» » დ ი დ ი ო ჯ ა ხ ი

დ ი დ ი ო ჯ ა ხ ი

დ ი დ ი ო ჯ ა ხ ი
(მთხრობელი სკოლის პედაგოგი ცირა ნიავაძე-მაისურაძისა)

თავი 1. დარიშხანის საბადოს აღმოჩენა სოფელ ურავში.
ონის მაზრის ერთ უძველეს სოფელ წედისში მდებარეობდა წმინდა გიორგის სახელზე აშენებული ეკლესია, რომლის სასულიერო მსახურებს შორის იყო ხუცესი დავით მაისურაძე (ხუციაანთი), რომელიც თანასოფლელებს შორის კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა. მას მეტსახელად დევლეთას ეძახდნენ. ის იქ ცხოვრობდა მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში. მამა დავითი იყო ის პიროვნება, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებდა ეკლესიაში მრევლის მოსაზიდად და თუ რომელიმე მათგანს დახმარება ესაჭიროებოდა, ყოველთვის ცდილობდა ხელი გაემართა მისთვის.
რამდენადაც ცნობილია, მამა დევლეთას (დავითს) ორი შვილი ჰყავდა, რომლებიც ისეთივე მორწმუნენი იყვნენ როგორც მამა. ბავშვები როცა წამოიზარდნენ თავიანთი ოჯახები შექმნეს. სვიმონი მამის კვალს გაჰყვა და იმავე წედისის ეკლესიაში დამკვიდრდა.
მამაო სიმონმა ცოლად შეირთო შქმერელი ქალი სალომე. ქორწინებაში მათ შეეძინათ ოთხი ქალიშვილი: ეფროსინე; პოლისკა; ეკატერინე და თებრონე, ერთი ვაჟი- ნესტორი.
უფროსი დები ეფროსინე და პოლისკა 16-17 წლის ასკში გაათხოვეს. ეფროსინე სოფელ შქმერში ვინმე გაგნიძეზე, ხოლო პოლისკა ამბროლაურის რაიონის სოფელ ურავში ( ალექსი გობეჯიშვილზე). მათი ვაჟიშვილი შალვა 20 წლის ასაკში სამუშაოდ წავიდა ძაუ-ჯიყაუში (ქ.ვლადიკავკაზი) რა თქმა უნდა მოკლე გზით- საცალფეხო ბილიკებით. ის საეჭვო ვითარებაში გაუჩინარდა, დაიკარგა უგზო-უკვლოდ ისე, რომ მის შესახებ ახლობლებმა ვერაფერი ვერ გაიგეს. მავანნი ამბობდნენ, რომ გზად მიმავალს ალბათ ოსები შეხვდნენ, რომლებმაც ის ჯერ გაძარცვეს და მერე მოკლესო...
ეფროსინე მაისურაძე-გაგნიძისას გაუჩნდა სამი ვაჟი: სეფე (სერაპიონი); ფილიპე და ვანო (ვანიჩკა) და ერთი ქალიშვილი-პოპინა. ძმები სამივე ქ. თბილისში ცხოვრობდნენ, ხოლო პოპინა ცოლად გაჰყვა სოფ. ურავში მცხოვრებ ექვთიმე გოგრიჭიანს, რომლებიც მოგვიანებით მოხვდნენ გადასახლებაში აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ ახალსოფელში.
სამამულო ომიდან ძმები სეფე, ფილიპე, და ვანო საღ-სალამათი დაბრუნდნენ, ხოლო ვანიჩკა ინვალიდი (ცალფეხ მოჭრილი). მადლობა უფალს! რომ ის ოჯახს ცოცხალი დაუბრუნდა.
გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შემდეგ მათი ნათესავების უმრავლესობამ სხვებთან ერთად დატოვა საცხოვრებელი ადგილები. თუმცა ციცო და დავითი აფხაზეთში დარჩნენ გარკვეული ხნის განმავლობაში, მაგრამ აფხაზი სეპარატისტების ზეწოლის შედეგად მათ მაინც მოუხდათ ადგილსამყოფელის და ქონების იძულებით დატოვება...
