ვარჯი

ვარჯი


ვ ა რ ჯ ი
ვარჯი – ულამაზესი ქართული სიტყვა, სიძველისა და გარდასულის სურნელშეფრქვეული... საბასეულ „სიტყვის კონაში“ იგი ხედ, მშვენიერ რტოდაა განმარტებული

ხმალო, ხევსურეთს ნაჭედო
ქართული კულტურის საგანძურში ერთ–ერთი გამორჩეული ადგილი უკავია ხევსურეთს: ხევსურული ფენომენი იმდენად საინტერესო და მრავალგვაროვანია, რომ დღესაც შესწავლის საგანს წარმოადგენს და რაოდენ დასანანია, რომ ამ მხრივ ჯერ კიდევ ცოტა მასალა მოგვეპოვება, თუ არ ჩავთვლით პროფესორ სერგი მაკალათიას შრომებს, რომელიც ხევსურეთის ყოფის, ტრადიციებისა და ადათ–ჩვეულებათა შესწავლის მეტად მნიშვნელოვანი მაგალითია.
საინტერესოა ხევსურთა სამხედრო–ფიზიკური აღზრდის პრობლემები, რომელიც გამორჩეულ სკოლას წარმოადგენს, როგორც ქართველ მთიელთა, ისე ბარის ქართველთა ადათ–წესებში. ამდენად, მათი ცოდნა ქართველ მოზარდთათვის აუცილებელია და ბევრი რამ დღევანდელ პირობებში ცხოვრებაში დასანერგიც გახლავთ. საუბარია ხევსურთა მიერ მოზარდთა აღზრდაზე, მათი ზნეობრივ–მორალური სახის ჩამოყალიბებაზე, რომელსაც ხევსურები ოდითგანვე დიდ ყურადღებას უთმობდნენ.
ხევსურეთში მოზარდთა აღზრდა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში სხვადასხვაგვარი იყო, მაგრამ ძირითადად უნდა მიღწეულიყო ის, რომ ხევსური, პირველ რიგში, საარაკოდ მამაკაცი უნდა ყოფილიყო, რომელიც პირობითი ტერმინით „ვაჟსიმამაცე“ აღინიშნებოდა, გარდა ამისა, მოზარდში უნდა გამომუშავებულიყო სიკვდილის არმოშიშობა. მეგობრისადმი ერთგულება. /მოკეთესთან მოკეთეობა/ საკუთარი ღირსების შეგნება. თავმომწონეობა და წმინდა ადგილებისადმი თაყვანისცემა /ხატღმერთთა მორწმუნეობა/. ხევსური ვალდებული იყო გულუხვიც ყოფილიყო (პურადობა). უნდა სცოდნოდა საკუთარი ეთნოსის გმირული ისტორია, თავადაც უნდა გამოეთქვა ლექსი თუ თქმულება /ლექსობა/, რომელიც ვაჟკაცური ქცევის, სიყვარულისა და თავდადების თემებზე უნდა ყოფილიყო აგებული. რაც მთავარია, ხევსური კარგი მოსაუბრე უნდა ყოფილიყო (კითხვა–პასუხიანობა), სადაც გამორიცხული იქნებოდა ბილწსიტყვაობა, ყიამყრალობა და სხვა. ასეთი იყო ქართველი მეომრის იდეალი, რომლისთვისაც ხევსურები არაფერს იშურებდნენ. ცნობილია, რომ ხევსურებმა ქართველთა მიერ წარმოებულ ყველა თავდაცვით ომებში მიიღეს მონაწილეობა და არსად არ შეურცხვენიათ თავი. ამის მაგალითად სამასი არაგველის თავდადებაც კმარა, რომლებმაც, ყველამ, როგორც ერთმა, მტერს შეაკლა თავი. უკვე აღვნიშნეთ, რომ ხევსური ბავშვის სამხედრო–ფიზიკური აღზრდა 5–6 წლის ასაკიდან იწყებოდა და სრულყოფილება 15–16 წლის ასაკში მიიღწეოდა. ფიზიკურ ვარჯიშებში შედიოდა სირბილი, ხტომა, ხეზე თუ კლდეზე ცოცვა, ბექობიდან გადახტომა და იქიდან სწრაფად ამოცოცება. ყოველივე ეს გაბნეული იყო ხალხურ თამაშობებში, რომლებსაც ასეთი დასახელება ჰქონდათ: „წიგნის თამაშობა“, „ლახტი“, „ქუდმოურავობა“, ცოლთკეციობა“, „თვალჭიდაობა“, „ბატებო, მადით“, „ჯვარი