» » ლექსი ომარ მაისურაძეს

ლექსი ომარ მაისურაძეს

ლექსი ომარ მაისურაძეს
მამა
ჩემი ბავშვობის ფერად ძაფებში
მიყვარდა ჟღალი, წითური ფერი
წინდები მქონდა მგონი ამ ფერის
და ჩითის კაბა უზომოდ ჭრელი.
მამის მუხლებზე ვიჯექი მახსოვს
უდარდელობით ვისროდი სიტყვებს,
მე მის მზერაში სხივებს ვხედავდი,
მათში ვხედავდი უზადო მზის ფერს.
მეფერებოდა, როგორ მკოცნიდა?!
ის ჩემი სუნთქვით სუნთქავდა ვიცი,
ჩემს გულისცემას აყურადებდა,
თითქოს უხტოდა დროდადრო შიში.
წუხილს და შფოთვას აფერმკრთალებდა,
მიფერადებდა ოცნებას ყველას,
ის ჩემს ბავშვობას ზღაპარში ქსოვდა,
რომ მე არ მეგრძნოი დაღლა ან წყენა.
თავბრუს მახვევდა მისი ალერსი,
ყოველი სიტყვა ხელების სითბო,
ეს იყო ბევრად იმაზე მეტი,
ვიდრე შვილი ან მშობელი ითხოვს.
ყველა სარბიელს, ცხოვრების ბილიკს
პირველი თავად ურჩევდა ნაპირს,
მე მივყვებოდი თვალდახუჭული
ის კი დაღლილი ზომავდა მანძილს.
ფერად ტალღებში ვცხოვრობდი ლაღად,
„მამის სიცოცხლე“ და „თვალის ჩინი“
მე ახლა უფო ბევრს ვხვდები რადგან,
ახლა თავად ვარ დედაც და შვილიც.
მამის რბილ ფუნჯებს მე კვლავაც ვხედავ
ფერებს გადაშლილს აზავებს რიდით,
ახლა ჩემს შვილებს უხატავს ზღაპრებს
მათ დასტრიალებს შფოთიან ფიქრით.
ჩემი ბავშვობის ფერად ძაფებში
მიყვარდა ჟღალი, წითური ფერი
წინდები მქონდა მგონი ამ ფერის
და ჩითის კაბა უზომოდ ჭრელი.
ახლა ჩემს შვილებს უყვართ სიჭრელე
ჭრელი წინდები, სიზმრები ჭრელი
და მამაც უქსოვს, უხატავს ზღაპრებს
ისევ ტრიალებს და შფოთავს ხელი...
მაიკო მაისურაძე
01.04.2016

კომენტარები (0)

ინფორმაცია
მომხმარებლებს ჯგუფიდან სტუმრები, არ შეუძლიათ ამ თემაში კომენტარის წერა.
მაისურაძეთა საგვარეულო კავშირი