» » არწივები მიწაზე არ კვდებიან

არწივები მიწაზე არ კვდებიან

არწივები მიწაზე არ კვდებიან

ჯიმი მაისურაძე ლაგოდეხის რაიონ სოფელ გიორგეთში დაიბადა 1949წ. აქვე 1964 წელს წარჩინებით დაამთავრა საშუალო სკოლა. სწავლის პერიოდში ჯერ კიდევ VII კლასში იყო, როდესაც ჯიმი გაეცნო სახელოვანო ქართველი მფრინავის, საბჭოთა კავშირის გმირის ოთარ ჩეჩლოაშვილის შესახებ დაწერილ წიგნს. მისმა საგმირო საქმეებმა დიდ სამამულო ომში გაუღვივა ინტერესი მრინავი გამოსულიყო. IX კლასში იყო ჯიმი, როდესაც მშობლების დაუკითხავად სოფლიდან თბილისში გაიპარა. უნდოდა თავისი თვალით ენახა აეროპორტი, მოფრენილი და გაფრენილი თვითმფრინავები. ჯიმის არც პარაშუტი ენახა, არადა როდესაც ტელევიზორში ხედავდა პარაშუტიდან ხტომებს სულ ჟრუანტელი უვლიდა ტანში.ფიქრობდა მე როდის გადმოვხტებიო. ჯიმი სოფელში ზეწრისაგან კერავდა პარაშუტს, ადიოდა სახლის სახურავზე და იქიდან ხტებოდა. ფიზიკურად რომ ძლიერი გამოსულიყო სულ ვარჯიშობდა სპორტის სხვა და სხვა სახეობაში, განსაკუთრებით იზიდავდა ჭიდაობა და ცურვა. იმისათვის, რომ ჩანაფიქრი განეხორციელებინა და ფრენის ხელოვნებას დაუფლებოდა, სკოლის დამთავრების შემდეგ ქ. ეგოროვოს გაემგზავრა საფრენოსნო სასწავლებელში მოსაწყობად, სადაც ის ჩაირიცხა კიდეც. სწავლის პერიოდში საუკეთესო სწავლის გარდა, შრომისმოყვარეობითაც გამოირჩეოდა. სასწავლების წარჩინებით დამთავრების შემდეგ იქვე დაიწყო აეროპორტში მფრინავად მუშაობა, შემდეგ კი ზემდგომი ორგანოების მითითებით ჯიმი სხვა მფრინავებთან ერთად იგზავნება ვიეტნამში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, სადაც იმსახურა 8 თვე. მიუხედავად ამ მოკლე პერიოდისა, მეგობრებსა და ხელმძღვანელებს შორის მოიხვეჭა განსაკუთრებული ავტორიტეტი, როგორც საუკეთესო მფრინავმა და ღირსეულმა ადამიანმა. ყოველი მისი გაფრენა შედეგიანი იყო და მიზანს აღწევდა. აღსანიშნავია ის, რომ ვიეტნამში მივლინებული 25 მფრინავიდან მხოლოდ ორი დაბრუნდნენ სამშობლოში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მფრინავად მუშაობას იწყებს რუსეთის სხვა და სხვა ქალაქებში. როდესაც დადგა დრო და საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა და სამშობლომ უხმო თავის შვილებს ჩამდგარიყვნენ თავიანთი სამშობლოს სამსახურში. ჯიმი უყოყმანოდ ბრუნდება საქართველოში და მუშაობას იწყებს სამოქალაქო ავიაციაში, აქ მუშაობის დროს ჯიმიმ მრავალჯერ გაუწია დახმარება სტიქიურ უბედურებაში ჩავარდნილ ხალხს: გუდაურში, აჭარაში, შოვში და სხვა. სომხეთში მიწისძვრის დროს უანგარო დახმარბა გაუწია ქ. სპიტაკში მიწისძვრისგან დაზარალებულ ხალხს. მრავალმათგანს შეუნარჩუნა სიცოცხლე, სომეხმა ხალხმა ჯიმი მაისურაძეს დაუფასეს პატივისცემა და ქ.სპიტაკში საპატიო მოქალაქედ აირჩიეს. საქართველოში ჯიმიმ პირველად მუშაობა დაიწყო საჰაერო ხომალდის მეთაურად, სულ მალე მას აწინაურებენ ესკადრილიის უფროსად, მაგრამ ვერ ეგუება ამ თანამდებობას, რადგან გული კვლავ ფრენისკენ მიუწევდა და იგი კვლავ იწყებს ხომალდის მეთაურად მუშაობას.

