ლოტბარი

ლოტბარი
ლოტბარი
ლოტბარი
1931 წლის 1 აპრილს, თბილისში გარდაიცვალა ქართული ხალხური მუსიკის ერთ-ერთი მოტრფიალე და პოპულარიზატორი სახელმოხვეჭილი ლოტბარი ალექსანდრე მაისურაძე.
ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მაისურაძე დაიბადა თბილისში 1894 წლის 12 იანვარს მოსამსახურის ოჯახში. მამამისი, ნიკოლოზ მაისურაძე გადმოსული იყო თბილისში გორის მაზრის სოფ. სანებელიდან. დედა, ნინო გონგლიაშვილი ქარელიდან გლეხის ასული იყო. სტალინირში ახლაც ბლომად არიან მაისურაძეები, რომლებიც ალბათ გადმოსულნი არიან რაჭიდან.
1902 წელს პატარა ალექსანდრე თბილისის ქართულ გიმნაზიაში შეიყვანეს. აქ მან 1915 წლამდე დაჰყო და ავადმყოფობის გამო მერვე კლასიდან გამოვიდა.
ალექსანდრე მაისურაძე ზაქარია ფალიაშვილის მოწაფეა. იმხანად ზაქარია მუსიკას ასწავლიდა ქართულ გიმნაზიაში. შესანიშნავ მუსიკოსს არ გამოეპარა პაწია ალექსანდრეს მშვენიერი სმენა და წკრიალა ხმა. ზაქარიამ იგი თავის გუნდში ჩარიცხა, შთაუნერგა მშობლიური მუსიკის სიყვარული და შეასწავლა ხალხური სიმღერა. ალექსანდრე ნიჭიერი მოწაფე გამოდგა. ზ. ფალიაშვილი მას განსაკუთრებული სიყვარულით ეპყრობოდა. ხელს უწყობდა, აგალობებდა. ხშირად სოლისტად ჰყავდა გუნდში.
გიმნაზიიდან გასვლის შემდეგ ალექსანდრემ ერთი წელი იმკურნალა, შემდეგ კი ქართული ფილარმონიული საზოგადოების სკოლაში შევიდა და მუსიკის თეორიის კლასში ჩაირიცხა. განსაკუთრებულ ყურადღებას საგუნდო სიმღერის შესწავლას აქცევდა. აქ მისი მასწავლებლები იყვნენ: ნ. სულხანიშვილი, ია კარგარეთელი და ზაქ. ფალიაშვილიც. საგუნდო სიმღერის ამ განთქმულმა ოსტატებმა ღიესეული დახელოვნება გადასცეს თავიანთ მოწაფეს. ალექსანდრე მაისურაძემ ორ წელზე მეტი დაჰყო ფილარმონიული საზოგადოების სკოლაში, მაგრამ სკოლის შემდეგაც არ გაუწყვეტია კავშირი თავის სახელოვან მასწავლებლებთან. განსაკუთრებით დაუახლოვდა ია კარგარეთელსა და ნ. სულხანიშვილს, რომლებთან სისტემატურად დადიოდა და თავის შემოქმედებითს გეგმებს უზიარებდა.
1917 წლის რევოლუციის შემდეგ ალექსანდრე მაისურაძემ ჩამოაყალიბა თბილისში მომღერალთა გუნდი, რომელშიც უმეტესად ადგილობრივი მუშა-მოსამსახურენი შედიოდნენ. იგი აწყობდა აგრეთვე ე.წ. „უწყებრივ გუნდებსაც“ /მაგალითად თბილისის ფოსტა-ტელეგრაფის მუშა-მომსახურეთა გუნდი, საყარაულო რაზმის ჯარისკაცთა გუნდი და სხვა/. თავისი გუნდები მას ისე გაწრთვნილი ჰყავდა, რომ თავისუფლად გამოჰყავდა ფართო საზოგადოების სამსჯავროს წინაშე. რთული, თემატური პროგრამითა და ლექტორის შესავალი სიტყვით. ალ. მაისურაძის გუნდები გარეგნულადაც სასიამოვნო შთაბეჭდილებას სტოვებდნენ თავიანთი კოხტა ქულაჯებით, ფერადი აბრეშუმის შარვლებითა და თეთრი წაღებით. ამას გუნდი აღწევდა საკუთარი სახსრებით შექმნილი ფონდის საშუალებით.
