გვარის შესახებ, სოფ. ტყარშეთში მცხოვრები მაისურაძისგან
ტექსტი ჩაწერილია 2015 წლის 10 აგვისტოს მუხიანის აგარაკზე
მთხრობელი: როსტომ მაისურაძე 80 წლის, დაბ. ყაზბეგის რ-ნი ს. ტყარშეთი
თავის წინაპრებზე ;
როსტომის გადმოცემით, ყაზბეგის რაიონში ალექსი მაისურაძე თავისი გამჭრიახობით, მჭერმეტყველებით, ფიზიკური ძალის წყალობით და სამართლიანობისადმი ერთგულებით, ერთ -ერთი სახელგანთქმული ადამიანი ყოფილა. მას დღემდე მოიხსენიებენ არამარტო სოფელში, არამედ მთელს რაიონში.
დიდი ხნის წინ, ყაზბეგის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ერთ სწავლულ კაცს, რომლის გვარსახელს ვერ იგონებს, პირად საკუთრებაში ჰქონია ერთი ხელნაწერი წიგნი ს. ტყარშეთის ისტორიაზე. მასში ყოფილა ლექსები და თქმულებები. სხვა ამბებთან ერთად ასევე გადმოცემული ყოფილა მაისურაძეების გვარის იქ დასახლების ისტორია. ეს წიგნი მისი მფლობელის ოჯახში შემთხვევით გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურებულა...
• მაისურაძეების ს. ტყარშეთში დასახლებაზე.
როსტომს ლუკა ბაბუსა და მამის ბიძისაგან (ა ლ ე ქ ს ი ) ყმაწვილკაცობაში სმენია ყაზბეგის რაიონში მაისურაძეების თემის დაფუძნების თაობაზე. რაჭის მთიან სოფელ წედისში ყოფილა მისი წინაპრების ერთი ოჯახი (ცოლ-ქმარი 4 ვაჟიშვილითურთ), რომელიც 18 საუკუნის მეორე ნახევარში, კერძოდ 1774 წელს რაღაც სერიოზული მიზეზის გამო, შურისძიებას გარიდებულა, მდევრისთვის თავი დაუღწევია და მთებისა და ტყეების ვიწრო ბილიკებით, დიდი წვალების შემდეგ, ხევსურებით დასახლებულ სოფ. კარკუჩამდე ჩაუღწევია. ხევსურთა თემს მათთვის სოფლის მოპირდაპირე საბუეს მთის ფერდობზე დასახლების უფლება მიუცია. უფროსი ყოფილა ქაქუცა (შემოკლებით ქუცა), შემდეგი -ლუკა, ხოლო უმცროსები-ლელე და მამუკა. მე და ჩემი უახლოესი ნათესავები ყველანი ქაქუცას შთამომავლები ვართ და სხვებისგან გასარჩევად ქუცენთებს გვეძახიანო...
მამაკაცი მაისურაძეები ფიზიკურად ძლიერები ყოფილან. თავს ადვილად არავის დააჩაგვრინებდნენ. ასევე უსამართლობას ვერ იტანდნენ, სხვას ტყუილ- უბრალოდ არ აწყენინებდნენ და თავის ფიზიკურ უპირატესობას არ აგრძნობინებდნენ. ოდნავ მოგვიანებით, სოფლიდან მოშორებით ხევსურებს მათთვის სახნავ-სათესი და პირუტყვის საძოვარი ადგილებიც კი გამოუყვიათ, სადაც მაისურაძეების ოჯახს დიდი შრომისმოყვარეობის წყალობით კარგი და ძლიერი ოჯახური მეურნეობა შეუქმნიათ. დროთა განმავლობაში გამრავლებულან მაისურაძეები, თუმცა ხევსურებს ვერ დანათესავებიან. ( მათ შორის ქალების არცერთი თხოვება-გათხოვების ფაქტი როსტომმა არ იცის). ბოლოს მაისურაძეები ისე გაძლიერებულან, რომ მეზობელ ხევსურებს ტოლს არაფერში აღარ უდებდნენ. ის კი არა და, ერთ დროს, სახნავ-საძოვრების გამო მათ შორის საქმე დაპირისპირებამდეც კი მისულა... მაგრამ თემის თავკაცებს დავა მოლაპარაკებებით მშვიდობიანად და გარიგებით