მოვთა“ და სხვა. ხალხურ თამაშობებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა რიტუალურ–რელიგიური ხასიათის თამაშობებს, ისეთს, როგორიცაა ბრძოლა დროშისათვის, რომელსაც „დროშიტაციაობა“, „დამფაობა“, „ახია–ბახია“ ან „კიკიაობა“ ეწოდებოდა. ხევსურს უნდა სცოდნოდა, აგრეთვე, ცეკვა და ფანდურზე დაკვრაც და საგმირო სიმღერების შესრულებაც, მაგრამ ყოველივე ამათ შორის ხევსურის უმთავრესი საზრუნავი იყო ფარიკაობის ხელოვნების შესწავლა და სრულყოფა. მიზანში სროლა და ჯირითობა. საოცარ სურათს წარმოადგენს ხევსურული დოღი და დამრეცი ფერდობიდან ცხენით სწრაფად დაშვება. ბავშვები ფარიკაობას, როგორც უკვე ვთქვი, 5–6 წლის ასაკიდან იწყებენ, ამისათვის მათ ხის ხმლები და დაწნული ფარები ეძლეოდათ. მოზარდები დღის განმავლობაში ფარიკაობაში დამოუკიდებლად ვარჯიშობდნენ. მოსაღამოვებულს კი, როცა შრომისაგან თავისუფალი უფროსები „საფიხვნოში“ იკრიბებოდნენ, მოზარდები მათ თავიანთ ხელოვნებას უჩვენებდნენ, იღებდნენ შენიშვნებს და უფრო და უფრო ხვეწდნენ საფარიკაო ხელოვნებას. „საფიხვნო“ თავისებური კლუბი იყო, სადაც ზამთრის დღეებს ატარებდნენ და სადაც ქალებს შესვლა სათსტიკად ეკრძალებოდათ. „საფიხვნოში“ ანუ იგივე „ფეხონში“ წყდებოდა პოლიტიკურ–საზოგადოებრივი საკითხებიც. მტერზე თავდასხმისა თუ თავდაცვის პრობლემები, იმართებოდა „ლექსობა“, „კაფიაობა“. მსჯელობდნენ სამეურნეო საკითხებზეც და, რაც მთავარია, ამზადებდნენ ტყვია–წამალს. თავად ხევსურულ ფარიკაობაში უნდა გამოვყოთ „კეჭნაობა“, რომელიც ერთგვარი ვარჯიში იყო, რომლის დროსაც შესაძლებელი იყო მოწინააღმდეგის მსუბუქი დაჭრაც. კეჭნაობის დროს ხევსურისათვის სასტიკად იყო აკრძალული გაცხარება, წყობიდან გამოსვლა. თუ ეს მოხდებოდა ხევსური ისჯებოდა, უფრო სწორად, ჯარიმდებოდა უმეტესად საქონლით. „კეჭნაობა“ ხელს უწყობდა ნებისყოფის, გამძლეობისა და საზრიანობის გამომუშავებას. ხევსურისათვის ჰუმანურობის გამოჩენაც არ იყო უცხო. ლაშქრობაში, თუ სხვაგან იგი თან დაატარებდა პატარა საველე აფთიაქს, რომელიც დოლბანდისა და მალამოსაგან შედგებოდა. ხევსური ვალდებული იყო მტრისთვისაც კი, რა რჯულისაც არ უნდა ყოფილიყო ემკურნალა, ჭრილობაზე მალამო დაედო და დოლბანდით შეეხვია.
ეს თემა უსასრულოა, ამიტომ ჯერჯერობით, თხრობას აქ შევწყვეტ, ხოლო მოზარდებს ვურჩევ ყურადღებით წაიკითხონ სულმნათი ვაჟა–ფშაველას პოემები: „ალუდა ქეთელაური“ და „ძაღლიკა ხიმიკაური“, სადაც უდიდესი მხატვრული სიძლიერით არის გადმოცემული ხევსურთა ზნე–ჩვეულებანი, მათი ერთი შეხედვით პირქუში, მაგრამ ძალიან ვაჟკაცური და ყველაფერში მისაბაძი ხასიათი.
ოთარ ფანსკერტელი–ციციშვილი
ხალხური შემოქმედების სამეცნიერო
მეთოდური ცენტრის მეცნიერ–თანამშრომელი

კომენტარები (0)

ინფორმაცია
მომხმარებლებს ჯგუფიდან სტუმრები, არ შეუძლიათ ამ თემაში კომენტარის წერა.
მაისურაძეთა საგვარეულო კავშირი