» » არიან-ქართლი

არიან-ქართლი

არიან-ქართლი
გენეალოგიური კვლევის ცენტრი
„არიან-ქართლი“

მასალები მაისურაძეთა გვარის ისტორიის შესახებ

ღვთისა და ერის სამსახურში დგომა ქართველ კაცს ოდითგანვე ჰქონდა გაცნობიერებული. ყოველი ქართველის შეგნებაში იდო, რომ ერთი შენაკადი იყო იმ დიდი მდინარისა, რომელსაც საქართველო ჰქვია. იცოდა, რომ საგვარეულოთა თანადგომით უძლებდა ქართველი ხალხი უამრავ ჭირ-ვარამს.
ნებისმიერი გვარის წარმოშობა, გამრავლება და განსახლება უშუალო და პირდაპირ კავშირშია ერის ბედთან, რადგანაც სწორედ ცალკეულ ქართულ საგვარეულო ისტორიათა ჯამი, კრებული წარმოადგენს საქართველოს ბოლო ასწლეულების ისტორიას. თითოეული საგვარეულო ერის სიმდიდრეა, განუმეორებელი და თვითმყოფადია თავისი არსით. შესაბამისად, გვარში შემავალი ყოველი ადამიანი ერის ისტორიის ნაწილია, მისი ჯვრის მტვირთველი. გვარის წინაშე ღირსების დაცვა, შესისხლხორცებული ჰქონდა საგვარეულოს თითოეულ წევრს, რამეთუ ოდითგან კარგი კაცობა კარგი გვარობის განმსაზღვრელი იყო.
ზოგიერთ ჩვეულ გვარიშვილთა ნამოღვაწარი უძველეს მატიანეთა ფურცლებზეა დაცული. ზოგიერთის ღვაწლი და საგმირო საქმენი ხალხის ხსოვნაშია შემონახული და თაობიდან თაობას გადაეცემა.
ქართლის ცხოვრების - საქართველოს ისტორიის ციხე-სიმაგრეთა მშენებლობაში თავისი წილი აგური მაისურაძეთა ძირძველმა სახელოვანმა გვარმაც დადო.
წინაპრის საკუთარი სახელიდან მოუდით გვარსახელის ფუძე მაისურაძეთ. „მაისურას“- მაისში დაბადებულთ კაცს უხმობდნენ ძველქართველნი. ამრიგად მაისურაძე ეპონიმური ტიპის გვარსახელებს განეკუთვნება, ესე იგი მის ფუძეში ფიქსირებულია წინაპრის საკუთარი სახელი.
საქართველოში გვხვდება დერივანტული (მსგავს ფუძიანი) ფორმის “მაის“-ძირიანი, შემდეგი ქართული გვარსახელები: მაისაია, მაისაშვილი, მაისაძე, მაისეია, მაისურაშვილი და მაისურაძე (ა. სილაგაძე, ა. თოთაძე „გვარსახელები საქართველოში“, თბ.1997წ.გვ.128). აქ საუბარია მხოლოდ გვარსახელთა ფუძის ერთობაზე და არა გვარმოდენილობათა ერთსისხლობაზე.
გვარ-სახელი ერთი აქვთ, ხოლო ძირად (სისხლად) სხვანი და სხვანი არიან მაისურაძენი, რამეთუ სხვათა და სხვათა მაისურათა შთამომავალთ, ჟამითი ჟამად და ადგილ-ადგილ, მაისურაძეობა გაუგვარდათ.
რაჭიდან იღებს სათავეს მაისურაძეთა ერთი გვარმოდენილობა, რომლებიც ოდითგან, ძირითადად სოფლებს: წედისს, ქვედსა და ირში სახლობენ.
ქართულ წერილობით წყაროებში რაჭველ მაისურაძეთა გვარსახელი, სავარაუდოდ, პირველად XVსაუკუნის II ნახევრიდან ფიქსირდება.
ქუთაისის მუზეუმში დაცულია ტყავის პატარა ნაჭერზე დაწერილი, სავარაუდოდ XV საუკუნის II ნახევრის ან XVI დასაწყისით დათარიღებული ვენახის ნასყიდობის საბუთი, რომელიც ვინმე ქველ ცოტნიას მიერ ბატონ იაშვილებისადმია მიცემული მოწმე და შუამდგომელი ვახტანგ მაისურაძეც ყოფილა.
„ქ.(ქრისტე). ხალემა ღმრთის: თავს: დებითა: და ყოველთა: მის. წმიდათა. თავსდებობითა. და წმიდისა. გიორგის. ვანისა. თავს. დებობითა. და ბეჟანისა. იაშვილისა. თავსდებობითა: და მისთა. შვილთა. ზვადისა. და გიორგისა. და მაყასა. და მათა. ძმათა. თავსდებობითა: მოგყიდე: მე ქველმა ცოტნიამა. და ბევროზამან და ჩვენთა. შვილთა. და მომავალთა. ყოველთავე. მოგყიდე. ვენახი ერთისა. საპალნისა. თქვენთან. ჩემსა. განაყოფსა. მამაჩასა. ჩათაგასა. და გიგანიასა და ქავთარასა. და თვალასა და მამიასა. და თქვენთანა. ძმისწულთა და თქვენთანა. შვილთა. და მომავალთა. ყოველთავე. მოგყიდე. ვენახი. მას. ჟამსა. ოდეს. შეიქნა. ასეათი. ჟამი. რომე. დედა. შვილისა. არ იხასდა. და მომეცით. თვენ ფასი. რაგვარაც. გული. შემიჯერდებოდა. ერთი ზროხა. და ერთი. კოზაკი. და თორმეტისა. რკინისა: . პური. ასრე. რომენ ლიტრა. პური. ერთი. თა. რკინათა. იყო. და ჩენა. ოროლი. მოგეციცით. ერთი. თოხი. მოგეცით. და ორი. წყვილ. ფაფური. და სამისა. რკინისა. მარილი. და მისა. მოწმე. და შუამდგომელი. არის. ვახტაგა. მაისურაძე. და ვინც. ესე. წიგნი. შეგიცვალოს შემცა იცვლება. რჯულისაგან. აქა და. საუკუნოსა. და იუდასამც. ეწამება. მისი სული. და მე მაუასა: დამიწერია. და მოწამეც ვარ. ’’
(ქუთაისის მუზეუმი, საბუთი N 486).