მოუგვარებიათ. თუმცა მაისურაძეებს სამომავლოდ სერიოზული დაპირისპირებისათვის თავი აურიდებია (ადრე მათთვის გაწეული ამაგის გათვალისწინებით) და მათგან მოშორებით კლდოვან მაღალ მთაზე დასახლებულან... მათ იმ ნამოსახლარს ადგილობრივები დღესაც საბუეს ეძახიან, ხოლო იქაურ მაისურაძეებისათვის მეტსახელად „ბუები“ შეურქმევიათ. ადგილობრივების გადმოცემით, იმდენად მიუვალი და სალ კლდოვანი ყოფილა საბუე, რომ მაისურაძეები თავიანთ მცირეწლოვან ბავშვებს დამოუკიდებლად მარტო გარეთაც კი არ უშვებდნენ იმის შიშით, რომ კლდიდან ძირს არ გადაჩეხილიყვნენ. ხშირ შემთხვევაში, დაზღვევის მიზნით, მათ ტყავის თასმებით აბამდნენ. (ამის შესახებ ა/წ. 5 მაისს მიამბო მუხიანში მცხოვრებმა ხევსურმა ტაქსისტმა ნუგზარ წიკლაურმა, (წარმოშობით ს. კარკუჩა), რომელსაც მუხიანის დასახლებიდან დავემგზავრე მეტროსადგურ ახმეტელამდე). როდესაც მისი ნათქვამის შესახებ ჩემს რესპოდენტს, ვუთხარი, მან ეს ყოველივე დამიდასტურა და ბოდიში მომიხადა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი რამ მან კარგად იცოდა და როგორ გამომრჩაო.
მიუხედავად ასეთი პატარა ფართისა, მაისურაძეებს იმ კლდის ქიმზე წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი აუშენებიათ, რომელმაც ჟამთასვლას კარგად გაუძლო და როგორც ადგილობრივი ხევსურები, ასევე ტყარშეთელი მაისურაძეები პერიოდულად შესაწირით მოსალოცად ადიან იქ, მადლიერებით იგონებენ ამაგდარ და შეუპოვარ წინაპრების სულებს...
როსტომის გადმოცემით, იმ კლდის თავზე, სადაც მაისურაძეებმა საცხოვრისი მოიწყვეს ერთ დიდ ჯალაბად 20-25 სული ცხოვრობდა. სასმელი წყალი ცხენებით ან ჯორცხენებით აჰქონდათ. სარჩო-საბადებელი სადგომიდან მოშორებით, მთის ძირში ვაკე ადგილებში მოჰყავდათ და ჭირნახული ოჯახში ისევ ცხენებით გადაჰქონდათ. მიწური სახლის თავზე კალო ჰქონიათ მოწყობილი და ახოდან მოზიდულ ხორბლის თავთავებს ისევ ცხენების მეშვეობით ლეწავდნენ. ბაბუის გადმოცემით, მათ კევრისათვის საკმაო ფართი არ ქონიათ. ე/წ კალოს შუა გულში თურმე ჩასობილი ქონდათ მაგარი, გამძლე ხისაგან გამოთლილი სარი, რომელზეც გამობმული ყოლიათ 1 ან 2 ცხენი. მათ წრეზე ატარებდნენ და ასე ლეწავდნენ მზეზე გაფიცხებულ ხორბლისა და ქერის თავთავებს. გალეწილი მასიდან ქალები ცხრილებით ანიავებდნენ და ასუფთავებდნენ მოსავალს, რომელსაც შემდეგ ახარისხებდნენ; მოსახმარ, დასათეს და ყიდვა-გაყიდვის თუ სხვა პროდუქტზე გაცვლისათვის. ნამჯას კი ხანგრძლივი ზამთრისთვის ცხოველთა გამოსაკვებად იმარაგებდნენ.
აღნიშნულ მიდამოებში ისევ თავდაუზოგავი შრომა-გარჯით გაუმრავლებიათ ცხვარ-ძროხა, ცხენები. გაუკაფავთ ტყის მასივი. ჰქონიათ საუკეთესო საძოვრები, ცხოველთა სადგომი ბაკები, ბოსლები, სათესი ველ-მინდვრები, საბძლები და ბეღლები ჭირნახულისათვის. ძირითადად ისინი თესავდნენ: ქერს, ხორბალს, ლობიოს. მიწის მონაცვლეობით უხვ მოსავალს იღებდნენ.
