ივერონის მონასტერი
კარიესიდან ტყის გავლით 1 საათის სიარულის შემდეგ მივედით, იოანე ნათლისმცემლის ყოფილ, ქართველთა სავანეში (მიტოვებულია და ნანგრევებია შემორჩენილი), სადაც წმ.იოანე აღმსარებელი (მაისურაძე) აღიკვეცა ბერად და 17 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა. უფლის ნებით მოგვეცა შესაძლებლობა აგვესრულებინა ჩვენი ათონის მთაზე ჩასვლის ძირითადი მისია: ამ მიტოვებული ეკლესიის წინ მამა იონამ გადაიხადა წმ.იოანე და წმ.იოანე-გიორგი აღმსარებლების პარაკლისი.
40 წუთის ფეხით სიარულის შემდეგ ჩავედით წმ. ივერთა მონასტერში, სადაც საუკუნეების განმავლობაში ქართულად აღევლინებოდა წირვა-ლოცვა. ჩვენს წინ ციხე-ქალაქი გადაიშალა, რომლის კედლების სიმაღლე დაახლოებით 5-6 მეტრს აღწევს. წმიდა მთაზე ივერონის მონასტერს იერარქიულად მესამე ადგილს უკავია, აქ ყველგან იგრძნობა ქართული სული და რაოდენ სამწუხაროა, რომ ახლა არცერთი ქართველი ბერი არ მოღვაწეობს ივერონში. ლბათ წმ.იოანე აღმსარებელი იყო ბოლო ბერი ვინც 1921 წელს დატოვა წმ ივერონის მონასტერი. უფლის ნებით დღეს ივერონის მონასტერში დაბრძანებულია წმ.იოანე და წმ.გიორგი-იოანეს ხატი.
ივერისღვთისმშობლის ხატი დაბრძანებულია კარიბჭის ეკლესიაში, რომლის ზღვიდან გამობრძანების უფლება უფალმა მისცა მხოლოდ ქართველ ბერ გაბრიელს.
სანაპიროზე არსებული, კელიაში დაბრძანებული „ივერისღვთისმშობლის“ ხატის ასლი მოვილოცეთ. ამ ხატს ასეთი ისტორია აქვს, როდესაც ბერმა გაბრიელმა ზღვიდან გამოაბრძანა ივერის ღვთისმშობლის ხატი, ხატი ჯერ სანაპიროზე დააბრძანა და იმ ადგილზე ამოვიდა მტკნარი წყალი, რომელიც წმ.წყალია, აქვე აშენდა ეს კელია და ხატის ასლი იმიტომაა დაბრძანებული.
კომენტარები (0)