» » ძმები ზაქარია და ალექსანდრე მაისურაძეები

ძმები ზაქარია და ალექსანდრე მაისურაძეები

ძმები ზაქარია და ალექსანდრე მაისურაძეები

ხსოვნა, მოგონება, არ დავიწყება იმ ადამიანთა წილხვედრია ვინც ასეთ პატივს იმკვიდრებს განვლილი ნაყოფიერითი შემოქმედებითი ცხოვრებით, ამის საფუძველი ხდება თაობებისათვის გადაცემული უანგარო ამაგი-ცოდნა, გამოცდილება,ინტუიცია, ადამიანური სითბო და მოქალაქეობის პირადი მაგალითი. სწორედ ასეთი ამაგი დასდო ახალგაზრდა მედიკოსთა თაობებს მისი მრავალი წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის მანძილზე პროფესორმა ზაქარია ნიკოლოზის ძე მაისურაძემ. მდიდარი ეროვნული სულის მქონე, სამშობლოსა და პროფესიული საქმიანობის უსაზღვრო პატრიოტი, პრინციპული, მომთხოვნი, ობიექტური მეცნიერ-პედაგოგი ასეთი დარჩება იგი ყველა იმ პირთა მეხსიერებაში, ვინც მას იცნობდა და მის მადლს ეზიარა.

ვფიქრობთ, რომ მისმა სიბრძნემ, შორსმჭვრეტელობამ და მამულის ხვალინდელი დღის რწმენამ განსაზღვრა მისი ოპონენტური განწყობა არსებული იმდროინდელი ანტიეროვნული პოლიტიკისადმი, მაშინ როდესაც პარტიულობა და ლოიალობა გადამწყვეტი ფაქტორი იყო დიდი კარიერისა.

ზაქარია მაისურაძე იმ ქართველ მედიკოსთა სახელოვან პლეადას ეკუთვნის, რომლებმაც თავის მხრებზე გადაიტანეს საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლების კერის - სამედიცინო ინსტიტუტის შექმნისა და განვითარების საქმე. კიევის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, სრულიად ახალგაზრდა ექიმი ზაქარია მაისურაძე პროფ. ალექ. ნათიშვილის წარდგენით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამგეობის დადგენილებით (ოქმი N2, 1918წ.) დაინიშნა სამკურნალო ფაკულტეტის ადამიანის ნორმალური ანატომიის პირველ ასისტენტად.

1918 წელს ძალიან მცირე იყო სამკურნალო ფაკულტეტზე პროფესორ-მასწავლებელთა შემადგენლობა. უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის პირადი შემადგენლობა თანდათანობით ივსებოდა. თუ გადავხედავთ წარსულის ფურცლებს (თანამედროვე მედიცინა 1923წ.) 1918 წელს მათი რიცხვი სულ სამი პიროვნებისგან შედგებოდა. ესენი იყვნენ: მოწვეული პროფესორები ალექსანდრე ნათიშვილი (ნორმალური ანატომიის, ტოპოგრაფიული ანატომიის და ჰისტოლოგიის კათედრა) და ვარლამ მოსეშვილი (ფარმაკოლოგია, ფიზიოლოგია), ასისტენტი ზაქარია მაისურაძე (ნორმალური ანატომია). 1919-21 წლებში საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის არსებობის პერიოდში, მათ რიგებს შეემატნენ რუსეთში განსწავლული პროფესორები: ალექ. ალადაშვილი, სვ. ამირეჯიბი, სპ. ვირსალაძე, ივ. თიკანაძე, ნ. კახიანი, გრ. მუხაძე, ალ. მაჭავარიანი, გ. ღამბარაშვილი, ვლ. ჟღენტი, იოვ. ქუთათელაძე, მიხ. წინამძღვრიშვილი; დოცენტები: შ. მიქელაძე, ვ.როსტომბეგოვი, მიხ. მგალობლიშვილი, ვ. საყვარელიძე, ვ. მუსხელიშვილი, მ. უგრელიძე; ასისტენტები: ნიკ. დემეტრაძე, ვ. კაკოიშვილი, ვლ. ცეცხაძე, ა. მალაევი, ივ. კონიაშვილი, ნიკ. ანდრიაძე, კ. ერისთავი, პ. ქავთარაძე, გ. ნაზარიშვილი, ნიკ. ყიფშიძე, ბ. ღოღობერიძე, დ. იოსელიანი და სხვა.

