» » ქვედრულა მოდიდებულა

ქვედრულა მოდიდებულა

ქვედრულა მოდიდებულა
მე-19 საუკუნის ბოლოს მიწისძვრის შედეგად ხეობის კლდეები (კლდებოძალი) ჩამოზვავდა და სოფელ ქვედის ზემოთ, მთის მდინარე ქვედრულა დააგუბა. რამდენიმე დღის განმავლობაში სოფელში მდინარე დაშრა. შემდეგ წყალმა ნაწილობრივ გაარღვია ახლადწარმოქმნილი ჯებირი, ღვარცოფმა თავის გზაზე ყველაფერი წალეკა და ძალიან დააზიანა სოფელ ქვედის მიდამოები. გაწყვიტა საქონელი და წვრილფეხი, ადამიანებიც კი. მიწისძვრის შედეგად წარმოიშვა ქვედის ტბა.
ამ მოვლენებს უკავშირდება ცნობილ ორპირულ რაჭულ სიმღერაში „ქვედრულა მოდიდებულა“ მოხსენიებული ამბები. აი ამ სიმღერის საყოველთაოდ გავრცელებული ტექსტი:
ქვედრულა მოდიდებულა
თან მოაქვს მთა და ბარია.
ლალაშვილს დაუქადნია
მე მომდის ბევრი ქერია.
შენი ქვედრულა მოგიკვდეს
თუ არ გიცვალოს ფერია.
მოსტაცა კალო, საბძელი
სამოცი კოდი ქერია,
წისქვილიც თან გაატანა
წადი და იქა ფქევია,
საცერიც თან გაატანა
წადი და იქა ცერია,
კეცებიც თან გაატანა
წადი და იქ აცხვევია.
დიასახლისი ჩიოდა
ვაი, რას მოვესწერია,
მომივა გულის სტუმარი
ვარ მჭადით მასპინძელია.

კაცი იკითხავს ეს ლალაშვილი ვინაა, ქვედში ხომ მაისურაძეები სახლობენ. ლალაშვილი ბაბუიშვილობის აღმნიშვნელია, თორემ ისიც მაისურაძეა, ისევე როგორც ვაიტაძე.
ეს ერთ-ერთი ყველაზე ომახიანი სიმღერაა ქართულ ფოლკლორში და მიუხედავად თავსდატეხილი უბედურებისა, მცირე წუწუნიც კი არ იგრძნობა. დიასახლისი წარღვნას კი არ ჩივის, ის უფრო ადარდებს სტუმარ-მასპინძლობის ადათი მერღვევაო. რა ჯიგარი წინაპარი მყოლია. მე ამ დიასახლისის შვილის შვილის შვილის შვილი ვარ. ამ დიასახლისის ქალიშვილი გათხოვილი ირში, დავით გაგნიძის (ხარებაანთის) მეუღლე - ბებიაჩემი ანას დედა იყო. ეს ყველაფერი დედაჩემისგან - ნინა კერესელიძისგან ვიცი გადმოცემით. ნ. კერესელიძე ონში ცხოვრობდა, II სკოლის დირექტორი და ქართულის პედაგოგი იყო.
გიორგი მეტრეველი
2019

კომენტარები (0)

ინფორმაცია
მომხმარებლებს ჯგუფიდან სტუმრები, არ შეუძლიათ ამ თემაში კომენტარის წერა.
მაისურაძეთა საგვარეულო კავშირი