ეკატერინე მაისურაძეს და გიგო რეხვიაშვილს სამი ვაჟი შეეძინათ. სამივე იქნა გაწვეული დიდ სამამულო ომში, საიდანაც ორი- სერაპიონი (სერაპო) და კონსტანტინე (კოწია) გმირულად დაიღუპნენ, ხოლო რაჟიკო ინვალიდი დაბრუნდა.
თავი 2.
ახლა გიამბობთ ნესტორ მაისურაძის (ხუციაანთი) შესახებ:
ნესტორ დავითის ძე მაისურაძე დაიბადა 1899 წელს ონის რაიონის სოფელ წედისში. როგორც უკვე აღვნიშნე, მისი მამა დევლეთ მაისურაძე სოფლის ეკლესიის ხუცესი იყო. იგი ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა. მის მეუღლეს შერჩა ხუთი ობოლო შვილი. მაშინ ნესტორი მხოლოდ ხუთი წლის ყოფილა. მისი უფროსი დები გათხოვების შემდეგ დედას შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ, მაგრამ სოფლიდან სოფელში საცალფეხო გზებით უსაფრთხოდ გადაადგილება ძალიან ჭირდა. მეზობელ ოსებს სისხლში ჰქონდათ გამჯდარი და ჩვევად ქცეული: ქურდობა, ადამიანების ძარცვა, გატაცება გამოსასყიდის გამოძალვის მიზნით. ისინი მთის ძირ სოფლებში ჯგუფ-ჯგუფად დაძრწოდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას აწიოკებდნენ...
იცოდა რა ამის შესახებ, პოლისკას მეუღლე ალექსი გობეჯიშვილმა, გადაწყვიტა მცირეწლოვანი ნესტორის სახიფათო ზონიდან მორიდება და ერთ მეზობელ მამაკაცთან ერთად ის ს. წედისიდან საცალფეხო გზებით ს. ურავში გადმოიყვანა. მაშინ ნესტორი 7 წლის ყოფილა.
გარკვეული დროის შემდეგ, მაშინ არსებული ადათ-წესების დაცვით, პოლისკამ და ალექსიმ მეზობლად მცხოვრებ შეძლებულ გლეხ ივანე და მაკრინე გოგრიჭიანებს ( ქალიშვილი გვიან გაუჩნდათ) მიაკითხეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ აკვანში მყოფი გოგონა -დარიკო როცა ზრდასრული შეიქმნებოდა ნესტორისათვის მიეთხოვებინათ. ივანე თავის სიხარულს ვერ მალავდა რადგანაც ის ამით ვაჟიშვილს იძენდა. მეორე დღესვე ნესტორი მათ ოჯახში მიიყვანეს და მომავალი საცოლე აკვანში აჩვენეს, თან დასძინეს, რომ ეს გოგო რომ გაიზრდება შენი მეუღლე გახდებაო. ადვილად წარმოსადგენია თუ რა რეაგირება ექნებოდა პატარა ბიჭუნას უფროსი თაობის ასეთ საქციელზე...
მეზობლებმა და ახლობლებმა ეს მოვლენა საზეიმო სუფრით აღნიშნეს და ამის შემდეგ მომავალი სიძე-ნესტორი დატოვეს დარიკოს დედ მამის ოჯახში. ვინაიდან ეს ოჯახები ერთმანეთისგან ახლოს ცხოვრობდნენ, ნესტორს არ გასჭირვებია ახალ გარემოებასთან შეგუება. დადიოდა აქეთ-იქეთ როგორც მოესურვებოდა.