1927-28 წლებისათვის სამკურნალო ფაკულტეტის პირადი შემადგენლობა ორდინატორებთან ერთად ითვლიდა 141 წევრს. მედიკოსების რიცხვის ასეთმა ზრდამ სულ მალე დააყენა საკითხი სამკურნალო ფაკულტეტის გამოცალკევების შესახებ უნივერსიტეტიდან ცალკე უნივერსიტეტად, როგორც ქართველ მედიკოსთა ახალი სამჭედლო.

56 წლის მანძილზე ზაქ. მაისურაძის მეცნიერული, პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობა განუყრელად უკავშირდებოდა ანატომიის კათედრას. ახალშექმნილ კათედრაზე სწავლების მაღალი დონის მისაღწევად პირველ რიგში საჭირო იყო ორიგინალური, ქართულ ენაზე არსებული ანატომიური ტერმინების შექმნა. ამ მამულიშვილურ საქმეს კათედრის გამგე პროფ. ალ. ნათიშვილი ხელმძღვანელობდა, ტერმინთა შეკრებისა და შერჩევის სამუშაოს ზაქ. მაისურაძე ასრულებდა. გაუკაფავი იყო მის მიერ განვლილი გზა. იმ დროიდან მოყოლებული ქართული სამედიცინო ტერმინოლოგია პროფ. ზაქ. მაისურაძის ყოველდღიური საზრუნავი გახდა. ქართული სამედიცინო ტერმინოლოგიისა და მის საფუძველზე სახელმძღვანელოების შექმნა ქართულ ენაზე აუცილებელი იყო, სამკურნალო ფაკულტეტის ორგანიზაციის და ზოგადად ქართული სამედიცინო განათლების განვითარებისათვის.

უკვე 1919 წელს პირველი ანატომიური ტერმინები ქართულ-რუსულ-ლათინურ ენებზე გამოიცა ცალკე რვეულებად, რაც საფუძვლად დაედო ანატომიის სახელმძღვანელოს I და 2 გამოცემას პროფ. ნათიშვილთან ერთად.

ფრიად მნიშვნელოვანია ზაქ. მაისურაძის მოღვაწეობა სამედიცინო კადრების მომზადებაში. სტუდენტების ჭეშმარიტი წრთვნა, მკაცრი, ობიექტური მომთხოვნელობა ახასიათებდა ბატონ ზაქარია მაისურაძის პედაგოგიურ მეთოდს.იგი იყო საოცრად თბილი გრძნობების მქონე პიროვნება. მეტად შთამბეჭდავი იყო მისი დამაჯერებელი, ბრძნული საუბარი, რომელშიაც ოსტატურად ერთიანდებოდა უბრალოება და აზრის სისადავე. როგორც პედაგოგი, თაობების აღმზრდელი პროფ. მაისურაძე გამოირჩეოდა არა მარტო თავისი სპეციალობის და მედიცინის ღრმა ცოდნით, იგი დიდი ერუდიციის მქონე მეცნიერი იყო, თავისი ერის ისტორიის და ლიტერატურის საფუძვლიანად მცოდნე და ეროვნული მიღწევების პროპაგანდისტი.პროფ. ზ. მაისურაძემ მეტად მრავალფეროვანი, შინაარსიანი და ნაყოფიერი შემოქმედებითი ცხოვრების გზა განვლო.