ალ. მაისურაძის გუნდი გამოდიოდა თბილისის კლუბებსა და თეატრებში, მგზავრობდა საგასტროლოდ რაიონებში, მონაწილეობდა ქართველ მოღვაწეთა საიუბილეო სპექტაკლებში, სამგლოვიარო პროცესიებში, გუნდში მონაწილეობდა ძველი ქართული ხალხური სიმღერის კარგი მცოდნე ლ. ჯანდიერი, რომელიც დიდი წარმატებით ასრულებდა „ურმულს“, აგრეთვე პირველ ხმას ამბობდა დუეტებსა და ტრიოებში, სადაც მეორე ხმის პარტიას თვით ალექსანდრე მაისურაძე ასრულებდა. დუეტებსა და ტრიოებში მონაწილეობდნენ, აგრეთვე მომღერლები: ლადო გერმესაშვილი /ახლა რესპ. დამსახ. არტისტი/, მოლაშვილი, მ. სააკაძე, სამყურაშვილი და ქუთათელაძე, გოცირიძე, ზარდიაშვილი და სხვანი. ალ. მაისურაძის გუნდიდან არაერთი მუსიკალური მოღვაწე გამოვიდა. მათ შორის განსვენებული მომღერალი /ტენორი/ გ. ლომიძე, ლოტბარი დავ. ჭკუასელი, ლ. გერმისაშვილი და სხვანი. გუნდთან დაკავშირებული იყო აგრეთვე სტალინური პრემიის ლაურეატი, ცნობილი კომპოზიტორი შალვა მშველიძეც.
ალ. მაისურაძის გუნდი კონცერტებს მეტად შინაარსიანი პროგრამით ატარებდა. გუნდის რეპერტუარში შედიოდა ძველი ქართულ-კახური სიმღერები: „ბერი კაცი“, „ზამთარი“, „ჭონა“, „მრავალჟამიერ“, „თოხნური“, „ შვიდნი გურჯანელნი“, „ მურმან მურმან“, „ალილო“, ყოფაცხოვრებითი დარბაისლური სუფრული. ლაშქრული და საოხუნჯო სიმღერები: „ვერ გაიგონეთ ქართველნო“, „თეთრო ბატო“, „მითხარ რა ვქნა ბედდამწვარმა“, „ერეგვე და მერეგვე“, „ლაშქრად წასვლა“, „ბიჭო და მტერი“, ხელოვნურად შემუშავებული სიმღერები: „მიყვარს ფაცხა“, „ტურფავ მოდი“, „სოფლური დუეტი“, აგრეთვე - ხალხური საცეკვაო ნომრები, სოლო ფანდურზე და მრავალი სხვა სიმღერები. გუნდი ცალკე მოქმედებაში სდგავდა ცოცხალ სურათს: „ნინო, ქეთევან და თამარი“-ე-ქალ-ვაჟთა გუნდის გალობით - „დედაო ღვთისავ“. გუნდის კონცერტები ხშირად 4 განყოფილებად ტარდებოდა და დიდ შთაბეჭდილებას სტოვებდა მსმენელზე თავისი მრავალფეროვნებითა და მზატვრული ოსტატობით. ამიტომ ადამიანი გულნაკლული არ მიდიოდა შინ საღამოს დამთავრების შემდეგ.
ზოგიერთ თავის კოლეგისაგან განსხვავებით ალექსანდრე მაისურაძე შემოქმედი ლოტბარი იყო. როგორც თეორიულად საკმაოდ მომზადებულსა და ბავშობიდანვე სიმღერა-გალობაში გაწრთვნილი მუსიკოსი მას თავისებური, ეშხი შეჰქონდა ჩვენს ხალხურ სიმღერებში, თუმცა მათ თავიანთ დამახასიათებელ ელფერს არ უკარგავდა. იგი გულმოდგინედ განაგრძობდა თავის სახელოვან მასწავლებელთა ტრადიციას-მშობლიური მუსიკალური ფოლკლორის შეგროვებასა და შესწავლას ალ. მაისურაძეს 500-მდე ხალხური სიმღერა აქვს ჩაწერილი. ღირებული მუსიკალური განათლება არ აკმაყოფილებდა ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ნიჭიერ ალექსანდრეს. საკუთარ თავზე მუშაობა მას სიკვდილის დღემდე არ შეუწყვეტია, 1928-1930 წლებში მეცადინეობას განაგრძობდა პროფ. ბარხუდაროვთან.
