ივერი მაისურაძის პოეზია
გამოსულია ივერი მაისურაძის ლექსების ორი კრებული: „ქარამზე“ და „სახეცვალება“. მესამე კრებულს სულ მალე იხილავს მკითხველი
* * *
დივლი დალა დალები
და ლალის დალალები,
მიწვენა საძეობო,
შეწევნა საძალები.
მერე ნანა დანანა,
აინანას ნანები,
საურმაგის მოდგმისავ
ცრემლთან დამენანები.
გასწი! გაცი გაცივდა,
საბადაგე ბადაგონ
დამდაგონ! გამიგონე!
ჯავრით ჯვარზე გამაგონ.
მზე მთვარიდან მოვიდა,
მანვე ავნო მავნესა.
ზეცამ კვართა კარვიდან
აკვანზე დამაკვნესა.
დივლი დალა დალები
და ლალის დალალები,
დანანა აინანა
ვნანობ დამენანებით!
ვენახი
ქრისტეს შუბლიდან წვეთდა სისხლი,
ვერ შევამჩნიე....
ქრისტეს ხელიდან სისხლი სდენა,
ვერ შევამჩნიე.....
ქრისტეს ნეკნიდან სისხლისღვარი,
ვერ შევამჩნიე....
ქრისტეს ტერფებზე სისხლის წვეთი,
ვერ შევამჩნიე....
ქრისტეს ნაგვემი სხეული ჯვარზე,
ვერ შევამჩნიე....
ქრისტეს თვალებიც რემლიანი,
ვერ შევამჩნიე....
ქრისტეს ნათქვამი ბოლო სიტყვა,
ვერ გავიგონე.
ქრისტეს შევხედე და აზრებიც
ვერ შევარჩიე.
ქრისტეს ვუსმენდი, მოყვას სცოდვა
ვერ შევარჩინე.
ქრისტეს შევეხე, მეორე დღეს
ჩემ ძმას დავცინე.
ქრისტემ, რომ კრავი დამიტოვა,
მე ვერ ვარჩინე.
ქრისტე მმშვიდობაც დამიტოვა,
ომად ვაქციე.
ქრისტემ, რომ ღვინო მომაბარა,
ვღვარე, ვაქციე!
ქრისტემ, რომ ვაზი დამიტოვა?
ბედთან შევრიგდე?
ვაზი.....?! ვენახი......?!
ღმერთო შემინდე!
* * *
მე ქართველი ვარ!
სისხლით სავსე ჩემზე ასათლი,
ასე იყო და მჯერა ხვალაც
ასე ჩავთვლი მე,
მახსოვს,თვით ღმერთი როგორი დგა
ჩემს თავთან სანთლით,
მე კი კრწანისთან,
უსინდისომ,
მაინც ჩავთვლიმე.
შელოცვა
სამშობლო ქართა ქართა,
ფეხზე მეხები ქალიშ,
სადოლე ვგრიხე ქარა,
მოვთალე ჩხირი ქარა,
ქადა და კეცის ქარა,
გულშიც ეკალო ქარა.
ქადნა ქადინი მოქანდა,
მთხოვა დანა და ქალბანა,
ვითომ სიწმინდე საწმენდად,
მღვრიე ტყუილმა დამბანა.
ვნახე კიდე და ქალაბი,
მოველ ქალშავა ქალამდე,
ღმეთო წამისა წაიღე,
სასიყვარულო გადამდე.
ზღაპარი
მემკვიდრეს მერგო პეპელა,
ნახშირი ათი საპალნე.
შორ-შორი იყო სავალი,
საგზლად პეპელა დავკალ მე.
ფრთებისგან ვწურე მელანი,
სამ კვალზე ვსინჯესამკალზე.
გზა და გზაშენზე ვიფიქრე,
ასი ფურცელიც დავკალმე.
* * *
პიტნისსურნელს თავსვერვართმევ,
ჰაეროვანს, მოსალბუნეს...
მაშინროცავიტყვისათქმელს
მოვკვდები?
გთხოვმომაბრუნე.
* * *
სიძულვილი რადგან შენში მეტია,
სიტყვას მწარე ირონია მიუძღვის,
მე რას ვერჩი სტრიქონს სულით უმანკოს,
რომ სიძულვილს შენსას მხოლოდ მივუძღვნი.
რკალი
დამავიწყდა,მაგრამ მაინც გამახსენე,
გამახსენდა, მაგრამ უკვე დამავიწყდა,
საქანაოდ კაკლის ხეზე საქანელა,
გაიწელა მაშინ თოკი და გამიწყდა.
ვერ გავიგე კაკლის სული რად გამიწყრა.
მოგეფერო წამწამებზე საბოლოოდ,
მოვიგონოთ, ის რაც ერთად გვინანია.
გვიანია!
მაგრამ მაინც დამელოდე,
დამელოდე, თუმცა უკვე გვიანია.
შინ
ბარაბა.....?დარაბა , მათრახს რომ მალავდა.
ეს ჩემი ომია, ესჩემი მარაბდა.
ლამაზი ვარჯი აქვს აქ ყველ ახეხილს და
სმენას რომ ნიავი გალობას პარავდა.
ივნისში, იცოდე,ალბათ არ მეცლება.
წინასწარ ვფიქრობ და კვლავ ძალამ ეცლება.
ტალახში ეფლობა ფეხსაცმლის ლანჩები;
დღეს,..ვფიქრობ სჯობია
სოფელში დავრჩები.
* * *
ჯერ მოგიხელთებ უხილავ მკლავში
და ჩემი თაფლით თვალებს აგიხელ
მერე დამტოვებ ყაყაჩოს კვალში
და ვერ გავიგებ საით წამიხველ.
* * *
თეთრად ყვაოდნენ
ყვავილებიკუნელის.
ჩაძინებული გვირგვინზე გიპოვნე,
შენ სხეულს ჰქონდა სულის სურნელი.
* * *
კალამი თუ გამოვთალე მშვილდად,
კალამი თუ გადამექცა ლახტად,
ფრთიანები იქნებიან მშვიდად,
რქიანები დარჩებიან სახტად.
მელანი თუ გადამექცა ცოტა,
მელანი რად გადამექცა კუპრად,
გზა-გზა ვღვარე ნაგროვები გესლი,
უფალს შევთხოვ, ნუ დამრჩება უბრად.
ფურცელი თუ გამეშლება ზეცად,
ნაწერი თუ სხვას მიუვა ენად,
ვიტყვი ქარში შემძლებია ცურვა,
იტყვი ფსკერზე მისწავლია ფრენა.
***
რამდენი არშინი,
ფერადი არშია,
ამბორის დუქანში
არჩევანს არ შია
ტრფობათა ნაშიერს
დრონილს რა აშინებს,
მასთან ხომ ვნებაც ისევ ვალშია.
ცარიელ კალოზე ცისნამი იზამთრებს
და ალთოს სიმაღლე თუ ორი გოჯია,
აგიწევ ქოქომონს და გეტყვი მემრინას,
ამ გულში ჩავარდნას, ჩამომყვე სჯობია.
კომენტარები (0)