1919 წელს მას ირჩევენ სამკურნალო ფაკულტეტის პირველ მდივნად, 1923 წლიდან შედიოდა თბილისის უნივერსიტეტის რექტორატის შემადგენლობაში. 1919 წლიდან ზაქ. მაისურაძის აქტიური ცხოვრება უკავშირდება სამედიცინო ჟურნალების დაარსება-გამომცემლობის საქმიანობას. მას ირჩევენ საქართველოს ექიმთა საზოგადოების მიერ არსებული, I ჟურნალი „ექიმი“-ს პასუხისმგებელ მდივნად (რედაქტორი სპ. ვირსალაძე) და აგრეთვე საქართველოს ექიმთა საზოგადოების ჟურნალ „საქართველოს სამკურნალო მოამბე“-ს პასუხისმგებელ მდივნად (რედაქტორი პროფ. გ. ღამბარაშვილი).

1925 იგი ჟურნალ „თანამედროვე მედიცინა“-ს პასუხისმგებელი მდივანი და სარედაქციო კოლეგიის წევრია. ეს ჟურნალი წლების მანძილზე იყო ერთადერთი სამეცნიერო ხასიათის ჟურნალი. შემდგომ ზაქ. მაისურაძე იყო ჟურნალ „საქ. ჯანსახკომის მოამბე“-ს (რუსულ-ქართული) პასუხისმგებელი მდივანი.

საერთოდ ბატონ ზაქარიასთვის დამახასიათებელი იყო ეროვნული სასიკეთო საქმისადმი დაუზარელი და უანგარო თავგამოდება. როდესაც საქართველოში სამედიცინო საზოგადოება აღსდგა მალარიის ლიკვიდაციასთან საბრძოლველად, ზაქ. მაისურაძე ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა ამ წამოწყებას და დასავლეთ საქართველოს მრავალ რაიონში იგი ეწეოდა პრაქტიკულ მუშაობას მალარიის წინააღმდეგ გაშლილ ბრძოლაში.

ზაქ. მაისურაძე დროის სხვა და სხვა პერიოდში, ატარებდა სალექციო კურსს კბილების სპეციალურ ანატომიაში, შემდეგ სამკურნალო ფაკულტეტის ოდონტოლოგიის კურსზე. იგი დიდხანს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ანატომიის საგნის ხელმძღვანელი. ჯანსახკომის მიერ მოწყობილ კბილის ექიმთა დახელოვნების კურსებზეც მას დაევალა ანატომიის ლექციებისა და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარება. ზაქ. მაისურაძე 1931 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დირექციის მიერ არჩეულ იქნა დოცენტად. მას მიენდო ანატომიის კურსის წაყვანა სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაცევტულ ფაკულტეტზე, რასაც იგი აკეთებდა ფაკულტეტის ინსტიტუტად გამოყოფამდე. იგი დაინიშნა აგრეთვე სანიტარიული ფაკულტეტის ხელმძღვანელად. დიდია პროფ. ზაქ. მაისურაძის დამსახურება საქართველოში სტომატოლოგიის განვითარებაში. იგი წლების განმავლობაში იყო თბილისის სახელმწიფო სტომატოლოგიური ინსტიტუტის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტთან შეერთების შემდეგ - სტომატოლოგიური ფაკულტეტის დეკანი. სხვა და სხვა წლებში ზაქ. მაისურაძე იყო საქ. მედსანშრომის მეცნიერ მუშაკთა სექციის პასუხისმგებელი მდივანი და ბიუროს წევრი, საქ. ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის სწავლული მდივანი, საქ. კურორტოლოგიის და ფიზიოთერაპიის ს/კ ინსტიტუტის სწავლული მდივანი.

1942-44 წ.წ. II სამამულო ომის პერიოდში ზაქ. მაისურაძე იყო ჯანსახკომის სამკურნალო-პროფილაქტიურ სამმართველოს უფროსი, 1945წ. თსსი-ს ნორმალური ანატომიის კათედრის პროფესორი. 1959 წლიდან 1975 წლამდე, სიცოცხლის ბოლომდე იგი თსსი-ს ნორმალური ანატომიის კათედრის გამგეა. დიდია პროფ. ზაქ. მაისურაძის ღვაწლი როგორც მეცნიერისა ანატომიის განვითარების საქმეში.

