» » კახეთში რჩეული რაჭველი

კახეთში რჩეული რაჭველი

კახეთში რჩეული რაჭველი
კახეთში რჩეული რაჭველი
კახეთში რჩეული რაჭველი
კახეთში რჩეული რაჭველი
პატარა აჩიკო მთიანი რაჭის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ ქვედში, 1896 წელს მიხეილ მაისურაძის და თათია ჯოხაძის ოჯახში დაიბადა. თავის ძმებთან რომანოზთან და ბართლომესთან შედარებით უფროსი იყო და ცდილობდა მათზე ეზრუნა და მშობლებს დახმარებოდა, ბავშვობიდან მან ხეზე მუშაობა ისწავლა და კარგი დურგალიც დადგა. ძმები მალე დაობლდნენ და მოწიფულ არჩილს მხრებზე დააწვა ოჯახის ტვირთი. ბართლომე 20 წლის ასაკში იმ დროისთვის უკურნებელი სენით გარდაიცვალა.მარტო დარჩენილმა არჩილმა და რომანოზმა სარჩოსა და ბედის საძებნელად ჩრდილო კავკასიას მიაშურეს, კერძოდ „ალაგირში“ დასახლდნენ, სადაც დურგლობით ირჩენდნენ თავს.საკმაოდ კარგ ანაზღაურებას იღებდნენ ძმები საკუთარი მარჯვენის წყალობით, მაგრამ ჩრდილო კავკასიაში ყაჩაღობა და მოროდიორობა მძვინვარებდა, ადგილობრივი ოსები ძალიან ავიწროვებდნენ საშოვარზე ჩასულ რაჭველებს, ხშირად თავს ესხმოდნენ დაძარცვავდნენ. არჩილი ამაყი სულის ადამიანი იყო და თავის დაჩაგვრის უფლებას არავის მისცემდა, ამიტომ 1919 წლის იანვარში, 23 წლის, უკვე მრავალჭირგამოვლილმა არჩილმა და რომანოზმა საქართველოს ერთერთ ბარაქიან კუთხეს კახეთს მიაშურეს. არჩილი მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე ქ. გურჯაანში დასახლდა, ხოლო რომანოზმა მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპიროზე, ლაგოდეხის რაიონ სოფელ გიორგეთში დაიდო ბინა.
არჩილი კახეთმა თბილად მიიღო, სადაც დაქორწინდა მეფარიძის ქალზე და შეეძინა სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. თვითონ ობლობაში გაზრდილი დღე და ღამეს ასწორებდა რათა ბავშვებს გაჭირვება არ ეგრძნოთ, ყოველთვის ცდილობდა ისეთი რამ გაეკეთებინა, რომ რაჭველ კაცს, კახეთში თავი წარმოეჩინა და ტოლი არ დაედო მშრომელი კახელებისთვის. დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო და საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით 1949 წლის 15 აგვისტოს სახელმწიფოს წინაშე დამსახურებისთვის მიენიჭა უმაღლესი ჯილდო: სოციალისტური შრომის გმირის წოდება (დოკ: N4352), გადაეცა შრომის გმირის ოქროს ვარსკვლავი და ლენინის ორდენი. არ გაინტერესებთ რისთვის? რაჭველმა კაცმა კახეთში, კახელებზე მეტი ყურძენი მოიყვანა.
არჩილ მაისურაძე კიდევ ბევრს შექმნიდა ქვეყნის და ოჯახის საკეთილდღეოდ, რომ არა მისი უმცროსი შვილის იუზა მაისურაძის 29 წლის ასაკში ტრაგიკული შემთხვევის გამო გარდაცვალება. მოსიყვარულე მამამ ვერ გადაიტანა თავს დატეხილი უბედურება და შვილის გარდაცვალებიდან 6 თვეში 1970წ. კახეთში რჩეულმა რაჭველმა გადაინაცვლა მარადისობაში.
შვილთაშვილი თენგიზ მაისურაძე
წიგნიდან „რჩეული რაჭველები“. (რედაქტორი ნინო რეხვიაშვილი)

კომენტარები (0)

ინფორმაცია
მომხმარებლებს ჯგუფიდან სტუმრები, არ შეუძლიათ ამ თემაში კომენტარის წერა.
მაისურაძეთა საგვარეულო კავშირი