დრო ჩქარა გავიდა და როდესაც დარიკო 11 წლის გახდა, „მშობლებმა“ ბავშვები ეკლესიაში მოძღვართან წაიყვანეს და სთხოვეს ჯვრის დაწერა, თუმცა მისგან კატეგორიული უარი მიიღეს. მართალია ნესტორი 19 წლის იყო, სამაგიეროდ დარიკო -ძალიან პატარა ქორწინებისათვის. ღონისძიება სამომავლოდ გადაიდო მანამ სანამ დარიკო 14 წლის არ გახდებოდა.
დრო ჩქარა გარბის და 17 წლის დარიკოს გაუჩნდა ქალიშვილი ვარინკა. სამი წლის შემდეგ შეეძინათ ვაჟი, რომელსაც სევაროანი დაარქვეს. ოჯახში საქმემ იმატა და რადგანაც მაკრინე ბებიას ორი პატარას მოვლა-პატრონობა გაუჭირდა, გადაწყვიტეს ს. წედისიდან ნესტორის დედის-სალომეს ჩამოყვანა. სალომეს მას შემდეგ რაც ნესტორი ს. ურავში გადმოსახლდა და დაოჯახდა, დააკლდა მზრუნველი ხელი. თანაც ისეთ საშიშ მხარეში სადაც მომთაბარე ოსებისაგან თავდასხმის საშიშროება სულ უფრო ძლიერდებოდა. იმ დროს მათდა გასახარად ს. წედისში გამოჩნდნენ ნესტორი და სიძე ალექსი. ქალებმა თადარიგი დაიჭირეს და თან წასაღები საჭირო ნივთების მოგროვებას შეუდგენ. მამაკაცები ცხენებით იყვნენ მოსულები ამიტომ ქალებს ბარგის ზიდვა ხელით არ დასჭირვებიათ.
სალომე ბოლო 10-15 წლის განმავლობაში მძიმე შრომით ძალიან მოტეხილა, წელში მოხრილი იყო და მხედველობაც დასუსტებოდა. შეწუხდნენ მოსულები, მაგრამ თავს ზევით ძალა არ იყო.
მეორე დღეს სახლის კარ-ფანჯრები კარგად დალუქეს და გამთენიისას გავიდნენ სახლიდან. იმავე დღეს ვიწრო ხევებით და საცალფეხო გზებით გადასულებმა შუა ღამისას რის ვაი ვაგლახით მიაღწიეს ს. ურავს. ოჯახის წევრების გარდა მათ მეზობლები შეეგებენ. ყველამ გაიხარა მათი ჩასვლით. სალომე ბებო ფიზიკურად ძლიერი ჩანდა, მაგრამ თვალის სინათლე სულ უფრო აკლდებოდა. მან რამდენიმე ხანში მხედველობა სულ დაკარგა. ამის შემდეგ 18 წლის განმავლობაში ბებია უსინათლოდ გადაადგილდებოდა და ოჯახში შესაბამის საქმეებსაც აკეთებდა. ის ხელის თითებით არჩევდა კარგსა და ცუდს. როცა ურია (ასე ეძახდნენ მაშინ ებრაელ ვაჭრებს) გასაყიდ ფართალს და პირ საცხებელ უმარილს ან მალამოს ჩამოატარებდნენ სალომე ბებია პირველი ნახავდა და ხელის შეხებით გასინჯავდა. ლობიოს და სიმინდის მარცვლებიდან საუკეთესო სათესლე მასალას ამოარჩევდა. მისი დახმარებით და ხელშეწყობით დარიკო და სევერიანი უზრუნველად იზრდებოდნენ. დედა დარიკოს ბედნიერი დედა ერქვა. მან ცხრა შვილი გააჩინა, 5 ვაჟი და 4 ქალიშვილი.
