» » 87 წლის კარლო მაისაიას მონათხრობი

87 წლის კარლო მაისაიას მონათხრობი

„გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ“ !!! ეს ძალზე მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისათვის გლობალიზაციის ეპოქაში...
„სადაურსა სად წაიყვან...“ მთხრობელი - 87 წლის კარლო მაისაია. მარტვილის რაიონი სოფელი მუხურჩა. საკ. 0790298553. _______________
*ვინ ვართ, რანი ვართ, ჩვენ მუხურჩელი მაისაიები და საიდან მოვდივართ?...
როგორც ჩემი წინაპრების ზეპირი გადმოცემიდან მახსოვს, სოფელ მუხურჩაში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მაისაიები ვართ 17-ე საუკუნის მეორე ნახევარში რაჭიდან გადმოხვეწილი ორი ძმის- ონისიმე და ზოსიმე მაისურაძეების შთამომავლები.
ლოგიკურად... თუ არ ვცდები, ამ პერიოდში იმერეთის მეფე სოლომონ პირველი ცდილობდა რაჭის ერისთავის -კახაბერ (ჩხეტიძე) დამორჩილებას. მათ შორის ხშირად დიდი შუღლი და შეურიგებელი დაპირისპირება იყო. ეს უკანასკნელი, მის ნება სურვილს არ დაჰყვა და ატყდა მათ შორის ომი. ერთ - ერთი შეტაკების დროს იმერლებს ტყვედ ჩავარდნია რაჭველი ძმები- ონისიმე და ზოსიმე მაისურაძეები, რომლებიც იმერეთის მეფეს თავის ერთგული თავად წერეთელისათვის უჩუქებია. ამის შემდეგ ისინი წერეთლის მოსამსახურეები გამხდარან.
აღდგომის ერთ დილას, ბატონი თავისი მოახლეებითურთ წასულა ეკლესიაში სალოცავად. იქ მისულს, ცხენი მისახედად ზოსიმესათვის ჩაუბარებია. წერეთელი ეკლესიაში დიდხანს დარჩენილა და ზოსიმეს მთელი ამ ხნის განმავლობაში ცხენის აღვირი ხელიდან არ გაუშვია. გაუთავებელ ლოდინს თურმე ზოსიმე ძალზე მეტად გაუბრაზებია. ამის გამო მას ცხენი იქვე ღობის სარზე მიუბამს, ხოლო თვითონ ეკლესიის მრევლში გარეულა. ეკლესიიდან გამოსულ წერეთელს დაუძახნია: „ცხენიო“...! მაგრამ ის მას არავინ მიჰგვარა. ბატონს ღობეზე მიბმული უმეთვალყუროდ მიტოვებული ცხენი რომ დაუნახავს, განრისხებულა, ხმალი უშიშვლია და უყვირია: „...ახლავე აქ მომგვარეთ ის არამზადა მოსამსახურეო“. ამის გაგონებაზე ზოსიმეს თავის გადასარჩენად დ. ხონის მიმართულებით თავქუდმოგლეჯილი მოუკურცხლავს ისე რომ ბატონის მდევრებს ის ვერსად ვერ უპოვნიათ. ამასობაში მას ცხენისწყალი გადაუცურავს და სოფ. ლეხაინდრაოში ამოუყვია თავი, სადაც უკითხია ვინ იყო იმ მიწა-წყლის პატრონი. ადგილობრივებს უთქვამთ, რომ მათი ბატონი იყო ბანძელი თავადი ფაღავა. ზოსიმე მისულა თავად ფაღავასთან და უთხოვნია მისი მოსამსახურედ აყვანა, თანაც ერთგულება შეუფიცავს. თავადს მოუსმენია რა მისი სიტყვები, განუცხადებია, რომ მის თხოვნას დააკმაყოფილებდა იმ შემთხვევაში თუ ის რაჭულ გვარ მაისურაძეს- მაისაიად გადაიკეთებდა და ცოლად მხოლოდ ადგილობრივ მეგრელ ქალს შეირთავდა. ზოსიმე უყოყმანოდ დათანხმებულა ახალი ბატონის შეთავაზებას. ამის შემდეგ ფაღავას თავისი მოურავისთვის დაუვალებია ვედიდკარის ერთ- ერთ მუხურში (რაც მეგრულ დიალექტზე კუთხეს ნიშნავს), ზოსიმესთვის სამოსახლო მიწის მიზომვა. და როცა ეს ყოველივე აღსრულებულა, ზოსიმეს გარკვეული ხნის შემდეგ, ბატონის წინაშე თავისი დამსახურების წყალობით იმედ მიცემულს, მისი ძმის -ონისიმეს თავის გვარდით დასახლების უფლებაც მოუპოვებია. იმ დროიდან ძმები მაისაიები ბატონ ფაღავას საიმედო და საამაყო მსახურები გამხდარან.