ფაქიზი მუსიკალური სმენით დაჯილდოვებულ ალექსანდრეს თავისუფლად ეხერხებოდა ხმების კარგი შერჩევა. იგი ნიადაგ ზრუნავდა ყოველი გუნდის წევრის მუსიკალურად აღზრდისთვის, ავარჯიშებდა მათ ფორტეპიანოთი და საჭირო ვოკალურ კულტურას უნერგავდა.
მიღებული მუსიკალური განათლების, საკმაოდ გამოცდილებისა და ბუნებრივი ნიჭის წყალობით ალ. მაისურაძე საკუთარ კომპოზიციებსაც ჰქმნიდა. მას დაწერილი აქვს: „სატრფოვ ხშირად“, „ ნუ მღერი ტურფავ“, „ სამშობლოს“, „მერანი“, „ნათელ ანკარა“, „ყვავილები წამოშლილან“, „რა კარგია გაზაფხული“ და ბევრი სხვა სიმღერა ნ. ბარათაშვილის, ი.ჭავჭავაძის, პუშკინისა და სხვა პოეტთა ტექსტებზე. მასვე გამართული აქვს გუნდისათვის მასხარას კუპლეტები /ძმა ძმას სწირავს, „შევარდენო ფრთა გაშალე“/მელ. ბალანჩივაძის ოპერა „ დარეჯან ცბიერიდან“. გადმოკეთებული აქვს „რერო“ და სხვა სიმღერები. ალ. მაისურაძის ზოგი სიმღერა, მაგ. „სანადიმო“ და სხვა. ჩაწერილია ფირფიტებზე.
ალ. მაისურაძის ნიჭის პატივისმცემელი და ახლო მეგობარი იყო „ აბესალომ და ეთერის“ ლიბრეტოს ავტორი, ცნობილი მოღვაწე პეტრე მირიანაშვილი. მან გადასცა ალექსანდრეს ლიბრეტო 5 მოქმედებიანი ოპერისათვის „ქალის ცბიერება“ ერეკლე მეფის ცხოვრებიდან. ა.მაისურაძემ დაიწყო ამ ოპერის წერა. პეტრე მირიანაშვილი ხშირად დადიოდა მასთან, ამხნევებდა შემდგომი მუშაობისათვის. ძალიან მოსწონდა დუეტი და საცეკვაო ნომერი ამ ოპერიდან. ა. მაისურაძის ნაადრევმა სიკვდილმა შესწყვიტა ეს მუშაობა. განსვენებულის ძმის, პროფ, ზ.ნ. მაისურაძის ცნობით მასთან ინახება ეს ნაწყვეტები და საზოგადოდ ალ. მაისურაძის საკმაოდ დიდი არქივი, რომელიც შეუცწავლელია. ასევე როგორც თავმოუყრელი და შეუსწავლელია. პ. მირიანაშვილის მრავალმხრივი ნამოღვაწარი ბერძენ კლასიკოსთა თარგმანები, დრამატული ნაწარმოებნი, ლიბრეტოები და სხვა. ჩვენი ყვალია ყველაფერს ამას მივხედოთ და თავისი ადგილი მივუჩინოთ, ვიდრე გვიან არ არის. ალ. მაისურაძე მოღვაწეობდა ქართული საეკლესიო საგალობლოს სფეროშიც. მას აქაც მოეპოვება საკუთარი კომპოზიციები. მათ შორის აღსანიშნავია „მამაო ჩვენო“, რომელიც თავის დროზე მეტად მოწონებული და ღირებული იყო ჩვენი საგალობლის გამოჩენილ მცოდნეთა მიერ. ალ. მაისურაძის გუნდი, შესანიშნავად გალობდა სიონში. ქაშვეთში და სხვა თაძრებში. ალ. მაისურაძის მოღვაწეობა გამოხმაურებას ჰპოულობდა ჩვენს ჟურნალ-გაზეთებში. თვითონაც მონაწილეობდა პრესაში და ათავსებდა სხვა და სხვა წერილებს ქართული ხალხური მუსიკის დასაცავად, როგორც მშობლიური კულტურის კეთილდღეობისათვის მზრუნველი მუსიკოსი.