სამწუხაროდ დოკუმენტში მითითებული არ არის რაჭის რომელ სოფელში შემდგარა ეს გარიგება.
XVI საუკუნეს მიეკუთვნება ხელნაწერი წიგნი „კონდაკი’’, რომელზეც სულთა მოსახსენიებელია დატანილი. ერთ-ერთ მათგანში ვკითხულობთ: „მაისურაძესა შახბიასა მეუღლესაა მისსა მამარდესა შეუნდნენ ღმერთმან ცოდვანი მათნი, ამინ უფალო’’. მინაწერი XVI საუკუნით თარიღდება და რაჭაშია შესრულებული ( ხელნაწერთა ინსტიტუტი H-518).
XVII საუკუნის II ნახევრიდან ქართლის სამეფოს სიგელ-გუჯარში რაჭიდან გადმოსულ მაისურაძეთა გვარჩამომავლობაც ფიქსირდება.
სწორედ ამ პერიოდს მიეკუთვნება საამილახვროს დავთარი, რომელშიც სოფელ რეხს (გორის რაიონი) მცხოვრები მაისურაძე (სახელი არ ფიქსირდება) მოიხსენიება.
„ქ (ქრისტე): რეხს: ნათლისმცემლის: ყმა: მაისურაძე: ’’
„ ბოგანო: მაისურაძე: მოლაშქრე: თოფით:’’
(ც.ს.ს.ა. ფონდი 1448, საბუთი N 5032).
1666 წლით თარიღდება სამაჩაბლოს მოსახლე მამუკა მაისურაძის მიერ ყარაშა გამყრელიძისადმი მიცემული შერიგების „გარდაწყვეტილების წიგნი“, რომლის შვილსაც მამუკას ძმა ივანე შემოკვდომია:

„ ქ (ქრისტე). ნებითა და შეწევნითა მღთისათა ესე გარდაწყვეტილების წიგნი და სიგელი მოგეცით ჩვენ, მაისურაძემ მამუკამან, შვილმა ჩვენმა ნასყიდამან, შვილიშვილმან ჩვენმა დათუნამ და პაატამ და ივანეს შვილმან გიორგიმ, შვილთა და მომავალთა ჩვენთა ყოველთავე თქვენ-ყარაშას გამყრელიძეს და თქვენს შვილს ბეჟანს... დავა გაურიგებიათ ქართლის მეფე ვახტანგ VI შაჰნავაზსა (ძეობის წლები 1658-1675) და სხვა დარბაისელთ :
„ დაბძანდა იმათ მდივანში მეფეთ-მეფე ბატონი მეფე შაჰნავაზ, ბატონიშვილი ბატონი კათალიკოზი, კიდევ კონსტანტინე ბატონიშვილი, სარდალი ამილახორი ბატონი გივი და ერისთავის შვილი მდივანბედი დატონი ედიშერ, სახლთუხუცესი სარდარი ბატონი ზაზა, ბოქოულთუხუცესი ბატონი ელიაზარ, ბატონი თბილელი და ბატონი ბოლნელი და ბარათაშვილი რევაზ და მდივანი გიორგი თუმანიშვილი“.
ეს დავა, თავად მეფის ჩარევით, მაისურაძეთა და გამყრელიძეთა შერიგებითდამთავრდა.
(ხელნაწერთა ინსტიტუტი Qd-8925).

1676 წლის მაისის “დამდეგსა“ შედგენილი ნასყიდობის წიგნი, მიცემული იესე ხერხეულიძის მიერ პაპუნა გერმანოზის შვილისადმი, იესეს მემკვიდრე ყმის გიორგი მაისურაძისა და მისი შვილიშვილების- „ იორამა და თამაზა პაატა, მასურა თავეთი შვილებითა და ძებითა “, ახალი ბატონის მფლობელობაში გადასვლასთან დაკავშირებით. ეს ნასყიდობა მაისურაძეთა სურვილით მომხდარა.
(ხელნაწერთა ინსტიტუტი Hd-10366).
1679 წლის 7 თებერვალს შემდგარა ნასყიდა მაისურაძეს მიერ მდივან ბეგთაბეგ მარტიროზიშვილსათვის მოცემული ვენახზე უდაობის წიგნი (ც.ს.ს.ა ფონდი 1450, დავთარი 2,საბ. N4). თუმცაღა, 1679 წლის 27 მარტს იმავ ნასყიდა მაისურაძის მიერ მდივან ბეგთაბეგისათვის მიცემული ნასყიდობის წიგნი გვამცნობს, რომ სადაო ვენახი, ბოლოს მაინც გაიყიდა
(ც.ს.ს.ა. ფონდი 1450, დავთარი 2, საბუთი N8).