ოთხი ვაჟიდან სამი ცოლ-შვილიანი ყოფილა, ერთი დასაოჯახებელი. ერთხელ, ზაფხულის ჩვეულებრივ სამუშაო დღეს, მამაკაცები გართული ყოფილან მომკილი ქერის და ხორბლის კალოზე გასამზეურებლად გაშლით და გასალეწად მზადებით. ხოლო ქალები წინა დღით გალეწილი ხორბლის განიავებით. მოულოდნელად მათ გამოცხადებიათ ს. კარკუჩში მცხოვრები, ჯორ-ცხენებზე ამხედრებული ხევსურთა ჯგუფი, რომლებმაც მათგან გადასახადის გადახდა მოუთხოვია. ოჯახის უფროს მამაკაცებს ისინი შინ შეუპატიჟებია. დიასახლისებიც მალევე სტუმრების გამასპინძლებისათვის თადარიგი დაუჭერიათ. კალოზე დარჩენილან უმცროსი ძმა და ერთი წლის წინ მოყვანილი ორსული პატარძალი). მაზლი ხის ორკაპით ქერის მასას გასანიავებლად წაღმა-უკუღმა აბრუნებდა. ამ დროს ხორბლის გროვას მიახლოვებია ერთ- ერთი სტუმრის ჯორ-ცხენი, რომელსაც ხორბლისა და ქერის ჭამა ჭამა დაუწყია და ჭირნახულს აბინძურებდა. რძალს მისი მოგერიების მიზნით ჯერ წნელი მოუშველებია, მაგრამ ცხოველი თურმე ჯიუტობდა და რომ ვერას გახდა, მაშინ შესაშინებლად ცხოველისთვის არჩვის რქებიანი ხის ორკაპი მოუქნევია. შეშით დამფრთხალ პირუტყვს ისეთი ნახტომი გაუკეთებია, რომ თვალი დაუზიანებია. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია მის პატრონს და გაშმაგებული ლანძღვა-გინებით მივარდნია პატარძალს, მისი ფიზიკური შეურაცხყოფა უცდია. მას იქვე მყოფი მაზლი გამოსარჩლებია, რომელსაც თავიდან უცადია თავდამსხმელის დაშოშმინება. მის ამ ქმედებას დაზარალებული კიდევ უფრო გაუბოროტებია. ამოუღია სატევარი და მის მოსაკლავად გაუწევია, მაგრამ ხელში დაჭრილ ყმაწვილს უმარჯვია და იმავე სატევრით თავდამსხმელი იქვე განუგმირავს. ყოველივე ამის შემსწრე სტუმარ- მასპინძლები ხმლები დარევიან ერთმანეთს სამკვდრო სასიცოცხლოდ ეკვეთნენ. მასპინძლებმა დაჯაბნეს ხევსურები, მაგრამ ძვირად კი დაუჯდათ უბედური შემთხვევით გამოწვეული დაპირისპირება. კარკუჩელთა მოსალოდნელი შურისძიების და უფრო დიდი დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით მათ ისევ მიუვალ სერებს მიაშურეს და ვიდრე ის უბედური შემთხვევა დავიწყებას მიეცემოდა, ერიდებოდნენ ახლო-მახლო სოფლებში და საზოგადოებრივ ადგილებში გამოჩენას.