დადგა 1905 წელი, ჩოჩქოლმა და მითქმა-მოთქმამ სოფელ ურავამდეც მიაღწია. ამ სოფლის მკვიდრნი ფულის საშოვნელად შორს მიდიოდნენ: თბილისში; კახეთში; გურიაში; ქუთაისში და ა. შ. ნესტორიც შეუერთდა ამ მოძრაობას, რადგან ფიზიკურად ძლიერი იყო და ხელსაქმე კარგად ეხერხებოდა. სხვებზე ბეჯითად შრომობდა და მალე დაიმსახურა მის ირგვლივ მყოფთა ნდობა და პატივისცემა. ნესტორს კარგად ეხერხებოდა ხის მასალისგან სამეურნეო იარაღის კეთება, ოჯახისთვის პირველადი მოხმარების საგნების დამზადება. ტვირთის გადასაზიდ ურმებსაც აკეთებდა; ასევე ხის კასრებს წყლის მოსამარაგებლად; ჯამებს, გობებს და ა. შ.
სოფელში ჰყავდათ ნახირის მწყემსები, რომლებიც საქონელს მორიგეობით ტყისკენ მიდენიდენ და საღამო ხანს უკან მორეკავდნენ. სოფელს ფასის მთიდან ჩამოუდიოდა არც თუ ისე პატარა მდინარე ლუხუნი, სადაც მწყემსები შუადღისას საქონელს არწყულებდენ. მდინარის მარცხენა მხარეს მწყემსებმა დააფიქსირეს მზის სხივებზე მოელვარე ადგილი. ისინი გაეშურნენ მის სანახავად, მაგრამ სავალი გზა ძალზე შორს აღმოჩნდა სოფლიდან. მათ უკან არ დაიხიეს და რის ვაი ვაგლახით მიაღწიეს იმ ადგილამდე, საიდანაც სოფელში ორი პატარა მოცულობის მადნის ნაჭერი წამოიღეს და ივანე ბაბუას სახლში მოიტანეს სადაც ნესტორ მაისურაძეც თავისი ოჯახით ცხოვრობდა...მეორე (რეზო გოგრიჭიანი ) ვერსიით, საბადო სადაც დარიშხანი აღმოჩნდა სოფელ ურავიდან დაშორებულია 25 კილომეტრით და მდებარეობს კავკასიის მთაგრეხილებში, მდინარე ლუხუნის სათავეში. გამოცდილი მონადირის მეტი იქ ფეხის დამდგმელი პრაქტიკულად არავინაა. და ამ შემთხვევაშიც, მისი ინფორმაციით, ურავში მცხოვრებმა სახელგანთქმულმა მონადირემ მიხეილა რეხვიაშვილმა აღმოაჩინა და სოფელში პირველმა ჩამოიტანა ის ნაირფრად მოელვარე ნივთიერება რომელიც შემდეგ აღმოჩნდა დარიშხანი. მისი აღმოჩენისთვის, როგორც მიხეილას შვილი მოგვითხრობს თავის წიგნში, (დასახელება კარგად არ ახსოვს, ხელისუფლების ზემდგომ ორგანოებში დაირიგეს მაღალი პრემიები და ჯილდოები. მისი აღმომჩენი კი არავის გახსენებია რაზედაც ძალიან განაწყენდა ბატონი მიხეილა. მისი ახლობლები ამბობდნენ, რომ მას კიდე ჰქონდა ინფორმაცია რაჭის მთებში ტყვიისა და ოქროს საბადოების შესახებ, მაგრამ ეს საიდუმლოება მან ამჯერად უკვე არავის აღარ გაუმხილა და საფლავში თან ჩაიტანა*...

ასე თუ ისე, მთიდან ჩამოტანილი საბადოს ნიმუში ორივე შემთხვევაში სოფელ ურავში მაინც ბატონ ნესტორ მაისურაძესთან მოხვდებოდა როგორც ჭკვიან, ავტორიტეტულ და ინიციატივიან ადამიანთან...
