» » ისტორია წედისის ზარის შესახებ

ისტორია წედისის ზარის შესახებ

წედისის ზარი
წედისის ბრინჯაოს ზარი ვნახე 1969 წლის ზაფხულში ონის რაიონის სოფ.წედისის საბჭოს თავმჯდომარის შალვა მაისურაძის სამუშაო ოთახში. ის ოთახის მარცხენა კუთხეში სკამ ქვეშიდო. როგორც მაშინ შევიტყვე, ბატონ შალვასთან საქმეზე მისულ სტუმარს თუ თანასოფლელს უნებლიედ თვალი მისკენ გაურბოდა. თამამი ცნობისმოყვარეები შალიკუნას (ასე ეძახდნენ შინაურები), ჯერ ზარზე ჩამოუგდებდნენ საუბარს და შემდეგ თავიანთ ძირითად სათქმელზე გადავიდოდნენ ...
აღნიშნულ პერიოდში, გახლდით რუსეთის შორეული აღმოსავლეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კურსის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი და ზაფხულის არდადეგებზე წედისში ჩავედი ჩემი დიდი ხნის მონატრებული ნათესავებისა და ბავშვობის მეგობრების მოსანახულებლად. პირველი დღე მათთან შეხვედრებს დავუთმე ხოლო შემდეგ უბნის სანახშოზე გასულმა, სოფლის ღირსშესანიშნავი ადგილების: (ბადელისის ჭალა,ზედუბანი,გალავანი, კლდუანი, სამჭედლო, კალოები და სხვ., რომლებთანაც ჩემი ადრეული ბავშვობის საუკეთესო წლები და მოგონებები მაკავშირებდა), დავათვალიერე. სამჭედლოდან გამოსულს ბატონმა შალვამ მეორე სართულიდან გადმომძახა: „ გოგი, ჩემთან რატომ არ ამოდიხარო?“ მეც ბევრი არ მიფიქრია და უმალ მის „კაბინეტში“ აღმოვჩნდი. მან გულთბილად მოგვიკითხა მე და ჩემი მშობლები, გუდაუთელი მეზობლები- ჩვენი საერთო ნათესავები, სტუდენტობა მომილოცა და წარმატებები მისურვა.
საბჭოს თავმჯდომარემ, ჩემთან საუბარში ამაყად ხაზი გაუსვა, რომ მისი სამივე ქალიშვილი* სტუდენტი იყო და მთხოვა დედაქალაქში რომ ვიქნებოდი, მათაც შევხვედროდი, რითაც ისინი ძალიან გაიხარებენ. ამის შემდეგ მან მოიგონა ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, თუ როგორ „დაგვაპატიმრა“ მე, ჩემი უმცროსი ძმა ზურაბი, ჩვენი სიყრმის მეგობრები: გოგი და კუკური, ჩვენსავით ზაფხულის არდადეგებზე ახლო ნათესავებთან ქ. ბათუმიდან სტუმრად ჩამოსულები. ყველანი დაგვაკავა და სამუშაო ოთახში ჩაგვკეტა იმიტომ, რომ გალავნის წყაროზე წყლით სავსე გრძელ გობში „დელფინებივით ვყვინთავდით და სოფლის ნახირს წყლის დალევის საშუალებას არ ვაძლევდით“... მადლობა უფალს, რომ მაშინ ჩვენ ბატონი შალვას კლანჭებიდან, მსხნელად თეთრხალათზე წითელ ჯვარგამოსახული ადგილობრივი სამედიცინო პუნქტის გამგე, ნადია მამიდა მოგვევლინა. რა დამავიწყებს მის სიტყვებს: „შალიკო, შე ოჯახქორო!.. ეს ბალღები დაუყონებლივ გაათავისუფლე, წედისი არ შეაძულო, თორემ ვერ გადამირჩებიო. ისინი შავ ზღავაზე არიან დაზრდილები და მზისგან დასიცხულებს ალბათ ზღვაში ნებივრობა მოენეტრათ და გობის წყალში ჭყუმპალობით ერთობიანო!“
მოგვიანებით (1990-1991 წ.წ.) ერთ-ერთი მათგანი ქ-ნი ლალი მაისურაძე, საქართველოს პირველი პრეზიდენტის -ზვიად გამსახურდიას უერთგულესი თანამებრძოლი და პირადი მდივანი გახლდათ
ეს სიტყვები მამიდაჩემმა ისეთი შემართებითა და ამაღლებული ტონით წარმოსთქვა, რომ შალვამ მხოლოდ ხელები გაასავსავა და თქვა: „ჩემო ნადია, დე, აღსრულდეს ნება შენიო! სოფელი ჩივის, მე, ბიჭუნეების მხოლოდ გაფრთხილება მინდოდა, თორე იმ ცელქობისათვის მართლა მილიციაში ჩაბარებას კი არ ვუპირებდიო.“ ეს ეპიზოდი რომ გავიხსენეთ, ორივემ გულიანად ვიცინეთ. ამის შემდეგ ბატონი შალვას ყურადღება გადავიტანე დიდი ხნოვანების, ძველ დიდებაშენარჩუნებულ, დროჟამისაგან ალაგ-ალაგ ფერშეცვლილ ბრინჯაოს ზარზე, რომელიც სკამქვეშეთიდან ,მართლაც, ობლად და მიუსაფრად გამოიყურებოდა. მე მივედი ახლოს და ხელში ავიტაცე ის დიდებული ნახელავი. მაშინ, ჩემი ყურადღება მიიქცია ზარზე ნატიფი ხელით ქართული ასომთარულით ამოტვიფრულმა წარწერამ: „შესაწირავად წმინდა გიორგის და მთავარანგელოზს გიორგი მაისურაძისაგან (ცხმორელი)“.