XVII საუკუნის II ნახევრის, ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში მოიხსენიებიან: ქინძათს (სოფელი ხაშურის რაიონში) მოსახლე მაისურაძენი:
„მაისურაძე დურაზა კუამლი ერთი, მისი ძისწული შერმაზან დოვლათისა, იმათი ნაშენი ორი ვაჟი“.
„ მაისურაძე ალექსა კუამლი ერთი, ძმისწული მისი შერმაზანა, ნაშენი იმათი“.
(ხელნაწერთა ინსტიტუტი Qd-7017).
1700 წელს ჩატარებულ ყმათა აღწერის ნუსხების მიხედვით დიცში (სოფელი გორის რაიონში) ერეკლე მუხრან-ბატონიშვილის მამულებში უცხოვრია დათუნა მაისურაძეს. იმავე აღწერაში მოიხსენიება ერედვს (სოფელი ცხინვალის რაიონში), ვინმე გიორგი გორსაძის მამულში მოსახლე ხუცესი (სასულიერო პირი) დათუნა მაისურაძე.
(ც.ს.ს.ა. ფონდი 1448, საბუთი N3602).
1713 წელს, აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, დომენტი IV-ის (ზეობის წლები 1705-1741, ერისკაცობაში დამიანე ლევანის ძე ბაგრატიონი, ძმა ვახტანგ VI-ისა) მიერ თვად ამილბარ და სხვა მაღალაძეთადმი მიცემული გაყრილობის წიგნში, მოიხსენიება აღაიანს (სოფელი კასპის რაიონში), პაპუნა მაღალაძის მამულებში მცხოვრები გიორგი მაისურაძე (ხელნაწერთა ინსტიტუტი Hd-8257).
1714 წელს არის შედგენილი ბერი ახალკაცის-შვილის მიერ ფარსადან და ალხაზ მაჩაბლებისადმი მიცემული ნასყიდობის წიგნი, რომლის მოწმეთა შორის მოიხსენიებიან ივანე და ბერი მაისურაძეები (ც.ს.ს.ა. ფონდი 1448 N5132).
1715 წელს შედგენილი რუისის დავთრის მიხედვით. ავნევშიც (სოფელი ზნაურის რაიონში) უცხოვრიათ მაისურაძეებს, რომლებიც საეკლესიო გლეხები ყოფილან (ექ.თაყაიშვილი „არქეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნები“ წიგნი I, 1907 წ. „რუისის სამწყსოს დავთარი“).
XVIII საუკუნის I მეოთხედს მიეკუთვნება კახეთის ხალხთა აღწერის დავთარი, რომლისაც მხოლოდ ნაწყვეტმა მოაღწია ჩვენამდე. დავთარის ნუსხაში, რომელიც კახეთის სოფელბისა და ამ სოფლებში მცხოვრებთა სიებს წარმოადგენს, მოიხსენიება კაკაბეთის (სოფელი საგარეჯოს რაიონში) „ბატონ ალავერდელის ყმა-ობოლი მაისუარძე და ზიარს (სოფელი გურჯაანის რაიონში) გორჯასპის ყმა - ბოგანი მაისურაძე, კალაურში (სოფელი გურჯაანის რაიონში ) თარხანის ყმა, - ორი კომლი მაისურაძეთა. ამ კომლებიდან ერთ კაცს, კახეთის ლაშქარში, შუამდგომ მეფის ალმის მპყრობელი სადროშოში, თოფით ლაშქრობა ევალებოდა.
„ ქ (ქრისტე). მაისურაძე ობოლი, კვამლი ა. (1); თავი ა (1); თოფი ა (1)“.
(ხელნაწერთა ინსტიტუტი Hd-1603)
.
„ ქ (ქრისტე). მაისურაძე ბერუკა. კვამლი ა (1); თავი ა (1); თოფი ა (1)“.
„ქ (ქრისტე). მახარე მაისურაძე. კვამლი ა (1), თავი ა (1), თოფო ა (1)“.
(ხელნაწერთა ინსტიტუტი Hd-1609).
1736-1744 წ.წ. ქართლის საკათალიკოსოს ყმების აღწერის დავთარში მოიხსენიება მეღვრეკისს (სოფელი გორის რაიონში ) მცხოვრები ორი კომლი მაისურაძეთა :
„გლეხი, მამასახლისი მაისურაძე ოთია კომლი ა (1); თავი ბ (2); ფური ა (1)“
„მაისურაძე ივანე; კომლი ა (1). თავი ა (1)“
(ც.ს.ს.ა ფონდი 1448, საბუთი N5021).
1744 წლის მარტის დამდეგით თარიღდება ღვერთელი ბერი გვრიტაძის მიერ შიხაანთ ავთანდილისადმი მიცემული ნასყიდობის წიგნი. ამ დოკუმენტში მაისურაძეთა წინაპრების ბედის შეურიგებლობის და ვაჟკაცობის დამადასტურებელი ერთი საგულისხმო მომენტია, რაც გვრიტაძეთ საბედისწერო განსაცდელად მიევლინათ. კერძოდ, ეს საბუთი გვამცნობს:
„ . . . ესე უთუო და უტყუარი, დღე სიკვდილამდი მოუშლელი, დროდაუდებელი და მიზეზ-შემოუდებელი, ყოვლის ჩხუბის და ილეთისაგან გამოსული, ჟამ და გასათავაებელი ნასყიდობის წიგნი და სიგელი მოგეცით ჩვენ, ღვერთელმა გვრიტაძემ თამაზის-შვილმა ბერმა და ძმამა ჩემმა გიორგიმ კიდევ მე, ამათმა ნახევარ-ძმამ სულხანას-შვილმა დათუნამ, შვილმა და სახლისა მამავალმა ჩვენმა ყოველთავე თქვენ, შიხინაართ დემეტრეს-შვილს ავთანდილას, შვილს და სახლისა მომავალს თქვენს ყოველთავე; - მას ჟამსა, როდესაც მაისურაძე მამუკას ცოლი თამარი დათუნას და ჩვენ თათრებმა მოგვაბარეს, მამუკამ თავისი ცოლი მოგვპარა.მოვიდა ხელმწიფის იასაულები, დაგვიჭირეს სამივ ძმები და თათრებზე გვყიდნენ და მოვედით და შემოგვეხვეწნით და თქვენს ღმერთს მიმადლე და დაგვისხენ შვიდ თუმნათ თეთრათ დამოგვყიდეთ ჩვენი თავი ყოვლის კაცისაგან აუცილებელი და მოუდევარი“.