გარკვეული დროის გავლის შემდეგ, უკვე მრავალრიცხოვანი ჯალაბი ტყიდან ს. ტყარშეთის მიმდებარედ ჩრდილო-დასავლეთ მხარეს ჩამოსახლდა, სადაც კარგი სადგომი აიშენეს და ისევ დაუღალავი შრომით ეკონომიურადაც მომძლავრდენ. იმ პერიოდში ს. ტყარშეთში ცხოვრობდნენ: ნარიმანიძეები, ავსაჯანიშვილები და სხვები. მათი გვარის ერთ ერთმა თავკაცმა, რომელთანაც ურთიერთობდნენ მაისურაძეების წინამძღოლები, ჩუმად უთხრა მათ, („... რა გინდათ ამ მიუდგომელ ხეობაში რომ სახლობთ, ქვემოთ ჩამოდით და სადმე სოფლის ახლოს დასახლდითო. ამის თაობაზე მე მოველაპარაკები თემის უხუცესებს და ისინი თქვენნაირი გამრჯე და გამჭრიახი ადამიანებისათვის სამოსახლო ადგილს, ტყეს და საძოვრებსაც არ დაიშურებენო“. გარკვეული საფასურის გაღების სანაცვლოდ სოფლის უხუცესებთან შედგა გარიგება მაისურაძეების სოფ. ტყარშეთის ჩრდილო აღმოსავლეთ მხარეს ჩამოსახლების შესახებ. კვლავ დიდი შრომა-გარჯის ფასად მაისურაძეებმა ახალ სამკვიდროზე მარჯვედ მოიწყვეს თავისი საოჯახო მეურნეობა. თუმცა, როგორც მათთვის სოფლის ძველ მკვიდრთაგან გახდა ცნობილი, თითქმის ყოველ გაზაფხულს, როგორც კი მთებში თოვლი დნებოდა და გზები იხსნებოდა, ჩრდილოეთ ოსეთის მხრიდან სოფელს თავზარდამცემი, გამაყრუებელი ყიჟინით თავს ესხმოდა „შავ ოსთა“ კბილებამდე შეიარღებული, შავ სამსებში გამოწყობილი, ცხენებზე ამხედრებული მრავალრიცხოვანი ბანდა, რომელიც მთლიანად ძარცვავდა და ანადგურებდა სოფელს. მიყავდა საქონელი, მიქონდა დოვლათი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ხოცავდა ყველას ვინც კი წინააღმდეგობის გაწევას შეეცდებოდა. აუპატიურებენ ქალებს და მოზარდებს. ატყვევებდენ და თან მიყავდათ მონებად ან გასაყიდად ყველა ვისაც კი მოიხელთებდენ. დაბოლოს, ცეცხლს უკიდებედნენ კარ-მიდამოს, რომ დიდი ხნის განმავლობაში იქ მათი შიშით აღარავინ დაბრუნებულიყო. ამის გამგონე მაისურაძეები ცოტა შეფიქრიანდნენ, თუმცა რა გაეწყობოდა, მიხვდენენ რისთვისაც მიიღო ისინი ასე უშურველად და უმტკივნეულოდ სოფელმა... სხვა გზა არ ქონდათ, დაუყონებლივ უნდა ეზრუნათ თავიანთი ოჯახის და ქონების უსაფრთხოებაზე. მალე საჭირო თადარიგიც დაიჭირეს. იმ მხარეს, საიდანაც უფრო მოსალოდნელი იყო „შავ-ოსთა“ ბანდის თავდასხმა, ძლიერმა მამაკაცებმა ერთობლივი ძალისხმევით დიდი ქვის ლოდებისაგან თავდაცვითი ნაგებობები მოაწყვეს. მის წინ მთელ პერიმეტრზე ღრმა ორმოები გათხარეს, რომელიც მომხდურთა თვალის ასახვევად ფიჩხებით დაფარეს. სიმაგრეში სათოფურები განათავსეს, რომლებსაც პიროვნულად ოჯახის წევრი მებრძოლები მიუჩინეს. გარკვეული ოდენობის იარაღი მათ ისედაც გააჩნდათ, მაგრამ საბრძოლო იარაღის და ტყვია- წამლის მარაგი შეივსეს. სამეურნეო მუშაობისგან თავისუფალ დროს მიზანში სროლაში ვარჯიშობდნენ. შესაძლო თავდასხმის მოსაგერიებელ წინააღმდეგობის გაწევაში თავიანთი მოვალეობები ეკისრებოდათ ქალებს და მოზარდებსაც კი. მათმა სამზადისმა თითქმის გაზაფხულამდე გასტანა. თემის თავკაცის გადაწყვეტილებით, ბანდის თავდასხმის შემთხვევაში, სანგარში მყოფებს ისინი თოფის გასროლის სამიზნემდე უნდა მოეშვათ. პირველ რიგში მიზანში უნდა ამოეღოთ და მინიმუმ ორ მებრძოლს მაინც უნდა ესროლა ბანდის წინამძღოლისა და მის გვერდით მყოფ თანამებრძოლებისთვის. მათი გათვლებით, ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო იმისათვის, რომ ეფექტური გასროლებით პირველ რიგში ბანდის წინამძღოლები დაეხოცათ. მათი ვარაუდით, ეს მათში დაბნეულობას და არეულობას გამოიწვევდა. მას შემდეგ ვინც კიდევ გააგრძელებდა წინსვლას, მათ საგანგებოდ გაჭრილი თხრილები შეაჩერებდა... რაც არსებული გამოცდილებით, მათს უმრავლესობაში შიშს და პანიკას გამოიწვევდა. როგორც გადმოცემა მოწმობს. „შავ ოსთა“ პირველივე თავდასხმა მაისურაძეების ჯალაბმა ასეთი ხერხით წარმატებით, უმსხვერპლოდ მოიგერია, რის შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში შეწყდა ასეთი ბანდების სოფ. ტყარშეთზე თავდასხმები.
