვნა ლექსი „ჯარს და გვარდიას“
საქართველოს შევარდნებო
დღეს თქვენ გიმღერთ ჩემი ქნარი:
თქვენ ხართ ერის მტკიცე ბურჯი,
თქვენ ხართ ერის მტკიცე ფარი,
არ დახაროთ მისი დროშა
ხელში გეპყრათ მუდამ მაღლა,
ვიდრე მტერი კარს გვადგია
არ იცოდეთ რაა დაღლა
დაე თქვენს შორის ტრიალებდეს
მარად სანდროს გმირი სული,
და სულს და გულს გიალებდეთ
უშიშრობის მოციქული.
მადლიერი ჩვენი ერი,
როს თავს თვისად დაიგულებს,
ვაშა ვაშას შემოგძახებთ
და მოგიძღვნით თაიგულებს!
და რად გინდათ სვა დიდება,
უფრო წმინდა უფრო ძველი
უკვდავებით შემოსილებს
დაგერქმევათ ერის მხსნელი!“

ps. მასალები მოიპოვეს და საგავრეულოკავშირს მოაწოდეს, მაისურაძეთა საგვარეულო კავშირის გამგეობის წევრებმა თენგიზ ივანეს-ძე მაისურაძემ, ბადრი მაისურაძემ და სანდრო მაისურაძის პირდაპირმა შთამომავალმა დავით მაისურაძემ
საგვარეულო კავშირი გთხოვთ, თუ ვინმეს გაგაჩნიათ რაიმე სახის ინფორმაცია, მაისურაძეთა საამაყო შვილის, სანდრო მაისურაძის შესახებ, მოგვაწოდოთ.

კომენტარები (0)

ინფორმაცია
მომხმარებლებს ჯგუფიდან სტუმრები, არ შეუძლიათ ამ თემაში კომენტარის წერა.
მაისურაძეთა საგვარეულო კავშირი