(ხელნაწერთა ინსტიტუტი Hd-493).
თითქმის მეოთხედი საუკუნის შემდეგ გვრიტაძეთ და დათუნდა ხრიკაძეს (მისი გვარი უკვე მეორე დოკუმენტშია დაფიქსირებული ) კიდევ ერთხელ მოუწევთ ამ ამბის გახსენება. 1768 წლის 18 ივნისით თარიღდება დავითაშვილების არზა ყმის თაობაზე, მდივანბეგთა განჩინებით. არზა გვამცნობს:
„ . . . გიორგის შოხინაშვილს ჩვენი სამი ძმა კაცი მოჯამაგირეთ ედგა და იმ ჩვენის კაცისა და ქცხინვალელს თქვენს სახასოს კაცს მაისურაძეს ყვანდა ცოლათ. ის დედაკაცი დატყვევებულიყო, აქ გორს ჩამოუყვანთ... მოსულიყო მაისურაძე, თავისი ცოლი მოეპარა. ახლა ეს მიხინიშვილი ჩემს კაცებს ნასყიდათ იჭერს...“.
დავითაშვილს თავისი ყმების უკან დაბრუნება სურდა. მას დაევალა შოხინაშვილისათვის შვიდი თუმნის გადახდა და ეს კაცები დავითაშვილს დარჩა ( რადგან ყმას საკუთარი თავის გაყიდვის უფლება არ ჰქონდა), გოგოს (თამარის) თაობაზე კი „ამ კაცმა (შოხინაშვილმა) იკორთის დეკანოზის მოწმობის წიგნი მოიტანა, რომ ის გოგო ნასყიდი არ ყოფილა, ასე პირობით ჰყოლია, რომ დორზე უნდა გაეთხოვებინა. რადგან ასე ყოფილა, ამ გოგოზე ვეღარას შეუვა“.
„ქ (ქრისტე). ჩევნ, მეფე ქართლისა და კახეთისა ირაკლი, ამ განაჩენს ვამტკიცებთ“.
(ხელნაწერთა ინსტიტუტი Hd-781).
მეფე ერეკლეს ამ განჩინებით „ცხინვალელი“ (რაჭიდან გადმოსახლებულები) მამუკა მაისურაძის ოჯახს ვეღარავინ დაარღვევდა.
1749 წელის ივნისის ოთხს უბოძებია წყალობის გუჯარი კათალიკოს ანტონ პირველს (ზეობის წლები 1720-1788წ.წ.) კაცია მაისურაძისათვის . ეს მეტად მნიშვნელოვანი დოკუმენტია, წარმოსაჩენად იმისა, თუ როგორ შეიძლებოდა მოხვედრილიყვნენ რაჭული წარმოშობის მაისურაძენი, იმერეთს, ქართლსა და კახეთს.
„ჩვენ ყოვლისა საქართველოსა მაკურთხეველმან კათალიკოს-პატრიარქმან, ძემან ქართველთა მეფის იესემან ესე წყალობის წიგნი და სიგელი გიბოძეთ თქვენ, მაისურაძის კაცის, შვილის შენსა იესეს და ბერს და მომავალთა სახლისა თქვენისა ყოველთავე; ასე რომე შენ იმერეთიდამე პატარა ტყვედ ციხის თათარას გადმოეყვანე და კათალიკოზ-პატრიარქს იოანეს დაესხენ და ზუმბელიძის დეკანოზის არდაშასათვის დიაკუნად მიებარებინე და, კათალიკოზი რომ გარდაცვალებულიყო, შენთვის ვეღარა ესწავლებინა-რა და ბეითამნად სჭეროდი. ჟამთა ვითარებისა და დროცვალებისაგან ვეღარ დამდგარიყავ, აყრილიყავ და კახეთს ხაზინათ გასულიყავ. მერე, ჩვენ რომ კახეთიდამ აგყარეთ და მოგიყვანეთ, მოკითხული ვქენით. რადგან შენ დეკანოზსა და იმის შვილებს ბეითალმნად სჭეროდი და არც კათალიკოზისაგან წყალობის წიგნი ქონდათ, ჩვენც ისევ ჩვენთვის სახასოდ დაგიჭირეთ. არც დეკანოზის შვილებსა და არც სხვათ ჩვენის საყდრის ყმათ აზნაურიშვილთ შენთან საბატონ-ყმოთ ხელი არავის ქონდეს მკვიდრგყავით გომს (სოფელი კასპის რაიონში) დაგასახლეთ და გიბოძეთ ამოწყვეტილის პაიკაშვილის მამაული თავის სამართლიანის სამძღვრითა, მთითა, ბარითა, წყალითა, წისქვილითა, ვენახითა, მიწა-წყლითა. ესე ჩვენგან წყალობა არ მოგეშალოს არა ჩვენგან და არცა სხვათა მეპატრონეთაგან. გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩვენის საყდრის სამსახურსა და დიდათ ერთგულობასა შინა, არ მოგეშალოს არა ჩვენგან არცა მეფეთა და დედოფალთაგან, ხოლო დამამტკიცებელნი ღმერთმან აკურთხოს. აწე, თქვენცა, ყოვლად სანატრელნო კათალიკოზ-პატრიარქნო, თქვენცა ასევე დაუმტკიცეთ. დაიწერა ინდიკტიონსა კათალიკოზ-პატრიარქობისა ჩვენისასა. არიან ამისი მოწამენი და ნების დამრთველნი ერთობილნი მცეთელნი. დაიწერა ხელითა კარისა ჩვენისა მღვდელ-მდივან-მწიგნობარ-ქადაგ მაღალაძის ნიკოლოზისათა. თვესა ივნისსა დ(4), ჩღმთ (1749წ.) კათალიკოზი.“
(ც.ს.ს.ა. ფონდი 1448, საბუთი N 4416).