ზაქარია მაისურაძეს ეკუთვნის ნ.კულჩიცკის „ცხოველთა და ადამიანის ჰისტოლოგიის საფუძვლების“. ნ. კლიმოვის „შინაურ ცხოველთა ანატომიის, ზოლტიხინის „რენტგენოანგიოლოგიის“ და ავტოკრათკის „შინაურ ცხოველთა ანატომიის „თარგმანები და ალ. ნათიშვილთან ერთად „ადამიანის ნორმალური ანატომიის“ სახელმძღვანელოს გამოცემა.

ზაქ. მაისურაძემ ერთ-ერთმა პირველმა აუბა მხარი იმ დროს ახალ მეცნიერულ მიმდინარეობას _ ვარიაციულ ანატომიას - რომელსაც აკად. შევკუნენკო ხელმძღვანელობდა და მისი შრომები, მათ შორის მისი სადოქტრო დისერტაცია, სწორედ საჭმლის მომნელებელი ორგანოების ანატომიური ვარიანტების შესწავლას და გაშუქებას ეხება. ამ შრომებს არამარტო სამეცნიერო, არამედ პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა და დღესაც აქვს ქირურგიული კლინიკისათვის. პროფესორი ზაქ. მაისურაძე ერთგვარ ნოვატორად გვევლინება როდესაც უმაღლეს სამედიცინო სკოლებში პირველად იყო დასმული საკითხი ფაკულტეტებზე პროფილური სწავლების შესახებ. ბატონმა ზაქარიამ პირველმა ყოფილ საბჭოთა კავშირში შეადგინა სახელმძღვანელო (1962) სანიტარულ-ჰიგიენური ფაკულტეტისათვის. უნდა ავღნიშნოთ, რომ ანალოგიური სახელმძღვანელო რუსულ ენაზე მხოლოდ 1978 წელს შეიქმნა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ზაქ. მაისურაძის ფასდაუდებელი ღვაწლი ქართული სამედიცინო ტერმინოლოგიის შექმნაში. ქართული სამედიცინო ტერმინოლოგიის შეგროვებამ და დახვეწამ შესაძლებლობა მისცა 1947 წელს გამოექვეყნებინა „სამედიცინო ტერმინოლოგია“. ეს „სამედიცინო ტერმინოლოგია“ გამოიცა საქ. მეცნიერებათა აკადემიის სატერმინოლოგიო განყოფილების მიერ. ვუკ. ბერიძის თაოსნობით. დარგობრივი სპეციალისტებიდან მონაწილეობდნენ პროფ. ა. ალადაშვილი, ვლ. ჟღენტი და სხვა. იგი იყო მთელი რიგი საზოგადოების გამგეობის წევრი როგორიცაა: მედიცინის ისტორიკოსთა რესპუბლიკური საზოგადოების გამგეობის წევრი, გეოგრაფია საზოგადოებაში ანტროპოლოგიური სექციის პასუხისმგებელი მდივანი, საქ. პოლიტიკური ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების პასუხისმგებელი მდივანი, საქ. ანატომიათა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარე.

პროფ. ზაქ. მაისურაძის მიერ განვლილი ნაყოფიერი შემოქმედებითი ცხოვრების გზა ჭეშმარიტად იყო გზა ტაძრისაკენ. მისი ცხოვრების რვა ათეული წლის მანძილზე ეს გზა არამც თუ არ გამრუდებულა, არამედ იგი მარადჟამ რჩება ცოდნის, შრომის, პრინციპულობის, მოძმის თანადგომის და გამტანობის მისაბაძ მაგალითად. ამიტომაც დატოვა მის მიერ განვლილმა გზამ კვალი ნათელი, რომელიც უძლებს ჟამთა სვლას და გადაეცემა თაობიდან თაობებს.


ავტორი: თენგიზ მაისურაძე


წყარო: dzmebi-zakaria-da-aleksandre-maisuradzeebi.pdf [1.94 Mb] (გადმოწერა: 3)

კომენტარები (0)

ინფორმაცია
მომხმარებლებს ჯგუფიდან სტუმრები, არ შეუძლიათ ამ თემაში კომენტარის წერა.
მაისურაძეთა საგვარეულო კავშირი