1925-26 წლებში ალ. მაისურაძემ აქტიური მონაწილეობა მიიღო თბილისის სკოლების მუსიკის მასწავლებელთა ორგანიზაციის მუშაობაში.რომელიც თბილისის საბჭოს განათლების განყოფილებასთან სწარმოებდა. პლ. კვირკველიასთან და სხვა ხელმძღვანელ ამხანაგებთან ერთად იგი ამ მნიშვნელოვანი საქმის ერთ-ერთი ორგანიზატორი და პრაქტიკული მუშაკი გახდა, დაუღალავად ზრუნავდა ჩვენი ნორჩი თაობის სწორი მუსიკალური აღზრდისა და სკოლაში ხალხური სიმღერის შეტანისათვის. ამასთან ალექსანდრე ამ ორგანიზაციის მდივანიც იყო. გარდა იმისა, რომ საკუთარი სახსრებით არსებობას ახერხებდა, ალ. მაისურაძის „მომღერალ მგალობელთა გუნდი“ სიმღერების გამოცემასაც აწარმოებდა.ესეც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში თვით ალექსანდრეს ინიციატივას უნდა მივაწეროთ.
ნაადრევმა სიკვდილმა შესწყვიტა მაღალი პატრიოტული გრძნობებით აღჭურვილი ადამიანისა და ნიჭიერი ლოტბარის სიცოცხლე. ალ. მაისურაძე გარდაიცვალა 37 წლის ასაკში, 1931 წლის 1 აპრილს, ფილტვების ანთებით. დარჩა პაწია ბავშვი, რომელმაც მამის სიკვდილის შემდეგ დაახლოებით 1 წელი იცოცხლა. ალ. მაისურაძე დაკრძალული იყო ძველ სასაფლაოზე, შემდეგ მისი ნეშტი ვაკის ახალ სასაფლაოზე გადაასვენეს.
ქართული მუსიკალური კულტურის ისტორია ღირსეულ ადგილს მიანიჭებს ალ. მაისურაძეს ჩვენი ხალხურისიმღერის ჭეშმარიტ გულშემატკივართა და მოღვაწეთა შორის.
შალვა კაშმაძე. 1937წ.

მე ალექსანდრე მაისურაძე გავიცანი 1914 წელს გაზაფხულზე თბილისში ჩუღურეთში, ახლანდელ ხეთაგუროვის ქუჩაზე ეკლესიის ეზოში 4 წლიან სკოლის შენობაში, რომელშიდაც მეცადინეობას ატარებდა ჭიათურიდან დროებით ჩასული ცნობილი ლოტბარი სანდრო კავსაძე, სწორედ იმ დროს მიმიყვანა მე ჩემმა მეგობარმა სანდრო კავსაძის ძველმა გუნდის წევრმა ნ. ჯავრიშვილმა პროფესიით მხატვარმა, მე იმ დროს ახალი ჩამოსული ვიყავი ავსტრიის ფრონტიდან დაჭრილი და ერთი წლით ვიყავი გადაყვანილი დასასვენებლად. გამისინჯეს მუსიკალური მონაცემები და ჩამრიცხეს მეორე ხმებში. ჩემს მიღებაში მონაწილეობას იღებდა საშა მაისურაძე, რომელსაც ძალიან მოეწონა ჩემი ხმა და მითხრა რომ, როდესაც დაამთავრებს სანდრო კავსაძე კონცერტების გამართვას მე ჩავწერო გუნდშიო. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მაშინ უნდა აღინიშნოს რომ ალექსანდრე მაისურაძე თავის ნებით თავისი საუკეთესო გუნდის წევრებით ეხმარებოდა და როდესაც სანდრო არ ესწრებოდა მეცადინეობას ძალიან ხშირად ატარებდა მეცადინეობას ალექსანდრე მაისურაძე ცალკე ჯგუფთან აწარმოებდა სიმღერების შესწავლას. მე განსაკუთრებულ ყურადღებას მაქცევდა.