ჯიმი მაისურაძე იყო როგორც სამაჩაბლოს, ისე აფხაზეთის ომის აქტიური მონაწილე. იბრძოლა საქართველოს ერთიანობისთვის. ჯიმი სამაჩაბლოს ომში ფეხში დაიჭრა. იმკურნალა თბილისში, განკურნების შემდეგ ჩავიდა თავის მშობლიურ სოფელში, მოინახულა ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები და ისევ ომს დაუბრუნდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების პერიოდში რუსეთის სამხედრო ძალებს ყველაზე ძლიერი საჰაერო ბაზები ჰქონდა საქართველოში. პირველი და მეორე კლასის სამხედრო აეროდრომები, მიწისქვეშა საცავებით, საწვავსაპოხი მასალების საწყობებით, საავიაციო რაკეტებისა და ბომბების შესანახი პოზიციებით, სამხედრო ქალაქებით და სხვა აუცილებები ინფრასტრუქტურებით.

1992 წლის გაზაფხულისთვის, საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას შეეძლო მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განლაგებული საფრენი მანქანებიდან დაეტოვებინა რამდენიმე ათეული თვეთმფრინავი და შვეულმფრენი. მით უმეტეს ამას ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ პარიზის ხელშეკრულებაც ითვალისწინებდა. საქართველოსთვის ისევე, როგორც ამიერკავკასიის დანარჩენი ორი რესპუბლიკასთვის 100-მდე საბრძოლო თვითმფრინავისა და 50-მდე შვეულმფრენის ფლობის ქვოტას, მაგრამ ჩვენმა მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა მათი დატოვება. 1992 წლის ზაფხულში რუსეთის სამხედრო ავიაციამ დატოვა საქართველოს ტერიტორია. ჩვენ მხოლოდ მარნეულის აეროდრომზე 25 ერთეული Cy- ტიპის გამანადგურებელი დაგვიტოვა. ეს თვითმფრინავებიც საფრენად უვარგისი იყო. გაძარცვული იყო, ფაქტიურად ქართული ავიაციის ჩამოყალიბება 0-დან დაიწყო. ეროვნულ გვარდიაში საბრძოლო ავიაციის ჩამოყალიბებას პოლკოვნიკი ჯიმი მაისურაძე ედგა სათავეში. მისი უშუალო მონაწილეობით და ხელმძღვანელობით თელავში რუსეთის საჰაერო ბაზაზე დაიწყო ქართველი მფრინავების მომზადებასწრაფი კურსით. მოხერხდა ექვსი MH – 24 ამფიბია შვეულმფრენის მოპოვებაც გახდა შესაძლებელი. ქართველ მფრინავებს ხშირად უწევდათ საბრძოლო გაფრენა ეშერის მიდამოებში, გაგრის მიმართულებით, მათი ბაზა, როგორც თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ძალებისა ბაბუშერას სამოქალაქო აეროპორტში იყო განლაგებული.

პირველი დანაკარგი გვარდიის ავიაციამ გაგრის ბრძოლებში განიცადა 1992 წლის 5 ოქტომბერს MH – 24 საბრძოლო შვეულმფრენი ჩამოაგდეს, რომელსაც გამოცდილი მფრინავი გიორგი კვესაძე მართავდა ზღვის სანაპიროსთან ახლოს საზენიტო რაკეტა მოხვდა, შვეულმფრენი ზღვაში ჩავარდა, მფრინავის ბედი კი უცნობია.

