» » ლექსი წედის და წედურებს

ლექსი წედის და წედურებს

წედისსა და წედურებს
(ეძღვნება მსოფლიოში მიმოფანტულ მაისურაძეთა გვარის მრავალრიცხოვან შვილებს)
რაჭის წალკოტში ფესვ გადგმულთ,
სივრცე არ გყოფნით მილეთის,
მესხეთი იყო აკვანი,
საჩინო გვარ ტომ შვილების

გრძელი გზა გამოიარეთ,
დიდი სამცხედან ონამდე,
მუხთალმა მტერმა დაგჯაბნათ,
ფეხდაფეხ გდიათ გორამდე.

გვარამაძე და დიდიძე,
სისხლისმიერი ძმებია,
საერთო გქონდათ სათავე,
ამას ამბობდა ბებია (მაკრინე კალმახელიძე)

ატენის ხევში, გორ-წედისს,
დაფუძნდით, გაიხარეთა,
ტოლს არ უდევდით არავის,
ქართლის შიგნით თუ გარეთა

ერთ დღეს ხელმწიფე შემოგწყრათ,
თანამეცხედრის „წყენისთვის“,
რა- ჭაში გამოგისტუმრათ,
ჭკუის სასწავლად სხვებისთვის...

მთებმა თავისად მიგიღეს,
გიბოძეს დიდი „მარანი“,
მაღაროები გაჭერით,
მოიმარაგეთ მადანი.

მარგანეცისთვის ჭიორას,
კაცი გაგზავნეთ მოყვრებთან,
ბრძმედის გაწაფულ ოსტატებს,
ცილობა გქონდათ მოგვებთან...

მთაში რომ ცეცხლი დაანთეთ,
ნახშირის მარაგისთვისა,
გრიგოლ წერეთელს აცნობეს,
გულგასახარად მტრისთვისა

არ დააყოვნა სასჯელმა,
ჯარმა გადაწვა წედისი,
მას შეეწირა გრიგოლი,
ენის დამჯერე მსტოვრისი
საქმე მეფემდე მივიდა,
თავი იმართლა წედისმა,
მეფემ სიგელი გიბოძათ,
უფლება მოგცათ „ჭედვისა“

რკინის დაწურვის ხელობა,
გვარის ოდითგან თანმდევი,
საკულტო საქმედ გადიქცა,
სხვებისგან თქვენი გამრჩევი

მაღაროს გვერდით, მინდორში,
აშენეთ სადგომ-სახლები,
ამაზე ნათლად მეტყველებს
ისტორიული ამბები... (ვახუშტი ბაგრატიონი)

წედისის თემი ამრავლეს:
გოგიმ, ლეკვიჩამ, ჭალიკამ,
გაბრიელ, ნასყიდ, ლომინმა,
მაკრინემ, ტასომ, ვარინკამ...

„რკინის კაცებად“ მოგნათლეს,
ფოლადურ სიმტკიცისთვისა,
სამჭედლო გქონდათ საფიხვნოდ-
ავ-კარგის გარჩევისთვისა

ონიდან ხშირად გსტუმრობდნენ:
ხაიმ, ისამაილ, მოშია,
იმათ ჯორცხენთა საბმელი,
სოფლის გალავნის ბოძშია

ერს მსხურებდით ერთგულად,
მომხდურთან მძიმე ომებში,
როცა სამეფო დაეცა,
თქვენაც მჭედლობას „მოეშვით“...

ჟამმა ბევრი რამ შეცვალა,
სოფლად ცხოვრება ძვირდება,
ხალიბთა ჩამომავლობა
კატასტროფულად მცირდება...

განგაშის ზარი შემოვკრათ,
„მთას დავუბრუნოთ მთიელი“,
კოპალას ხარი შევწიროთ,
გორიჯვარს-ზარი ძლიერი!

მაშ, გაუმარჯოს ლომკაცებს,
დღეს ვინც წედისში ფუსფუსებს,
ამ სტრიქონების ავტორი,
მათ გამძლეობას უსურვებს

ვამრავლოთ ჩვენი ჯილაგის
ქალ-ვაჟნი გარჯას ჩვეული,
ნიჭით და გამჭრიახობით,
ყველასგან გამორჩეული!

გოგი მაისურაძე (გოგილაანთი)
2011 წლის 25 აპრილი.
თბილისი-ონი.

კომენტარები (0)

ინფორმაცია
მომხმარებლებს ჯგუფიდან სტუმრები, არ შეუძლიათ ამ თემაში კომენტარის წერა.
მაისურაძეთა საგვარეულო კავშირი