საქართველოს სახალხო მეტყევე
ივანე მაისურაძე (მაისუროვი)
(ინფორმაცია ხარაგაულის მუზეუმის მასალების მიხედვით)
ივანე მაისურაძე (მაისუროვი), პეტერბურგის სატყეო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ თითქმის ნახევარი საუკუნე ხარაგაულში საქმიანობდა . ახალგაზრდა სპეციალისტი ჯერ ქუთაისის გუბერნიის სატყეო უწყებაში იწყებს მუშაობას. 1890 წლიდან კი სოფელ სახვლარში დამკვიდრდა. იგი თავდადებით იღვწოდა ჩვენი ქვეყნის ფლორის მოვლა- შენარჩუნებისათვის. ზემო იმერეთში მის სახელთანაა დაკავშირებული ისეთი კულტურების შემოტანა და გავრცელება როგორებიცაა: კარტოფილი; სოიო, ზოგიერთი ბაღჩეული კულტურა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი დამსახურება კულტურული მეფუტკრეობის დამკვიდრების საქმეში. ივანე მაისურაძეს მთის იმ პატარა სოფელში გამართული ჰქონდა სკოლა სადაც თავის გამოცდილებას და აკადემიურ ცოდნას უანგაროდ უნაწილებდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასულ დაინტერესებულ ადამიანებს, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ ეშრომათ სოფლის განვითარების მიმართულებით. მისი დიდი დამსახურებაა, რომ მომავალ თაობებს შეუნარჩუნა უნიკალური ტყის მასივები, რომელსაც დღეს ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი ჰქვია. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ კაცის ცხოვრება, რომელიც საზოგადოებისათვის უანგარო სამსხურის ნიმუშია, დღეისათვის ჯერ კიდე სათანადოდ არ არის შესწავლილი და დაფასებული. თუ არ ჩავთვლით ხარაგაულელი ცნობილი ჟურნალისტის თემურ ბლუაშვილის ცდას, რომელმაც მშვენიერი ნაშრომი -„ღვაწლი კაცისა“ მიუძღვნა მის ხსოვნას. ასევე მადლობის ღირსია ვერტყვიჭალელი ბიზნესმენი, ამჟამად უკრაინაში მოღვაწე დავით ვასილის ძე ბლიაძე, რომელმაც ამ წიგნის გამოცემა დააფინანსა.
ძალიან ბევრი რამ შეიძლება ითქვას ივანე მაისურაძის შესახებ. ამ ფრიად განათლებულ და ჰუმანურ პიროვნებას, ახლო ურთიერთობა ჰქონია იმ დროს მოწინავე და განათლებული საზოგადოების წარმომადგენლებთან. მას ბევრი მეგობარი ჰყავდა ქართველ მწერლებს შორის. მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა აკაკი წერეთელთან. იგი ყოველ შობა-ახალწელს საჩხერესა თუ ქუთაისში პოეტს სისტემატიურად ძღვნად უგზავნიდა ხარაგაულის თაფლს. თავის მხრივ აკაკი წერეთელიც არ აკლებდა მას მზრუნველობას. დიდი პოეტი აღფრთოვანებული იყო ივანე მაისურაძის საზოგადოებრივი საქმიანობით. მისი ღვაწლით მეფუტკრეობის განვითარების, კარტოფილის კულტურის გავრცელების საქმეში და რაც მნიშვნელოვანია, დიდად აფასებდა მის მეცენატობას. ივანემ არაერთ ახალგაზრდას ხელმოკლე ოჯახიდან გაუმართა ხელი, გაუკვლია გზა დიდი ცოდნისკენ. მას საკუთარი ოჯახი არ შეუქმნია და ბოლომდე დაიხარჯა საკუთარი ხალხის სამსახურში! ასე გალია მან თავისი შემოქმედებითი ცხოვრება.
როგორც ცნობილია, ივანე მაისურაძე ცნობილ ღუდუმექეთელ თაბუკაშვილებს ენათესავებოდა. მისი და სოფიო ცოლად ჰყავდა სახალხო მასწავლებელ- ტრიფონ თაბუკაშვილს, ჩვენი სახელოვანი მამულიშვილის რეზო თაბუკაშვილის ბაბუას.
აღსანიშნავია, რომ 1926 წელს ივანე მაისურაძეს პირველს მიენიჭა საქართველოს სახალხო მეტყევის წოდება. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ადგილობრივი კომკავშირლები მას მოსვენებას არ აძლევდნენ: არაერთგზის გაუძარცვეს საცხოვრებელი სახლი; დაუწვეს უნიკალური ლიტერატურით სავსე პირადი ბიბლიოთეკა და ა. შ.
1942 წელს 82 წლის ასაკში იგი გულნატკენი წავიდა ამ წუთისოფლიდან. როგორც ცნობილია, ის დაუკრძალავთ ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარში მდებარე სასაფლაოზე. როცა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებმა აღნიშნული პარკის გაფართოება გადაწყვიტეს, სხვებთან ერთად მისი საფლავიც ამოთხარეს და უგზო უკვლოდ გააქრეს...
P.S. – ამ მასალის მოპოვება მოხდა ქ-ნ ნინო დიდიძის დახმარებით და ბატონ ლევან გიორგის ძე კიკნაძის უშუალო მონაწილეობით, რისთვისაც ჩვენი საგვარეულო კავშირის სახელით მათთვის დიდი მადლობა მომიხსენებია.
გოგი მაისურაძე.
2019 წლის 14 მარტი.
ქ. თბილისი.
კომენტარები (0)