11 ოქტომბერი ქართული ავიაციის ისტორიაში „შავ დღედ“ ჩაიწერება, მოწინააღმდეგემ ჯერ ეშერის მიდამოებში საზენიტო საშუალებებით ჩამოაგდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საჰაერო ძალების CY – 25 მოიერიშე თვითმფრინავი, რომელიც ზღვაში ჩაიძირა, მფრინავი ვიცე პოლკოვნიკი სლავა ჯაბუამ მოასწრო კატაპულტირება, მაგრამ პარაშუტიღ დაშვებისას აფხაზებმა სროლა აუტეხეს, ზოგიერთი ინფორმაციით მფრინავი ტყვედ აიყვანეს, მისი შემდგომი ბედიც უცნობია. ამავე დროს ბაბუშერის მიდამოებში გადმოსულმა მოწინააღმდეგემ, საზღვაო დივერსიულმა ჯგუფმა აეროდრომზე დაშვებისას ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარტყორცნიდან დააზიანა სამოქალაქო MH – 8 შვეულმფრენი, რომლის დასმა მფრინავმა მაინც მოახერხა.

საუბედურო დღე გათენდა 22 დეკემბერი, გვარდიის ავიაცია უხელმძღვანელოდ დარჩა, საბრძოლო გაფრენიდან უკან ვეღარ დაბრუნდა MH – 24 შვეულმფრენის ეკიპაჟი ჯიმი მაისურაძის ხელმძღვანელობით, მათი შვეულმფრენი „სტრელას“ ტიპის საზენიტო რაკეტით ჩამოაგდეს ათარაარმიანსკაიას მიდამოებში.

პოლკოვნიკ ჯიმი მაისურაძის დაღუპვა მეხის გავარდნასავით მოედო მთელ საქართველოს. სამშობლომ ღირსეულად დაიტირა თავისი შვილი. ჯიმი დაიკრძალა თავისივე სოფლის სასაფლაოზე გიორგეთში. მისი საფლავი კეთილმოწყობილია, დადგმულია მისი ბიუსტი, მოპირკეთებულია მარმარილოს ქვებით, მის პატივსაცემად მთავრობამ გამოყო შვეულმფრენი, რომელიც მისი საფლავის გვერდით მოწყობილ სადგომზე დადუმებული დგას. შვეულმფრენმაც სამუდამო ადგილი დაიმკვიდრა გიორგეთის სასაფლაოზე.

ჯიმი მაისურაძეს ჰყავდა შესანიშნავი ოჯახი, მეუღლე ქალბატონი ნათელა და სამი ვაჟი: არჩილი, თორნიკე და იმედა. მიუხედავად იმისა, რომ დედა შეძლებისდაგვარად ყველაფერს უკეთებს შვილებს, მათ მამის მზრუნველობა აკლიათ.

ჩემო ჯიმი, დღეს თქვენზედ უზომოდ შეყვარებული თქვენი, დედა ცოცხალი აღარ არის, უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა თქვენი ბიძაშვილის იგივე ძმის, კოლეგის ბესიკის პატარა ვაჟკაცი. დალოცე თქვენი დიდი ოჯახი, თქვენი მამა ჩვენი დიდი მეგობარი ბატონი დიმიტრი ძალიან დამწუხრებულია, მეგობრები მას ამხნევებენ, შვილიშვილებიც ახალისებენ, მაგრამ ძნელია ასეთი კარგი შვილის დაკარგვის შემდეგ მისთვის სიცოცხლის გაგრძელება.

სამშობლოს წინაშე დიდი დამსახურებისათვის პოლკოვნიკი ჯიმი მაისურაძე დაჯილდოვებული იყო ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით. საბჭოთა კავშირის ორდენებითა და მედლებით.


ავტორი: რაჟდენ ლობჟანიძე


წყარო: arwivebi-miwaze-ar-kvdebian.pdf [1.77 Mb] (გადმოწერა: 6)

კომენტარები (0)

ინფორმაცია
მომხმარებლებს ჯგუფიდან სტუმრები, არ შეუძლიათ ამ თემაში კომენტარის წერა.
მაისურაძეთა საგვარეულო კავშირი