ასე გადაეჯაჭვა ერთი კაცის - კაცია მაისურაძის (თითქოს ღვთის განგებით დაარქვეს მას ეს სახელი) ბედი მისი სამშობლოს ისტორიას. თუმცაღა მას, ალბათ, ძალიან გაუმართლა: მან ბოლოს და ბოლოს მიიღო ის რაც, ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანისათვის-თავისუფლება და მუდმივი სამკვიდრებელი.
რაჭველ მაისურაძთა საგვარეულოს მიგრაციის შესახებ საინტერესო ცნობებია შემონახული აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მცოვრებ მაისურაძეთა გადმოცემებშიც. ასე უბნობენ: ბატონის მოკვლის გამო რაჭიდან, სოფელ წეისიდან გამოქცეულა სამი ცოლ-შვილიანი ძმა და მამა. თავდაპირველად კარკუჩასთან (სოფელი ყაზბეგის რაიონში) ახლოს დასახლებასთან. კარკუჩადან, ხევსურებთან სისხლ-მოსისხლეობის გამო, აყრილან და ტყარშეტში (სოფ.ყაზბეგის რაიონში) გადმოსახლებულან. გადმოცემით, ხევში დამკვიდრებულ მაისურაძეთა ერთი ნაწილი ბუსურის გვარით დაწერილა, ნაწილი კი ქსნის ხეობაში გადასახლებულა. ეს ლეგენდა რომ რეალობას მოკლებული არაა დასტურდება 1774 წლის ქსნისა და არაგვის ხეობების აღწერის დავთრებით.
1774 წელს ჩატარებულ არაგვის ხეობის აღწერაში იხსენიებიან „ხევის ტყარშეტს“ მოსახლე:
„ქ(ქრისტე).მაისურაძე ნადირას შვილი, გია, მაისურ, ბიძია, შიო, ელია და გიორგი-კომლი ა(1), თავი ვ (6).
აქავ მაისურაძე ამირანის შვილი პაპა-კომლი ა(1), თავი ა (1).
აქავ მაისურაძე ვარმუკას შვილი ბია-კომლი ა (1), თავი ა (1)...
„აქავ ბურუსი (მაისურაძე) გუგუას შვილი ბიძია, ატა, ისე და ნეგოური-კომლი ა (1) , თავი დ (4).“
(ექ.თაყაიშვილი, „მასალანი საქართველოს სტატისტიკური
აღწერილობისა მეთვრამეტე საუკუნეში. ’’ ტფილისი 1907 წ. გვ. 409-410)
1744 წლის ქსნის ხეობის ხალხთა აღწერის დავთარში, სოფელ წირქოლს (ახალგორის რაიონი) მოსახლე, მაისურაძე შავმელიქის შვილის ერთი კომლი იხსენიება, რომლიდანაც ერთ მამაკაცს-იესეს - ქართლის სამეფო ლაშქარში გასვლა ევალებოდა (ხელნაწერთა ინსტიტუტი Qd- 8013).
1781 წელის ქსნის და არაგვის ხეობის აღწერის დავთრებში კვლავ იხსენიებიან მაისურაძენი.
1860 და 1866 წლების აღწერებში ტყარშეტში მაისრუაძედ არავინ იწერებოდა, ბუსურის გვარსახელით კი ორი კომლია მოხსენიებული. აქ, ორივე დასახელებულ აღწერებში 6-6 ოჯახი ქუცაშვილია ნახსენები. როგორც ეთნოგრაფიული მასალებით ირკვევა ,ესენიც მაისურაძეები ყოფილან. დღეს ხევში მოსახლე მაისურაძეთ ერთ-ერთ განაყრობას „ქუცეთ“ უწოდებენ.
ბორჯომის რაიონის სოფელ ქვაბისხევშიც მკვიდრობენ მაისურაძეები. ისინიც წარმოშობით რაჭიდან არიან. რაჭიდან მებატონეს ქართლში გამოქცევიან. ქართლიდან ჯავახეთის სოფელ გოკიოში (ხალქალაქის რაიონი) გადასახლებულან. აქ კარგა ხანს ცხოვრების შემდეგ, თურქების მიერ შეწუხებულები, ისევ ქართლში, სოფელ ყელქცეულაში (გორის რაიონი) მისულან. ბოლოს ყელქცეულაში მამულები გაუყიდიათ და ქვაბისხევის ხეობაში დასახლებულან.