ნესტორმა ჯერ თვითონ დაათვალიერა ხოლო შემდეგ დედა სალომეს მიაწოდა და შეეკითხa: აბა, თუ გამოიცნობო. სალომემ მათ ხელი მოუსვ, შემდეგ უყნოსა და უთხრა ნესტორს: „... შვილო, ეს საწამლავია, კარგად შეახვიეთ და ხელი არავინ მოჰკიდოსო“. მწყემსები კი გააფრთხილე, ხელები კარგად დაიბანონ და ამ ნივთების თაობაზე სოფელში არავისთან არაფერი წამოცდეთო. იმ ადგილის სიახლოვეს საქონელიც არ გარეკონ და არ აბალახონო...
გავიდა დრო. ხალხოსნებმა, რომლებიც მოსახლეობას წერა-კითხვას ასწავლიდნენ, სოფელში სიარულს მოუხშირეს. ზემო რაჭის ყველა სოფელში აქტიურად დაიწყო სახლებში წერა-კითხვის გაკვეთილების ჩატარება. მალე ცნობილი გახდა რუსეთში 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვების შესახებ. ეს ამბავი რაჭის მთის სოფლებს ელვის სისწრაფით მოედო. ეს ყოველივე ნესტორმაც კარგად გაითავისა და მან გვერდში ამოიყენა სოფელ ურავის მოწიფული და გამბედავი ახალგაზრდობა. მალე გადასწვდა სოფლებს: ლიხეთს, აბარს და ახლომდებარე სხვა დასახლებულ პუნქტებს. გაიჩინა ბევრი მომხრე და დაიწყეს ცნობების შეგროვება მიმდინარე მოვლენებზე.
ნესტორი სოფლის თავკაცად იწოდებოდა და ივანე გოგრიჭიანის ეზოში შეიკრიბნენ მისი თანამოაზრეები. მათ იმსჯელეს და გადაწყვიტეს ერთობლივი ძალისხმევით სოფლის გზების მოწესრიგებაზე, რათა შესაძლებელი გამხდარიყო ცხენებით და ურმით სხვა სოფლებთან და რაიონულ ცენტრთან ადვილად დაკავშირება. თქმა და საქმის დაწყება ერთი იყო...
ნესტორის ასეთი აქტიურობა შეუმჩნეველი არ დარჩენია რაიონის თავკაცებს. იგი თავისთან იხმო მაშინდელმა ხელმძღვანელმა გრიშა ჭელიძემ...
ოდნავ მოგვიანებით, ნესტორმა მას გაუმხილა სოფლის საიდუმლო და აჩვენა მწყემსების მიერ მთიდან მოტანილი მოელვარე ქვის ნატეხები. ასვე მოუთხრო თუ რა თქვა მათ შესახებ მისმა უსინათლო დედა-სალომემ. ჭელიძეს ჯერ გაეცინა, თუმცა ნესტორს დაავალა ამ ნატეხებისთვის კიდევ მიემატებინა ანალოგიური ქვები და წაეღო ისინი ქ. ქუთაისში ფილიპე მახარაძესთან, რომელსაც ამის თაობაზე წინასწარ თვითონ შეატყობინებდა. ამ დავალების შესასრულებლად მართალია ნესტორს გარკვეული დრო დასჭირდა, მაგრამ ჭელიძის მითითება მან პირნათლად შეასრულა. ფილიპე მახარაძემ ის კარგად მიიღო, მოუწონა წინდახედულება, შრომისმოყვარეობა, ინიციატივა და დასძინა თურმე: „... შენ ხარ თვითონ მოქმედი ბოლშევიკიო“.
საფიქრალია: ნესტორმა მაშინ წერა-კითხვაც კი არ იცოდა და მანამდე ბოლშევიკებთან არავითარი ურთიერთობა არ ჰქონია, ვინ იცის რა იფიქრა მაშინ ფილიპე მახარაძის სიტყვების გამგონემ ?!...
