მესხეთიდან ქართლში და რაჭაში მიგრაციის შესახებ
მაისურაძეთა გვარი სავარაუდოდ, 15 საუკუნეში მესხეთიდან ქართლში გადმოსახლებულა, მათი გადმოსახლება ემთხვევა საქართველოს დაშლის პერიოდს და სამცხეში ჯაყელების განსაკუთრებით გაძლიერებას და გაბატონებას. ამის დასტურია ის, რომ როდესაც ადამიანზე აუგს იტყოდნენო, მოიხსენიებდნენ როგორც "საჯაყიაო" - ს. (ყარამან მაისურაძე).
აღნიშნულ პერიოდში მაისურაძეები უნდა დასახლებულიყვნენ მდ. ტანას შენაკად ათრევას ხეობაში, სადაც სოფელს უწოდეს გორ-წედისი, გორთან სიახლოვის გამო და წედისი "წედვის" ანუ ჭედვის გამო, რადგანაც მაისურაძეთა გვარი ოდითგანვე ფლობდა რკინის დამუშავების ხელოვნებას და ეს საგვარეულო ხელობადაც ითვლებოდა.
წინაპრების გადმოცემის თანახმად, მაისურაძეების გორის რაიონში ცხოვრების პერიოდს უკავშირდება ერთი საგანგებო ქართლის მეფის ოჯახზე მისი მტრების მოულოდნელი თავდასხმის შემთხვევა ტირიფონას ველის და ძამას ხეობის არეალში გადაადგილდების დროს, რომელსაც ძმები მაისურაძეები: ნიკო, ვანო და ვასო შემთხვევით შესწრებიან. ისინი მტერს გაბედულად ხელდახელ შებმიან და მოუგერიებიათ. მეფის ოჯახისათვის მოსალოდნელი ხიფათი აუცილებიათ და სატახტომდე უვნებლად მიუცილებიათ.
მეფეს შეუმჩნეველი არ დარჩენია ძმების გაბედული და გმირული საქციელი. ქართლში სამცხედან გადმოსული ფეოდალები ის ის იყო მკვიდრდებოდნენ, (მათ შორის ფანასკერტელ-ციციშვილი და სხვები), რომლელთა სამფლობელოები ამის მომდევნო პერიოდში ჩნდება: (საციციანო, საამილახვრო, საავალიშვილო, სათორელ-ჯავახიშვილო და ა.შ.). ეს შემთხვევა იმ ტერიტორიაზე მომხდარა, სადაც ციციშვილები იმყარებდნენ თავიანთ გავლენას. მეფემ მიიჩნია, რომ სასახლის შემოგარენში სამომავლოდ უფრო საიმედო დასაყრდენი დასჭირდებოდა და ამისათვის შესაბამისი ზომებიც მიიღო. მან ძმებ მაისურაძეებს საციციანო და ტირიფონის ველი სამეფო სიგელითურთ უბოძა, რომელშიც ასეთი შინაარსის ტექსტი ეწერა: "დიდო მაისურაძენო, ნიკო, ვანო, ვასო და მათო შვილებო. მომიცია თქვენთვის საციციანო და ტირიფონის ველი. თქვენ ხართ წარჩინებული გვარის მფლობელნი და თუკი გლეხის ვაჟმა მაისურაძის ქალის შერთვა გადაწყვიტოს, მანამდე ქვიშის საბელი დაგრიხოს! ვინც ეს წესი გააუქმოს უფლისგან დაწყევლილ იქნას! მეფე გიორგი". ბუნებრივია საქმე გვაქვს მეფე გიორგი VIII თან, რადგან უკანასკნელი მეფე, რომელიც ამ სახელს ატარებდა ის, კახეთთან ერთად ქართლის მეფეც გახლდათ,(თუკი გიორგი XII არ ჩავთვლით), სწორედ ის გახლდათ. ხოლო გიორგი VII ძალიან ხანმოკლე დროით იყო ტახტზე და მისი მმართველობა თემურლენგთან ომებს დაემთხვა, ამავე დროს ციციშვილები და სხვა ფეოდალები ჯერ კიდევ არ იყვნენ გადმოსული ტაოდან და სამცხედან ქართლში. შესაბამისად, მაისურაძეებსაც იმ დროისათვის სამცხეში უნდა ეცხოვრათ. ამასვე მეტყველებს ისიც, რომ სამცხე საათაბაგოში გიორგი VII მმართველობისას ჯერ კიდევ არ იყო ჯაყელთა გაუსაძლისი მმართველობა და ჯერ კიდევ არ იგრძნობოდა საფრთხე, რომ ერთიანი საქართველოს ტახტს ისინი დაუმორჩლებლობას გამოუცხადებდნენ, რასაც საქართველოს დაშლა მოყვა შემდგომში.
მეფე გიორგი VIII ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე გახლდათ. როგორც ვიცით, მან ტახტი ვერ შეინარჩუნა და საბოლოოდ მხოლოდ კახეთში მბრძანებლობდა. ბუნებრივია, რომ მხოლოდ სიგელი და მისი ბრძანება ვერ გახდებოდა იმის გარანტი, რომ ძამის ხეობის და ტირიფორნის ველის მფლობელები ვინმეს რაიმეს დაუთმობდნენ... თანაც ქართლში ამ დროს მეფე კონსტანტინე უნდა მჯდარიყო. ის მეფე, რომელმაც ეს ტერიტორია მის ბიძას, მეფე გიორგი VIII წაჰგლიჯა ხელიდან და ამით საქართველოს ბოლომდე დაშლას შეუწყო ხელი.