ბატონ შალვას ვთხოვე მოეთხრო ყველაფერი რაც კი იცოდა ამ, მართლაც, ისტორიული რელიქვიის შესახებ და აეხსნა თუ რატომ ინახავდა ასე გულმოდგინედ თავის სამუშაო ოთახში. მან ერთი კი ამოიხვნეშა, თითქოს ამით მაგრძნობინა თუ მერამდენედ უწევდა ამის თხრობა, ჩემზე არანაკლებ დაინტერესებული ცნობისმოყვარეებისათვის, მაგრამ ხათრი ვერ გამიტეხა, გვერდზე გადადო პირადი თუ საზოგადო საქმეები და მთელი არსებით შეეცადა ჩემი (მამაპაპისეულ ისტორიულ სამკვიდროში სტუმრადჩასული სტუდენტის) ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას.
„... ეს ზარი დიდი სამამულო ომის (1941 – 1945 წ.წ.) დროს საქართველოს სახელმწიფოს ზემდგომი ორგანოების დირექტივის შესაბამისად, ონის რაიონში მდებარე სხვა მრავალი ეკლესიის მსგავსად, იქნა ჩამოხსნილი, მიზეზად კი ფრონტის საჭიროებისათვის გადადნობა სახელდებოდა. ს. წედისის ეკლესიებიდან ჩამოხსნილ ზარსაც ეს ბედი ეწია და ვითომ, გადასადნობად ქ. ონში, უკვე სხვაგან ჩამოხსნილებს, ისიც შემატეს... მათი დასაწყობების ადგილზე ის, როგორც ს. წედისის ეკლესიის კუთვნილება, ამოიცნო ანთიმო მაისურაძემ (ხუციაანთი) და მისი ახლო მეგობრის ხელშეწყობით გადამალა. ომის დამთავრების შემდეგ მან ზარი ჩაიტანა სოფ. ჩორდში და იქ მდებარე სალოცავზე ჩამოკიდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ს. ჩორდში დღეობაზე მიწვეულმა წედისელებმა იცნეს ეს ზარი და ჩორდელებისაგან მათი სოფლისთვის უკან დაბრუნება მოითხოვეს, რასაც ისინი შეეწინააღმდეგენ...
წედისელებმა - კოტე პავლეს ძე მაისურაძემ და ანგი ილიკოს ძე მაისურაძემ, შეარჩიეს სათანადო დრო და ს. ჩორდის სალოცავიდან ზარი მალულად ჩამოხსნეს და ს.წედისში წაიღეს, რასაც ორი სოფლის თემებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. იმ პერიოდში ს. ჩორდის კოლმეურნეობის თავმჯდომარე ყოფილა არქიფო გოგრიჭიანი. ერთ დღეს, სოფლის სასაფლაოს შემოკავებით გართული ახალგაზრდებისათის უთქვამს: „ვინც წედისიდან იმ ზარს უკან სოფელში ჩამოიტანს, ხბოს ვაჩუქებო“. ადგილობრივმა ვაჟკაცებმა იცოდნენ რა წედურების ახირებული ხასიათის შესახებ, არაფერი უთქვამთ, მაგრამ მათ შორის თავი გამოუდვია ერთ ზესიძედ მოსულ იმერელ ახალგაზრდას (გვარსახელი უცნობია), რომელსაც დაუტრაბახებია, მე ვიზამ ამ საქმესო. მართლაც, რამდენიმე დღის შემდეგ, წვიმიან ღამეს, წედისის ეკლესიიდან ეს ზარი ჩამოუხსნია და ს.ჩორდში ჩაუტანია...
ძალიან მალე, წედურებს ინდიკო პარმენის ძე მაისურაძესა და გრიშა ერასტის ძე მაისურაძეს დაუდგენიათ ზარის ს.ჩორდში წამღები. ქ. ონში დაუმარტოხელებიათ და გულიანად გამოუკითხავთ(დაუმუშავებიათ). მასაც უღიარებია ზარის ს. წედისიდან მოპარვის ფაქტი და მისი იმჟამინდელი ადგილსამყოფელიც უთქვამს.
