კოსტა მაისურაძე
სახელოვანი ქართველი ფალავანი კოსტა მაისურაძე 1881 წელს დაიბადა, სოფელ ცხმორში, პატარა კოსტა დილას ყანაში ეხმარებოდა მშობლებს, ხოლო საქმის დამთავრების შემდეგ, თითქმის მთელი დღის განმავლობაში ვარჯიშობდა, სხეულის და მებრძოლი სულის განმტკიცებისთვის.
იგი საჭიდაო სარბიელზე გამოდის 1902 წლიდან. თბილისის ცირკის იმ დროინდელი პატრონის, ვინმე ნიკიტინის დახმარებით გაემგზავრა მოსკოვში, სადაც შეისწავლა ფრანგული ჭიდაობის ილეთები, რაც ძალიან გამოადგა: თბილისში, პეტერბურგში, მოსკოვში, კიევში, გროზნოში, კისლოვოდსკში გამართულ შეჯიბრებებში, სადაც მრავალი სახელგანთქმული ფალავანი დაამარცხა, მათ შორის: „კაზბეკ-გორა“, გრიგორი კაშჩეევი, პაველ ზაგორუიკო, ნიკოლოზ ვახტუროვი, ივან ზაიკინი, ალიოშა გრამილოვი, კლემენტი ბული, და სხვა.
კოსტა მაისურაძე ჭიდაობის ილეთების იშვიათი მცოდნე იყო და მან ბევრჯერ მოიპოვა გამარჯვება საზღვარგარეთის ქვეყანებში, რომლებიცაა: იაპონია, ირანი, საფრანგეთი, გერმანია, რუმინეთი, რუსეთი და სხვა, სადაც მიიღო გამარჯვებულის ქამრები და სამახსოვრო ჯილდოები.
კოსტა მაისურაძე იყო ერთ-ერთი უძლიერესი ფალავანი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა და კარგი სახელი დატოვა ქართული სპორტის ისტორიაში.
1910 წელს პირველი ადგილი დაიკავა თბილისში გამართულ დიდ ტურნირში, რომელშიც უცხოელი მოჭიდავეებიც გამოდიოდნენ.
კოსტა მაისურაძე 1918 წელს ტიფით გარდაიცვალა ქალაქ ბაქოში.
მაისურაძეთა საგვარეულო კავშირის მიერ გაწეული გარკვეული სამუშაოს შემდეგ ცნობილი გახდა, რომ იგი დაკრძალული იყო ქ. ბაქოს ე.წ. „ნაგორნი პარკში“ მდებარე ებრაელების საფლავის გვერდით არსებულ, ქართველთა სასაფლაოზე და მისი საფლავი შემოსაზღვრული ყოფილა მხვილი, შავი ფერის ჯაჭვით, რაც მოწმობდა, რომ აქ ძლიერი კაცი იყო დაკრძალული.
საგვარეულო კავშირმა დაგეგმა, აღნიშნული საფლავის თვითმხილველის, ვინმე ლობჟანიძის წაყვანა ქ.ბაქოში, რათა გვენახა საფლავის ზუსტი ადგილ-მდებარეობა, მოგვეხდინა მისი ედენტიფიცირება და დაგვეწყო სახელოვანი ფალავანის ნეშტის სამშობლოში გადმოსვენების სამუშაოები.
საფლავის ოფიციალურად მოძიების მიზნით მაისურაძეთა საგვარეულო კავშირმა, 2013 წლის 3 ივლისის, N1/3 წერილით მიმართა საქართველოს საგარეო სამინისტროს, რათა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გაეწია დახმარება, ქ. ბაქოში კოსტა მაისურაძის საფლავის მოძიებასა და მისი ნეშტის გადმოსვენებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2013 წლის 26 აგვისტოს N01/34712 წერილით, თანდართული აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს N5/15-1684/15/13 ნოტის ასლით, გვაცნობა, რომ: „ქ. ბაქოში ვერ მოხერხდა ცნობილი ქართველი ფალავნის კოსტა მაისურაძის საფლავის მოძიება.“
მაისურაძეთა საგვარეულო კავშირმა 2005 წლის 31 ოქტომბრის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით გდასცა, ხოლო ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა ჩაიბარა: 1. კოსტა მაისურაძის ვერცხლის მედალი (ერთი ცალი), 2. კოსტა მაისურაძის ფოტო სურათი ორიგინალი, კოსტას ხელნაწერით, 3. კოსტა მაისურაძის გამოსვლების აღმნიშვნელი საცირკო აფიშების ასლები.
კომენტარები (0)