ფილიპე მახარაძემ იმ ქვების დასახელება და დანიშნულება ცენტრს (მოსკოვს) დაუყონებლივ შეატყობინა და ნესტორსაც შეჰპირდა, რომ ახლო მომავალში მას ურავში სპეციალისტები მოინახულებდნენ და იქ ტელეფონის აპარატსაც დადგამდნენ! ასე აღმოჩნდა ნესტორი ს. ურავის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარე და ბოლშევიკური მოძრაობის ფერხულში ჩაბმული.
რამდენიმე ხნის შემდეგ ნესტორი ერნესტ ცხაკაიას შეახვედრეს. მალე ბეგარით ამბროლაურიდან ს. ურავამდე გზების შეკეთებას შეუდგნენ. ამბროლაურის შესასვლელთან დაიწყო აეროდრომისათვის დიდი ფართობის გაწმენდითი სამუშაოები. ასაფრენ- დასაფრენი ხაზისთვის ბეტონის დაგებას და შენობების აშენებას დიდი დრო დასჭირდა, მაგრამ მუშაობა სწრაფი ტემპებით მიმდინარეობდა. მალე სამანქანო გზები ჩადგა მწყობრში. სპეციალისტები მოწვეული იქნენ ქ. მოსკოვიდან. როცა ისინი ჩამოფრინდნენ მათ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ახლდნენ ქუთაისიდან გრ. ჭელიძის მეთაურობით. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ეს მადანი ძალიან წაადგებოდა ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას, თუმცა ადამიანის და ცხოველებისათვის მომწამლავი იქნებოდა...
ამის მიუხედავად საბადოების მიდამოებში მალე დაიწყო მაღაროების გათხრა. მიშიაკი მაშინ მიწის ზედაპირზეც ეყარა. ამიტომ პირველ ხანებში მისი მოპოვება ძნელი არ უნდა ყოფილიყო. ს. ურავი მოკლე ხანში დაემსგავსა პატარა დაბას. აშენდა ორი და სამსართულიანი სახლები, რომლებშიც სპეციალისტებს და მუშებს უნდა ეცხოვრა. მადანი პირველად დამუშავებას ადგილზე გადიოდა, ხოლო მზა პროდუქცია კი ქ. მოსკოვში იგზავნებოდა. აქვე აშენდა სასტუმრო, სურსათ-სანოვაგის მაღაზია, აფთიაქი, აბანო კი იმ ადგილზე სადაც მჟავე წყალი ამოდიოდა. გეოლოგებმა მოიძიეს რამდენიმე ადგილას ბუნებრივი მჟავე წყალი. მის ახლო მახლო ჩასახლდა რამდენიმე გლეხი, რომლებიც მაღაროში მუშაობდნენ.
წარმოების ამუშავების კვალდაკვალ სოფლის მოსახლეობამ მთელი სიგრძე სიგანით შეიგრძნო მაღაროში მოპოვებული მადნის უარყოფითი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე და გარემოზე. ეს წარმოება მუშაობას განაგრძობდა საბჭოთა კავშირის დაშლამდე. მას შემდეგ ის, როგორც ქვეყნის საწარმოების უმრავლესობა დარჩა უპატრონოდ. თუ რამ ფასეული იყო საწარმოში ჩამოსულმა თუ ადგილობრივმა „საქმიანმა ადამიანებმა“ სრულიად გაიტანეს, გაძარცვეს და იავარქმნეს. მიტოვებული მაღაროებიდან ამოღებული ნედლეული კლიმატური პირობების ზემოქმედებით ათეული წლებია ზიანს აყენებს ადგილობრივ მოსახლეობას და მათ ცხოველებს, სრულიად გარემოს, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჯერჯერობით ვერავის მოუცლია...
ჩაწერა და დაამუშავა გოგი მაისურაძემ .
2019 წლის 22 თებერვალი. ქ. თბილისი.

კომენტარები (0)

ინფორმაცია
მომხმარებლებს ჯგუფიდან სტუმრები, არ შეუძლიათ ამ თემაში კომენტარის წერა.
მაისურაძეთა საგვარეულო კავშირი