» » ჭონას ვიყავ, ჭონა ვნახე

ჭონას ვიყავ, ჭონა ვნახე

ჭონას ვიყავ, ჭონა ვნახე
ჭონას ვიყავ, ჭონა ვნახე
ქართული ტრადიციული მუსიკალური ფოლკლორის ნიმუშებს შორის სიმღერა „ჭონა“ ერთ–ერთი თვალსაჩინოა. იგი უძველესი ტიპის სიმღერებს მიეკუთვნება, დაკავშირებულია კალენდარულ რიტუალთან, რომელიც ტარდებოდა აღდგომის დღესასწაულის წინა პერიოდში. ეს რიტუალი, მსგავსად სხვა კალენდარული რიტუალებისა („ალილო“, „ლაზარობა“, „ბერიკაობა“ და სხვა) სრულდებოდა ჩამოვლით, რომლის დროსაც შემსრულებლები სათითაოდ დაივლიდნენ ოჯახებს და წარმოთქვამდნენ სპეციალურ ტექსტებს, რომელთა მოტივიც იყო აღდგომის დღესასწაულის მილოცვა, ოჯახის დალოცვა, სანოვაგის მოთხოვნა. დალოცვა შემდეგი სიტყვებით ხდებოდა: „ღმერთო, ააშენე ეს ოჯახი, მიეც მშვიობა, დღეგრძელობა, მარხვა სინანულისა კვლავ მოჰგვარე, აღმდგომას სიხარულისას შეასწრე, ქრისტე ღმერთო, ოროლობაა – ორი სახარება შეეწიოს ამ ოჯახს, მოახსენეთ ბულბულებო“. ამის შემდეგ დაიწყებდნენ გალობას:
„ალათასა, ბალათასა,
ჩამოვკიდებ კალათასა,
ადექ ქალო, კვერცხი ჩადე,
ღმერთი მოგცემს ბარაქასა“.
(ია კარგარეთელი ქართული სახალხო სიმღერები“, 1899).
„ჭონა“ რიტუალური ფუნქციის მატარებელი სიმღერა–საგალობელია, რომელშიც წარმართული მსოფლმხედველობის და მუსიკალური კულტურის კვალი იგრძნობა. წარმართული ბუნებისაა ჭონის წე–ჩვეულება.
„იგი მჭიდრო კავშირშია საგაზაფხულო ნიღბოსნურ წარმოდგენებთან, რაზეც მიუთითებს თვითონ სიტყვა, „ჭონა“, რომლის ეტიმოლოგიაც, ქართული ენის დიალექტებში ბეწვეულის, ტყავის ტანსაცმლისა და თავსაბურავის მკეთებელს ნიშნავს“. (მ.გიორგაძე, „ქართული ხალხური კალენდარული საწესჩვეულებო პოეზიის ერთი თემატური ციკლი“, გვ. 74–75. მაცნე 1988 წ. №3).
„ჭონაში“ წარმართული ელემენტები ქრისტიანულთან არის გადაჯაჭვული, ეს განპირობებულია იმით, რომ საგაზაფხულო დღეობათა ციკლის ჩვეულება – ჭონა აღდგომის დღესასწაულს დაუკავშირდა.
სიმღერა „ჭონას“ გავრცელების არეალი საქართველოს ტერიტორიაზე არც თუ ისე ვრცელია. მას ვხვდებით საქართველოს მხოლოდ რამდენიმე კუთხეში: ქართლში, იმერეთსა და მესხეთ–ჯავახეთში. რაც შეეხება ჭონას რიტუალს, ის მთიულეთშიც გვხვდება, მაგრამ მას ასრულებდნენ არა გაზაფხულზე, აღდგომის დღესასწაულის დროს, არამედ შობა–ახალწელს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმღერა ქართული მუსიკალური ფოლკლორის მეტად საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს, მუსიკისმცორდნეების მიერ არაა სათანადოდ შესწავლილი. „ჭონა“ ძირითადად ცნობილია, როგორც ქართლური სიმღერა. ნოტირებული მასალა მხოლოდ ქართლური და იმერული „ჭონებისაა“, ხოლო სიმღერის მეცნიერული შესწავლა თ.მამალაძის წერილით („ქართლური ხალხური სიმღერა“ „ჭონა“) იფარგლება. რაც შეეხება ჭონას საგალობელს იმერეთსა და მესხეთ–ჯავახეთში, ის შეუსწავლელია და ფაქტის კონსტატაციას არ სცილდება (მესხეთ–ჯავახეთში ჭონას არსებობის ფაქტის მიუხედავად, სიმღერის ჩაწერა არ მომხდარა, ამიტომ მასზე მსჯელობა არ შეგვიძლია). არადა, ქართლურთან ერთად იმერული „ჭონაც“ მაღალმხატვრული ღირსების მატარებელია, მასა აქვს კულტურულ–ისტორიული მნიშვნელობა ამდენად, მეტად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სიმღერა–საგალობელ „ჭონას“ მეცნიერული შესწავლა, მისი ძირების მოძიება, ქართლურ „ჭონასთან“ მიმართება და მსგავსება–განსხვავების ნიუანსების ზუსტი დადგენა. იმერულ „ჭონასთან“ დაკავშირებით ერთი საინტერესო გარემოებაა აღსანიშნავი: ეს სიმღერა გვხვდება მხოლოდ ზემო იმერეთში და უცხოა ქვემო იმერეთისათვის, რაც ერთი მუსიკალური დიალექტის ფარგლებში საკმაოდ იშვიათია. ის ფაქტი, რომ „ჭონა“ ფართოდაა გავრცელებული ქართლშიც, ბუნებრივად წამოჭრის კითხვას: რა ურთიერთმიმართებაა ქართლურ და იმერულ „ჭონებს“ შორის?
ანალიზი ცხადჰყოფს, რომ ქართლური და იმერული „ჭონების“ სოციალური ფუნქცია, შესრულების დრო და გარემო არსებითად იდენტურია, ხშირია სიტყვიერი ტექსტის დამთხვევაც.
რაც შეეხება წმინდა მუსიკალურ მხარეს, აქ მსგავსებასთან ერთად (შესავალი ნაგებობის არსებობა, „გავლენის სფეროების“ ორ სოლისტს შორის გადანაწილება, დეკლამაციურობა და სხვა), მრავალ სხვაობასაც ვხვდებით. სხვაობა განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს მელოდიურ აღნაგობაში. მეტრსა და რიტმში, მნიშვნელოვანწილად – ჰარმონიაშიც.
იმერული და ქართლური „ჭონების“ შედარება გვაფიქრებინებს, რომ ამ ორ მეზობელ კუთხეში ერთი სახელწოდებისა და ფუნქციის სიმღერის არსებობა არ არის რომელიმესგან სესხების შედეგი სესხების შემთხვევაში ნაკლები სხვაობა იყო მოსალოდნელი). სააღდგომო სიმღერის „ჭონას“ თანაარსებობა ქართლსა და მის მოსაზღვრე ზემო იმერეთში უძველესი დროიდან უნდა მომდინარეობდეს.

ნანა კალანდაძე
ხალხური შემოქმედებისა და კულტურის
რესპუბლიკური ცენტრის მეცნიერ–თანამშრომელი

კომენტარები (0)

ინფორმაცია
მომხმარებლებს ჯგუფიდან სტუმრები, არ შეუძლიათ ამ თემაში კომენტარის წერა.
მაისურაძეთა საგვარეულო კავშირი