როდესაც მაისურაძეებმა მეფის სიგელით ნაბოძები ადგილების დაპატრონობა გადაწყვიტეს, მათ ბუნებრივია ძველი მფლობელების წინააღმდეგობა შეხვდათ. საქმე ორთაბრძლამდე მივიდა და უფროსმა ძმამ, ნიკო მაისურაძემ გამოწვევა მიიღო. გადმოცემის მიხედვით, სადაო მიწები ორთაბრძოლაში გამარჯვებულს უნდა დარჩენოდა. ორთაბრძოლა პატიოსნად წარიმართა და ორივე გვარის მეთაური ცხენდაცხენ და ხმალდახმალ ერთი-ერთზე შეხვდნენ ერთმანეთს. ნიკომ იმარჯვა და მახვილის ერთი მოქმევით მოწინააღმდეგე ცხენიანად შუაზე გაჰკვეთა. მაგრამ ციციშვილები დათმობას მაინც არ აპირებდნენ და მათ მთელი იმდროინდელი ქართლის საფეოდალოს მიმართეს დასახმარებლად, მოტივი მარტივი იყო, მეფე გიორგი VIII ფავორიტი მაისურაძეების საგვარეულო ახალი მეფის გეგმებშიც ვერ ჩაჯდებოდა და ბუნებრივია, რომ მის ნდობასაც ვერ დაიმსახურებდა. ძალები უთანასწორო იყო და მაისურაძეები იძულებული გახდნენ, რომ დასავლეთ საქართველოში გადასულიყვნენ და მოეძებნათ უსაფრთხო ადგილი, სადაც თავს უკეთ დაიცავდნენ. ამის შემდგომ მათ მიაღწიეს მდ. ჯეჯორას ხეობას, რომელიც კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს ესაზღვრებოდა და დასალხდნენ კარგად იზოლირებულ და ყველა მხრიდან მთებით შემოსაზღვრულ ტაფობში, სადაც დააარსეს სოფელი, რომელსაც წედისი უწოდეს. წედისი ემეზობლებოდა კუდაროს ხეობას და კავკასიონის ქედზე არსებულ გადმოსასვლელებს, რომელიც იმიერკავკასიიდან გადმომავალი ხალხების, ოსების და ჩრდილოკავკასიელი დვალების სამოძრაო გზად ქცეულოყო. ეს ხეობები იმერეთის მეფის მფლობელობაში გახლდათ და მაისურაძეებმა როგორც ჩანს, თავის თავზე მენაპირეობა იტვირთეს.
რაჭაში ონის რაიონის სოფელ წედისში, გორის მუნიციპალიტეტის ს. გორწედისის სამახსოვროდ არის აშენებული სალოცავი, რომელსაც ადგილობრივები გორის წმინდა გიორგის უწოდებენ.
რაც შეეხება მენაპირეობას და ჩრდილოკავკასიელების შემოჭრისაგან დაცვის ფუნქციის მაჩვენებელად შეიძლება დასახელდეს სოფ. წედისში არსებული ერთი ტოპონიმი - უკივლეთი, რომელიც მთაში სოფ. ქვედიდან 12 კმ და სოფ. წედისიდან ჩრდილოეთით დაახლ. 10 კმ-ის მანძილზე მდებარეობს. იმავე ყარამან მაისურაძის მონათხრობის მიხედვით, ოტია მაისურაძე, რომელიც წედისში ცხოვრობდა (ოტიაანთ უბნის წინაბორბედი) და ჯერ ქვედში არ გადმოსახლებულიყვნენ, სათიბად წასულა რამდენიმე წედურთან ერთად და უკივლეთის ველიდან ბალახის მოსათიბად გადმოსული ოსები გაუძევებია. მისთვის რომ უკითხავთ, ოსები როგორ გარეკეთო, მას უპასუხია: „...ვუკივლეთ და გავრეკეთო“. აი, აქედან დამკვიდრებულა წედისის მთაში ტოპონიმი - „ უკივლეთი“, რომელიც კარსტულ მასივს მოიცავს და საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა სათიბებად როგორც წედურების ისე ქვედელების მირ.
P.S. გადმოცემა ჩაწერილია 2017 წლის 07 იანვარს რომან მაისურაძისგან ( ოტიაანთი), რომელსაც წლების წინ მოსმენილი ჰქონდა ბაბუამისის სოფ. ქვედის მკვიდრის ყარამან მაისურაძისაგან...
ჩემი წედისელი და ქვედელი ნათესავების გადმოცემით, სულ ნათელი ყარამან მაისურაძე ყოფილა თავის დროს საკმაოდ განათლებული და ერუდირებული პიროვნება. საკუთარ გვარზე და სოფელზე უსაზღვროდ შეყვარებული. ნამცეც ნამცეც აგროვებდა ყველანაირ ინფორმაციას მაისურაძეებზე. წერდა ლექსებს. იმედს ვიტოვებ, რომ მისი ღირსეული მემკვიდრეები- რომანი და გიორგი უახლოეს მომავალში, მისი შემოქმედების გაცნობის საშუალებასაც მოგვცემენ.
გოგი მაისურაძე (გოგილაანთი).
2017 წლის 19 იანვარი. ქ. თბილისი.
კომენტარები (0)