სოფელ მუხურის იმ უბანს კი სადაც ძმები ზოსიმე და ონისიმე აწ უკვე მაისაიებად წოდებულნი გამრავლდნენ სოფელი ხურჩა დაერქვა, ხოლო უბანს- სამაისაიო (მაისაიების კუთხე).
უხუცესთა გადმოცემით, იმ პერიოდში ს. ვედიდკარში თურმე სოფლის ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობდა. მშენებლობის დასრულებისას საჭირო გამხდარა შენობის სახურავზე 12 ფუთიანი ლამაზად გათლილი, მოხატულ-მოქარგული, ჩუქურთმებიანი ქვის ატანა. სად იყო მაშინ საჭირო ტექნიკა. ყველაფერი ფიზიკური შრომით, ძალ-ღონის წყალობით და მოხერხებით კეთდებოდა. ბევრ ადგილობრივ ახალგაზრდას უცდია თავისი ღონე, მაგრამ არაფერი არ გამოსვლიათ. მაშინ ზოსიმე მაისაია მისულა თავად ფაღავასთან და მოკრძალებით უთხოვნია საკუთარი ჯან - ღონის მოსინჯვის ნებართვა. ზოსიმეს ბრწყინვალედ გაურთმევია თავი დასახული ამოცანისათვის, რითაც ბატონის კმაყოფილება და სასულიერო პირების ლოცვა-კურთხევა დაუმსახურებია. ამ ეკლესიის მსახურებს დაუმახსოვრებიათ ეს ღვაწლი და გარდაცვალების შემდეგ მისი ( როგორც რჩეული კაცის) ახლობლებისათვის- ეკლესიის წინ დაკრძალვის უფლება მიუციათ... მაშინ ეს ეკლესიის მესვეურთა მხრიდან ზოსიმეს ხსოვნისა და დამსახურებისადმი უდიდესი პატივის მიგება იყო.
დროთა განმავლობაში, სამეგრელოს უმდიდრეს და უმშვენიერეს ბუნების წიაღში, სრულიად ახალ გარემოში, გამრავლდნენ და გაძლიერდნენ კიდეც ძმების: ზოსიმე და ონისიმეს შთამომავლები. ამჟამად ისინი საქართველოს სხვადასხვა რაიონში ცხოვრობენ. ჩვენ გვარში აღიზარდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები და საზოგადო მოღვაწეები როგორებიც არიან: გენერალი ირაკლი დიმიტრის ძე მაისაია , დიდი სამამულო ომის პერიოდში ამიერკავკასიის მთავარსარდლის პირველი მოადგილე; მისი ძმა იონა მაისაია, დამსახურებული ექიმი- პროფესორი; მათი შთამომავლებიც პროფესიით ექიმები იყვნენ. ვალერიან (ვალიკო) რაჟდენის ძე მაისაია - საქვეყნოდ ცნობილი ნეიროქირურგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. (სამწუხაროდ, ის ადრე წავიდა ამ წუთისოფლიდან); ინეზა იპოლიტეს ასული მაისაია, პროფესორი, ნიკო კეცხოველის რჩეული მოწაფე; ბაძუ ნესტორის ძე მაისაია. მან პირველმა დაამყარა რადიოკავშირი დედაქალაქ თბილისთან; მამა- შვილ სიმონ და შოთა მაისაიების დიდი დამსახურება იყო კინოს პირველად ჩვენება დაბა ბანძასა და სოფელ მუხურჩაში და მრავალი სხვა.
ჩაიწერა და მასალა დაამუშავა გოგი მაისურაძემ.
2018 წლის 25 აპრილი.
P.S. - მასალის მოპოვებაში დიდი დახმარება გამიწიეს: მაისურაძეთა საგვარეულო კავშირის აქტივისტმა ქ. ახმეტის მკვიდრმა ბესიკ მაისურაძემ და მარტვილელმა ქალბატონებმა რუსუდან და ირმა მაისაიებმა, რისთვისაც მათ დიდ მადლობას მოვახსენებ.

კომენტარები (0)

ინფორმაცია
მომხმარებლებს ჯგუფიდან სტუმრები, არ შეუძლიათ ამ თემაში კომენტარის წერა.
მაისურაძეთა საგვარეულო კავშირი