1755 წლით თარიღდება საჩივრების ნუსხა, რომლის ერთ-ერთ თავში ვკითხულობთ: „ქ(ქრისტე) . დემეტრე ციტიშვილმან მაისურაძეს თავის ყმის ბეითალმანი: თოფი, ხმალი, სასწრაფო, ოთხი მინალთუნი უჩივლა. ამისი იასაული ციციშვილი პაატა „(ხელნაწერთა ინსტიტუტი Qd-9032).
1769 წლის 28 ივნისს მიურთმევია არზა იმერელ დათუნიკა მაისურაძეს მეფე ერეკლესათვის. დათუნიკა ერთ იმერელთან ერთად, ერთი წლის წინ, ქართლში გადმოსულიყო. მეგობარს ეღალატნა მისთვის და ოსებში გაყიდვას უპირებდა. დათუნიკას გაქცევა მოუხერხებია და მერე მოღალატეც შეეპყრო, რომელიც მის უკითხავად, ვინმე ქაიხოსრო ლოლაძეს გაენთავისუფლებინა. ამისი „სამართლის“ დადგენას სთხოვდა მეფეს დათუნიკა. ერეკლე II-ის ბრძანებით მდივანბეგთ საქმის განხილვა დაევალათ. ლოლაძემ დათუნიკა მაისურაძეს რვა თუმანი გადაუხადა და თავის გამყიდველებთან დავის უფლებაც დარჩა
(ც.ს.ს.ა. ფონდი 1450, დავთარი N49, საბუთი N 146).
1777 წლის 5 თებერვალს ბატონიშვილ ლეონს დავით ერისთავისაგან ხუთი თუმანი მიერთვა, რომელის დანახარჯ ნუსხაში იკითხება: „რ (ორი შაური) ქ(ქრისტე). განძანაკისათვის მიერთვა მაისურაძეს ხელით“ (ხელნაწერთა ინსტიტუტი Hd-13657)
1771 წელს დაწერილა ტოტლებენზე დანახარჯის ნუსხა. საბუთი უთარიღოა, რადგან აქ ნახსენებია „ღარფის“ (გრაფის) - ტოტლებენის იმერეთიდან უკან გამობრუნება, რომელიც როგორც ცნობილია 1771 წლის გაზაფხულზე, საბუთიც ამ წლით დათარიღდა. ჩამონათვალში ნათქვამია: „ღარფამა დუშეთს ყაზახები გაგზავნა. ჩვენ კაცი გამოგვართვა, მაისურაძე გავატანე“.
(ხელნაწერთა ინსტიტუტი Qd- 7142).
1779 წლის 30 აგვისტოს, მთაწმინდის ვატოპეტის ხარების მონასტრის ეკლესიის მამულების საქმეზე დიკასტერის განჩინებაში, მოიხსენიება მარიამ დედოფლის მიერ მონასტრისათვის შეწირული ვინმე მაისურაძის (სახელი არ ფიქსირდება) „ვენახი საყდართან“
(ც.ს.ს.ა ფონდი N1451, რვეული N3; საბუთი N129).
1785 წლის 24 მაისს ნიქოზელისა და ფალავანდიშვილების ყმა-მამულის საქმეზე შემდგარ გიორგი XII-ის განჩინებაში მოიხსენიებიან შიდა ქართლში მცხოვრები მაისურაძეები, რომელთა მიწაც მომჩივანთა დავის ერთ-ერთ საგანს წარმოადგენდა.
(ც.ს.ს.ა. ფონდი 1449, საბუთი N2411. პირი ამ საბუთისა დაცულია ხელნაწერთა ინსტიტუტშიც Ad-1504-ა).
1789 წლის „კათალიკოზის სახასო და სააზნაურიშვილო გელეხების“ დავთარში მოიხსენიება „ ქ.ქვემო ხანდაკს“ მცხოვრები „საკათალიკოზო მაისურაძე ივანე“
(ხელნაწერთა ინსტიტუტი Ad-1769).
1791 წლის 2 თებერვალს მიურთმევიათ არზა, ყმობის თაობაზე, ქრცხინვალელ სესია, ნინია და ივანე მაისურაძეთ ერეკლე II-თვის ისინი მეფის ყმები ყოფილან. „ქიზიყის მოურავს“ , ბებურიშვილს ჰქონია მათზე პრეტენზია. მაისურაძენი მეფეს შესთხოვდნენ: „ნუ დაგვკარგავთ, თქვენი ყმანი ვართ. წყალში რომ ჩაგვყაროთ, მაინც იმისი ყმობა არ შეგვიძლიაო“
(ც.ს.ს.ა. ფონდი 1448, საბუთი N1422).
1791 წლის 1 აპრილს მსაჯულთ განუხილავთ არზა, სოლომონ ბებურიშვილის ყმების კუთვნილების თაობაზე და შესაბამისი განჩინება მიუღიათ, საიდანაც ვარკვევთ: „საქართველოს მსაჯულთშეკრებილთ“ დაუდგენიათ, რომ ცხინვალიდან, კახეთის დიდი ხნის მოსული სესია და ნინია, კახეთის აღწერის დროს სოლომონის ყმად დაწერილან. „ჩუენ ცხინვალელებს ვკითხეთ და იმათგან ასე მოგვიხსენდა - ჩვენ მაისურაძეები არ გვაკლიაო და არც ამათი მაისურაძეობა ვიცითო“. სესია და ნინია გამტყუდნენ: მაისურაძეობა ვერ დაამტკიცეს და კვლავ სოლომონ ბებურიშვილს დაურჩნენ ყმად. ამ დოკუმენტში არაფერია ივანე მაისურაძის საწინააღმდეგოდ ნათქვამი
(ც.ს.ს.ა. ფონდი 1448, საბუთი N1210).