გვერდით ჩემთან ხშირად იჯდა საშა და ცალკეც მასწავლიდა. როდესაც სანდრო კავსაძემ, კონცერტები დაამთავრა და წავიდა ჭიათურაში საშამ და სანდრომ მითხრეს შენ ჩქარა ჯარში უნდა წახვიდეო და მიმართა ამხანაგებს, რომ ჩვენ ვრჩებითო და ამხ. დავითი დაჭრილი არისო და ფრონტზე მიდისო ვინ იცის ჩამოვა თუ არაო და კონცერტების შემოსავლიდან ყველაზე მეტი მე მომცეს ეს საშას და სანდრო კავსაძის დიდ გუმანურობაზე ლაპარაკობს. საშა მაისურაძე თავის თავზე ნაკლებად ზრუნავდა, რაც შემოსავალი ჰქონდა გუნდს პირველ რიგში თუ ვინმე უმუშევარი იყო გაჭირვებული საშა გამოგვკითხავდაწევრბის უმრავლესობას, ფულად დახმარებას უწევდა და ზოგსაც სამუშაოზეც აწყობდა და ძალიან ხშირად მთელ გუნდს გამოუცხადებდა ხოლმე, თუ ვისმე რაიმე გასაჭირი გაქვთ მე და გუნდის წევრებმაც უნდა ვიცოდეთო სევდიანი და გულჩათხრობილი ადამიანი კარგად ვერ იმღერებსო. საშა გადასული იყო არა თუ მთელ გუნდზე, არამედ თითოეულ მომღერალზეც. მახსოვს ერთხელ საშამ მითხრა ერთ-ერთ გუნდის წევრზე ეტყობა ამ ამხანაგს ძალიან ძველი ტანისამოსი აცვიაო. მოდი მე ვიყიდი მატერიასო და შენ მიეციო, მაგრამ მე არ დავეთანხმე და სხვა დროისთვის სხვა საშუალებით გადავწყვიტე მიცემა.
ასე რომ იმ დროისთვის ისეთი გულისხმიერი ადამიანები ძალიან იყვნენ განსაკუთრებით ჩვენს დარგში. რაც შეეხება საშას მომღერალთა გუნდს მის რეპერტუარს იმ დროს სამხმიან გუნდებში ტოლი არ ჰყავდა. ჯერ ის, რომ მის შემადგენლობაში საუკეთესო ხმების მქონე იყვნენ, ყველა კუთხის ხალხურ სიმღერებს ვასრულებდით და მაშინ საშა საკმაოდ გამოცდილი იყო და თუ რამ ახალი სიმღერა გამოჩნდებოდა საშას ვერავინ მოასწრებდა მოტანას. თუ არადა საშა თვითონ ქმნიდა სიმღერებს და საგალობლებს. მომღერალთა გუნდის რეპერტუარში იყო, მაგალითად: საშას სიმღერები: „დედაო ღვთისაო“, „სოფლური დუეტი“, „ცაფირუზ“, „ნეტავ რა წყალში ჩავარდე“, „სცენები გლეხური“, „მამაო ჩვენო“, „მიყვარს ფაცხა“. მომღერალთა გუნდს ხშირად იწვევდნენ კონცერტებზე კლუბებში. სკოლებში პარკებში, როგორც თბილისში ისე რაიონებში და სოფლებში. აქედან გამომდინარე ჩვენი გუნდი გამოირჩეოდა კარგი ჩაცმულობით, შეხედულებით კონცერტზე გამოსვლისას საშა თვითოეული გუნდის წევრის ჩაცმულობას ამოწმებდა და ვერ იტანდა აჭრელებულ ფერებს. მიუხედავად იმისა, რომ საშასხვებს ურჩევდა მოწყენილი არ ყოფილიყვნენ, თვითონ ძალიან ხშირად იყო გულჩათხრობილი. საშა მაისურაძის ზოგიერთი სიმღერა გადაიტანეს სხვა გუნდში და ზოგიერთი რადიოშიც კი იყო ჩაწერილი. დროთა განმავლობაში ფირის გაცვეთის გამო გადმოცემა შეწყვიტეს. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისას ჩვენი გუნდი სახელმწიფო გუნდად გამოაცხადეს ხელფასები დაგვინიშნეს. ჩვენი გუნდის ზოგიერთი წევრები სხვა გუნდში მღეროდნენ და ზოგიერთი კი თვითონ ქმნიდა გუნდებს და ზოგიერთი ჩემთან ერთად კონსერვატორიაშიც მოხვდა. დასასრულს მინდა ავღნიშნო, რომ ალექსანდრე მაისურაძემ სათანადო წვლილი შეიტანა ქართული სიმღერების სიწმინდესა და მის პოპულარიზაციაში და თვითონ შექმნა საკმარისად საუკეთესო სიმღერები რომელსაც მღეროდნენ და დღესაც მღერიან.
დ.ჭკუასელი
საქართველოს რესპუბლიკის
ხელოვნების დამსახურებული
მოღვაწე

წყარო: 5.pdf [2.02 Mb] (გადმოწერა: 9)

კომენტარები (0)

ინფორმაცია
მომხმარებლებს ჯგუფიდან სტუმრები, არ შეუძლიათ ამ თემაში კომენტარის წერა.
მაისურაძეთა საგვარეულო კავშირი