როგორც მთხრობელი ამბობს, ახლო-მახლო მცხოვრებთა შორის ხმა დაირხა მაისურაძეების ჯალაბის გმირულ ბრძოლაზე... ამის შემდეგ დიდ დროს არ გაუვლია და მაისურაძეებს ესტუმრენ ს. ტყარშეთის თემის რჩეული კაცები, რომლებმაც მათ გადასცეს სოფლის მოსახლეობის საერთო აზრი: ხომ არ აჯობებდა მათთვის სოფელში დასახლება, სადაც შესაფერის ადგილებს შურჩევდნენ. თანხმობის მიღების შემდეგ, მათ მაისურაძეების თემს გამოუყვეს სოფლის ის ადგილები, სადაც ძირითადად ჩვენი მოგვარეები დღემდე სახლობენ. როგორც გაირკვა ასეთი გადწყვეტილებით, სოფელმა იმავდროულად მოაგვარა მომხდური მოძალადეების მოულოდნელი თავდასხმებისაგან საკუთარი უსაფრთხოების პრობლემა.
როსტომმა წარმოთქვა ერთი სტროფი მათ სოფელში გავრცელებული ალექსი მაისურაძისადმი მიძღვნილი ლექსიდან.
…”ტყარშეტს აქებენ ვაჟკაცსა,
ქუცენთ გრიგოლაის შვილსაო...
(მარტო ეს ახსოვს ბავშვობიდან. დამპირდა თავის ახლობლებში ამ ლექსის მთლიანი ვარიანტის მოძებნას და გადმოცემას).
( გაგრძელება იქნება)...
სოფ. ტყარშეთტს მკვიდრმა სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ოფიცერმა გელა მაისურაძემ ჩემი თხოვნით სოფელში მიაკვლია და გადმომიგზავნა იმ ლექსის ერთი ვარიანტი რომლის შესახებაც თავის დროზე როსტომ მაისურაძემ მიამბო. ფრიად მესიამოვნა, რომ ეს მოხდა 2017 წლის აღდგომის დღესასწაულებზე. დიდი მადლობა მას ამისათვის.
ზეცით გადმოვლენ მწერალნი,
გამოგზავნილი ცისაო,
ტყარშეტს აქებენ ვაჟკაცსა
ქუცეთ გირგოლაის შვილსაო.
ტანი უგავდა ლერწამსა
ბეჭნი წინანდელ გმირსაო,
ფხელშენი გორისციხენი
ერთად შაიკრნენ პირსაო
მოდი და დავა ავტეხოთ
ამ ტყარშეტული მთისაო.
ეს რომ გაიგეს ტყარშეტში
შეგროვდნენ კიბის ძირსაო,
მივა და ალექსა ჰკითხავს
რა სატკივარი გჭირსთაო.
წამო წავიდეთ ბიჭებო
ვიძიოთ შური მტრისაო,
არ დაუჯერეს ბიჭებმა
შიში აქვთ სიკვდილისაო.
მაშ, წავალ მე მარტუაი,
ბიჭი ვარ ცოტა ხნისაო
ვაკე ბოყონას ავიდა
კოშკია როგორც მთისაო.
ცხორ-ძროხა იქით გარეკეთ
გულ ყელში ამამდისაო,
გამარბის დორიჩაის შვილ
მოხვდა იღლიის ძირსაო,
ეგრე დააწნა მიწასა
როგორც სახრეა ტყისაო.
ქოითით მორბის გობილაი
პირს ოფლი ჩამასდისაო
ორი სოფელი ხალხი ხართ
ეს ვერვინ დასცეთ ძირსაო.
შამოუქნია ალექსამ
მჯუღი სდვა თოლის ძირსაო
ეგეთი გარბის გობილაი
როგორც კურდღელი მთისაო.
ჩაიწერა და დაამუშავა: გოგი მაისურაძე (გოგილაანთი).
კომენტარები (0)