თუმცაღა, არ არის გამორიცხული, რომ სესია და ნინია მართლაც მაისურაძეები ყოფილიყვნენ; იმის გამო, რომ დიდი ხნის გამოხიზნულები იყვნენ კახეთს, ცხინვალში მათი არსებობა ალბათ ვეღარც გაიხსენეს, შესაძლოა ამ საქმეში (დავიწყებაში) საკუთარი წვლილი მოურავსაც შეეტანა.
1793 წლის 9 აგვისტოს კი გულგულასში (სოფელი თელავის რაიონში) მსახლობელ გიორგი და ნინია მაისურაძეთ შეუწუხებიათ არზით ქართლ-კახეთის ხელმწიფე (ერეკლე II). ისინი მეფეს მფარველობასა მებეგარეთაგან დაცვას შესთხოვდნენ: „...აზატს კაცისაგან ორის დღის მიწა მიყიდნია. სამი წელიწადია ვენახთ ვაკეთებთ და სასახლეც მიყიდნია და რადგან ეს სავენახე და სასახლე მიყიდნია, ვიწროთაცა ვარ. ცხრა საკაცეთნი გახლავართ, ამით ვერც ჩვენ დავრჩებით, ვერც იმ ეკლესიას ვემსახურებით საღალოის მიწითა და თუ ძმათაშვილის მამული ან სასხლავი ან სახნავი ვისაც ეჭირავთ, თუ ის მოგვეცემა, იმით თქვენს სამსახურსაც შევიძლებ და ეკლესიის სამსახურსაცა. მოვალნეთაც დავიწერები. თუ არა, ნასყიდის მამულით ვერ გავიბეგრები“.
არზას ერეკლე II-ისა და დარეჯან დედოფლის ბეჭდები უზის. „ დაეხსენით სანამ მამულს მისცემდნენ ამას. თორემ იცოდეთ, ყველას . დაგარბევთ ჯარიმითა და ავად მოგეპყრობით“- ბრძანებს დედოფალი.
(ც.ს.ს.ა. ფონდი 1449, საბუთი N2118).
ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფისათვის, გიორგი XII-სადმი (ზეობის წლები 1798-1800), მიუმართავთ თავად თარხნიშვილთ არზით, გამოსაღების თაობაზე, რომელშიც დათუნა ტეტია თარხნიშვილების კაცთა სიაში, გოგია მაისურაძეც მოიხსენიება. ეს საბუთი 1799 წლის 5 აპრილითაა დათარიღებული
(ც.ს.ს.ა. ფონდი 1450. დავთარი N33. საბუთი N209).

XV-XVIII საუკუნეთა სიგელ-გუჯარში მაისურაძენი ჩანან ვითარცა მოწმენი და მისანდონი მეფეთა, დედოფალთა, კათალიკოსთა, მთავართა, თავადთა, აზნაურთა და უაზნოთა.
ღმერთისა და საქართველოსა და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის მაისურაძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ: იმერეთის სამეფო ლაშქარში-რაჭის სასარდლოში რაჭის ერისთავთა დროშის ქვეშ და არგვეთის სასარდლოში თავად წერეთელთა დროშის ქვეშ; ქართლის სამეფო ლაშქარში - მეწინავე, მემარჯვენედ და მემარცხენედ მიმსვლელ-მცემელთა და შუამდგომ მეფის ალმის მპყრობელ სადროშოებში თავად ბარათაშვილთა, ამილახვართა, მუხრანბატონთა და ციციშვილთა დროშების ქვეშ; კახეთის სამეფო ლაშქარში მეწინავე, მემარჯვენედ მიმსვლელ-მცემელთა და შუამდგომ მეფის ალმის მპყრობელ სადროშოებში ბოდბელ, ნეკრესელ და ალავერდელ ეპისკოპოსთა დროშის ქვეშ, ხოლო მესხეთ-ჯავახეთის მოსახლე მაისურაძეთა საგვარეულოს წარმომადგენლები გამოდიოდნენ სამცხე-საათაბაგოს ლაშქარში.
ქართლ-კახეთში, რუსთა იმპერიის ბატონობის ჟამს ჩატარებულ მრავალ კამერალურ აღწერაში იხსენიება მაისურაძეთა გვარსახელი.
კახეთის 1801-1802 წლის აღწერის დავთარში მოხსენიებულნი არიან:
ავჭალას (სოფელი მცხეთის რაიონში, შეუერთდა თბილისს)-გურამიშვილის ეფრემის ყმა-მაისურაძ პეტრე, ძმა მასურა, შვილი ნინია და ტეტია;
მატანს (სოფელი ახმეტის რაიონში) - სალთხუცის გიორგისა და მოურავის და დიმიტრის ყმა- მაისურაძე გოგია, ძმა გლახა-მსახური (ბეგარისგან განთავსებული გლეხები);
ნაფარეულში (სოფელი თელავის რაიონში)-ჭავჭავაძე ეშიკაღაბაშის (სახელმწიფო თანამდებობა), გარსევნის ყმა მაისურაძე პეტრე (მამუკას, შვილი), ობოლი.
(ც.ს.ს.ა. ფონდი 1448, საბუთი N6871)
XIX საუკუნის დასაწყისშია შედგენილი თავად ლუარსაბ მაჩაბლის ქალის, ეკატერინეს, მზითვის წიგნი, რომელშიც მოხსენიებულია „ ქ (ქრისტე). ერთი კომლი მაისურაძე ბეჟანა“ (ხელნაწერთა ინსტიტუტი Hd-711).