წედისის თემს ბატონი შალვასთვის, აღნიშნულის თაობაზე, კატეგორიულად მოუთხოვია რაიონულ ადმინისტრაციულ ორგანოებში განცხადების შეტანა. რათა მართლმსაჯულებას დაედგინა იმ ზარის კანონიერი მფლობელი. მისი განცხადების საფუძველზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომლის გამოძიება დაევალა წარმოშობით ს. ჩორდის მკვიდრს, პროკურატურის გამომძიებელს ბატონ ნოდარ მაისურაძეს. მან ობიექტურად დაადგინა საქმის გარემოებები, რის შემდეგ ონის რაიონის სასამრთლომ მოსამართლე ა.საბანაძის თავმჯდომარეობით სადავო ზარი წედისის ეკლესიას მიეკუთვნა. ამით მოდავე მხარეები თითქოს დაზავდნენ, თუმცა, ჩორდელები წყენას მაინც ვერ მალავდნენ თავიანთ თანასოფლელი ნოდარ მაისურაძის მიმართ. რადგანაც მას მიკერძოებში დებდნენ ბრალს. საუბრის ბოლოს, მე ვუთხარი ბატონ შალვას: “ კი მაგრამ, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მაინც, რატომ არ ააბრძანებთ ზარს მის კუთვნილ ადგილზე- მეთქი. მან ალმაცერად ამომხედა და მიპასუხა: „ის აქ რომ არის, უფრო მშვიდად ვართ წედურები. აქედან დაუკითხავად მას ვერავინ წაიღებს. ეკლესიიდან კი შეიძლება ისევ მოიპარონ და ორ თემს შორის დაპირისპირება ისევ განახლდესო“. მე ის დავამშვიდე და ვურჩიე, სულთმოფენობის წინა დღეს, სოფლის თავკაცებს ზარის „გორის სალოცავზე’’ აბრძანება და მაღალ, ლითონის მსხვილ მილზე დაკიდება, რომელსაც სპეციალური ტექნიკის გამოყენების გარეშე ვერავინ ჩამოხსნიდა. თანაც დავძინე, რომ სასამართლო განჩინების შემდეგ, უკვე მას კანონი იცავდა და მართლმსაჯულება ნებისმიერს დასჯიდა ვინც ამ გადაწყვეტილების უგულველყოფას შეეცდებოდა.
ერთი წლის შემდეგ ს. წედისში მორიგი ასვლისას ჩემმა ახლობლებმა მახარეს, რომ ზარი გორის სალოცავზე იყო და მაღალ რკინის ბოძზე ეკიდა. „ როდესაც იქ ავდივართ და მას ჩამოვკრავთ, მის შესახებ, შენი მონაყოლი ისტორია გვახსენდებაო,“- დაამატებდნენ ბოლოს.
გავიდა წლები და ერთ მშვენიერ დღეს, სოფელ წედისის ყველაზე დიდი გულშემატკივარის და ჭირისუფალის, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული პატრიოტის და მეცენატის, წარმოშობით წედისელი ამბროსი მაისურაძის თაოსნობით (ლეკვიჩაანთი) ქ. თბილისიდან ჩვენს ისტორიულ სოფელში, სრულიად საქართველოდან ვისტუმრეთ მაისურაძეთა საგვარეულო კავშირის აქტივისტების ერთი ჯგუფი. სკოლის შენობაში შევხვდით წედისელებს, ვნახეთ სოფლის ღირსშესანიშნაობები, შემდეგ კი, ტრადიცასამებრ, ავედით გორის წმინდა გიორგის ეკლესიის მოსალოცად... იქ ასულმა უმალ ჩემს ნაცნობ ზარს შევავლე თვალი. როდესაც ზარის შემოკვრისათვის მის თოკს ჩავჭიდე ხელი, სუმნათი ბატონი შალვას სიტყვები მომაგონდა... საუკუნენახევარი ხნის სამ ვებერთელა, თავმომწონედ მდგარ ურთხველის (უთხოვარი) ჩრდილ ქვეშ, მაისურაძეებმა ერთმანეთს ძმობა, ერთგულება, საკუთარი მამულისა და საგვარეულო ფესვებისადმი სიყვარული შევფიცეთ... უნებურად, რატომღაც ჩემი მზერა ზარის, რკინის ბოძზე, მავანისგან ლითონმჭრელი ხელსაწყოთი მიყენებულმა ნაიარებმა მიიქცია. მართალია, მაშინ ამის შესახებ არავისათვის არაფერი მითქვამს. თუმცა, რამაც მაშინ გონებაში გამიელვა უთქმელადაც კარგად მიმიხვდებით...
გოგი მაისურაძე (გოგილაანთი).
ქ. თბილისი, 2016 წ. ღვინობისთვე.

კომენტარები (0)

ინფორმაცია
მომხმარებლებს ჯგუფიდან სტუმრები, არ შეუძლიათ ამ თემაში კომენტარის წერა.
მაისურაძეთა საგვარეულო კავშირი