რკინიგზის სადგური „მაღაროს“ ზარზე (ზემო მაღარო-სოფელი სიღნაღის რაიონში), იკითხება : „შემოგწირე ზარი ესე მთავარმოწამისა სმინდის გიორგის ეკლესიას მაისურაძე ზაქარიამ ჩემის ძმებით ძეთა ასულთა ჩემთა მეოხად და დედმამისა ჩემისა სახად ჩყლც-ს (1838წ)“ (საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის „მოამბე“ XLII-B).
ქემერტის (სოფელი ცხინვალის რაიონში) ეკლესიის სამხრეთით ხეზე ჰკიდია ზარი შემდეგი წარწერით: „ქ(ქრისტე). მაისურაძე და გოგია და ნიკოლას შაუწირამს წმინდა გიორგისათვის.“ 1838წ. 7/8 (აგვისტო)“.
მაისურაძეთა შორის მრავლად იყვნენ შეძლებული გლეხებიც. XIX საუკუნის I ნახევრის აღწერაში მოხსენიებულია თევდორეთელი საეკლესიო გლეხი პეტრე მაისურაძე, რომელიც 200 დღიური ნასყიდი მიწიდან ამუშავებდა 25 დღიურს, მოჰყავდა 300 კოდი ხორბალი , ჰყავდა 22 მსხვილფეხა საქონელი, 1 ცხენი და 150 ცხვარი (ც.ს.ს.ა. ფონდი 254, ანაწერი 1, საქ.544, ფურცელი 146).
1850 წელს დუმაცხოველმა გლეხმა მაისურაძემ, (სახელი არ ფიქსირდება) მებატონე მაჩაბლისაგან თავის გამოსყიდვის შემდეგ, სახლის, სამეურნეო ნაგებობების, საკარმიდამო ნაკვეთის გამოსასყიდად გადაიხადა 15 დღიური სახნავი მიწა (ც.ს.ს.ა. ფონდი 254, ან 2; საქაღალდე 1095, ფურცელი 11).
XIX საუკუნის II ნახევარში არაერთი ნასყიდობისა თუ გარიგების ხელწერილია დაწერილი „რაჭის უეზდის ბუგეულის უჩასტკის“, ტიბეთის (სოფელი ამბროლაურის რაიონში) აზნაურთა თუ გლეხობის თხოვნით პატარა ონის მღვდლის სიმონ მაისურაძის სახელით -„გარნა თხოვნითა განმსყიდველთა... დავსწერე და მოწამე ვარ პატარა ონის მღვდელი სამსონ მაისურაძე.“ ეს დოკუმენტები დათარიღებულია 1856-1861 წლებით. (საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერი ფონდები N 9310 90-84/ 11; N9312 90-84/13).
ამავე პერიოდ განეკუთვნება (1861-1862წ.წ.) ორი თამასუქი, რომლებიც სოფელ ტბეთის გლეხება და აზნაურთ შორის, გარკვეული თანხის მიღების თაობაზედ დადებულ ხელწერილთა დამწერად ამჯერად მღვდელი სიმონ მაისურაძე მოიხსენიება. (საქართველოს სახელწიფო მუზეუმის ხელნაწერი ფონდები N 9306 90-84/7; 1861 წლის 1 ივნისი; N9328 90-84/29; 1862 წლის 1 მაისი).
1880 წლის 15 ივლისით თარიღდება მარიამ გიორგის ასულ ჯავროვის (ჯავრიშვილი) მზითვის სია. ამ სიაში ჩამოთვლილ „ნივთების მიცემაში“ მოწმედ დასწრებიან სვიმონ და გიორგი მაისურაძეები და არუთინ ქსოვრელი, რომლის მაგივრად ხელოწერაც გიორგი მაისურაძეს გაუკეთებია (ც.ს.ს.ა. ფონდი 1448, საბუთი N 6243).
1890 წლის 1 თებერვალს, სოფელ შუბანს (ბაღდათის რაიონი) მცხოვრებ აზნაურ ჯაფარიძეთ შორის უძრავ-მოძრავი ქონების გაყოფის შესახებ დადებული გარიგების ხელწერილშიც მოიხსენიებიან მაისურაძენი.
არჩილ და მელქისედექ მაისურაძეებს ერგოთ გლეხი ხოსია მაისურაძე, ანდრია მაისურაძე და „ნაევარი“ ქიტუა მაისურაძე;
მელიტონს ერგო კაცია მაისურაძე და ნასყიდა მაისურაძე;
დავითს ერგო ბედინა მაისურაძე;
მალაქიას-გოგია მაისურაძე და „ნახევარი“ ქიტუა მაისურაძე.“
(საქართველოს სახელწიფო მუზეუმის ხელნაწერი ფონდი N6-56/151).
1894-1917 წლებით დათარიღებული თიანეთის მაზრის სამხედრო საუწყებო სიაში (ჯარში გასაწვევ წვევანდელთა ნუსხა), იხსენიება ახმეტის საზოგადოებაში მცხოვრები ბასაძიშვილი (მაისურაძე) ვასილ პეტრეს ძედ (თიანეთის მხარეთმცდნეობის მუზეუმი, საბუთი N 1653).
დოკუმენტიდან ჩანს, რომ ახმეტას მოსახლე ბასაძიშვილები მაისურაძეთა გვარმოდენილობებიდან იღებენ სათავეს.
უკვალოდ არ ჩაუვლია

კომენტარები (0)

ინფორმაცია
მომხმარებლებს ჯგუფიდან სტუმრები, არ შეუძლიათ ამ თემაში კომენტარის წერა.
მაისურაძეთა საგვარეულო კავშირი